მთავარი » 2016»ოქტომბერი»15 » ალექსანდრე შურღაია - რა მარტივად დავიბადეთ ... / aleqsandre shurghaia - ra martivad davibadet ...
6:50 AM
ალექსანდრე შურღაია - რა მარტივად დავიბადეთ ... / aleqsandre shurghaia - ra martivad davibadet ...
რა მარტივად დავიბადეთ და რა რთულად განვითარდა მოვლენები. ჯერ იყო და არაფერი არ იყო, მერე იყო და ყველაფერი ერთად დაგვატყდა თავზე. გავაღეთ თვალები და ახლადაბადებულის სისველე ენით ავილოკეთ ტანზე,ვერ დაველოდეთ ცხოვრება როდის გაგვაშრობდა. მერე ავდექით, გადავწყვიტეთ სიარული თვითონ გვესწავლა, და საკუთარ თავს ვუყურებდით სარკიდან, არ წაქცეულიყო. ვფიქრობდით ღირდა თუ არა ლაპარაკის დაწყება. “აგვიანებსო“ ნერვიულობდნენ მშობლები ჩვენზე. ჩვენც გავრისკეთ და ვთქვით პირველად სიტყვა- „დედააა მიწა“ და წავიქეცით მშრალ მიწაზე და სველი თვალებით ავხედეთ ცას.. გავხდით სხივები და მზე ჩაგვიჭრეს. გავხდით ქარები და ტყე გაკაფეს. გავხდით ზღვები და წყალი დააშრეს. გავხდით სიზმრები და ძილი გაგვიქრეს, გავხდით ოცნებები და ფანტაზია წაგვართვეს. გავხდით ადამიანები და ვერავისთან ვერაფერს გავხდით, და ბოლოს ჩვენც გავხდით, დავვიწროვდით, დავპატარავდით, გავძვალტყავდით და ჩვენ ქამრებსაც მოუწიათ წელზე მოჭერა, და ჩვენს პერანგებსაც მოუხდათ ბნელ შარვლებში ჩატანიება და ჩვენს შარვლებმაც წყვილი ტოტი აიკაპიწეს, და ფეხსაცმლებშიც სივრცეები გათავისუფლდა.. მოვიწყვეთ სახლში სალოცავი, პატარა კუთხე და ჩამოვკიდე ლოცვების გვერდით საქართველოს რუკა, ხატივით, მერე დავიწყეთ: დიდება მამასა და ძესა და წმინდასა აფხაზეთსა ჩვენსა და ამინ-ამდე მოვიხსენიეთ ორი წმინდანი გაგრა, ბიჭვინთა. გამოვედით გარეთ და ქალაქი იდგა როგორც დედა და ერქვა თბილისი. დაფეთებული, ოფლიანი, ყვებოდა სიზმარს, როგორ მოზდევდნენ დევები და როგორ გაიჭედა გვირაბში როკის. არაფერიია-უთხრეს და გაიარეს. წყალს მოუყევიო- უთხრეს და გაიცინეს. და გაიცინა იმან ვინც პირველი გაიცინა, ხოლო ბოლოს კი მხოლოდ ცრემლია მიწასავით მშრალი, თაფლივით ბლანტი, და ოქროზე ბრჭყვიალა. დავასაფლავეთ მეგობრის მამები და გავიგეთ მამების ფასიც. ამოვაჭერით მკერდიდან სიმსივნე მეზზობლის დედებს და მაშინ დავიწყეთ საკუთარ დედებზე ნერვიულობა. ქვეყანა კი ნელ ნელა წელში მოიხარა, პაპაჩემივით. ჩაწვა ლოგინში და ფეხივით მოკვეთეს ცალი ქალაქი, მეზობელმაც ისარგებლა ავადმყოფობით, მოარღვია სახლთან ჭიშკარი და ათას რაღაც იარდი თუ ადლი გადმოწია საზღვარი ჩვენსკენ. და გამხდარი, პარალიზებული, ცალ ფეხ მოჭრილი ჩვენი ქვეყანაც ცარიელი სადარბაზოღა დარჩა. ალაპარაკნდენ მუნჯები ყველაფერზე, გადაიფურთხეს და ისევ ჩააბრუნენ სიტყვა პირში. მოისმინენ ყრუებმა და ისევ სმენა დაიხშეს. ნახეს სინათლე ბრმებმა, თვალებს ცრემლები მოწველეს და ისევ დახუჭეს თვალები . გავყავით თხილიც თორმეტ ძმაზე და ის ცხრა დანაყრდა, შევცვალეთ თითქმის ყველაფერი გარდა თავების, ვისწაცვალეთ ყველა ფიზიკის კანონები და ღმერთის მცნებანი არ წაგვიკითხავს. დავიწყეთ ხატვა და მხოლოდ ნანგრევების დახატვა შევძელით, გავხდით პოეტები და გავამართლეთ სუიციდი, გავხდით მშობლები და ვეღარ ვი-სამშობლო-ეთ, ვიფდექით ქარში და დავსველდით, ვიყვირეთ „თავისუფლება“ და უფლებები წაგვართვეს, მხოლოდ წარსულზე შემოგვრჩა რეტროსპექტივა, რომ რა მარტივად დაიწყო ყველაფერი და რა რთულად განვითარდა ყოველივე.
ალექსანდრე შურღაია
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..