Загрузка...
გურამ ჯახუტაშვილი - სანამ შენ გძინავს / guram jakhutashvili - sanam shen gdzinavs - 22 აპრილში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:30 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » აპრილი » 22 » გურამ ჯახუტაშვილი - სანამ შენ გძინავს / guram jakhutashvili - sanam shen gdzinavs


7:11 PM
გურამ ჯახუტაშვილი - სანამ შენ გძინავს / guram jakhutashvili - sanam shen gdzinavs
სანამ შენ გძინავს, გესიზმრება შენი სიცელქე,
შენი სიზმრების შენობაში,
უტიფრად,
ქვედა
სართულებიდან უნებართვოდ შემოგიწექი
და რამდენიმე კადრის გარდა
იგივეს ვხედავ:

ნაბალახარი ველებია ყველგან,ყვითელი,
კომშის ბაღების სიმწიფეში აცეცებ თვალებს,
რომ უნებურად,
მიწოლილი,
არ გადათელო
სადმე კომშივით მოკბეჩილი ნახევარ-მთვარე.
მხარზე ჩანთებით
დაატარებ უკვე დაკრეფილ
ხორკლიან ატმებს და ალაგებ იმ ფიჭვის ძირას,
სადაც დაღლილი წერო მოდის და ფეხაკრეფით
ჯდება და მაღალ კენწეროზე დილამდე სძინავს.

გავცდეთ ბავშვობას...
გესიზმრება როცა სიდიდე,
სხეულის როცა, შესამჩნევი, გეტყობა ფორმა,
(რაღა მიწაზე გადავმხტარვარ სადმე ხიდიდან
ან თვალახვეულს შემხვედრია ქუჩაში ორმო)
ისე მეცლება,
მეკარგება
ფეხქვეშ სიმყარე,
ვერ ვიმორჩილებ შუბლის უკან მოგროვილ შიშებს,
ასე მგონია,
შენ კი არა, მთელი სამყარო
წასწრებულივით მაკვირდება და ხელებს მიშვერს.

გავცდეთ სიდიდეს...
უტიფარი და მაინც მორცხვი,
შენი სიზმრების სიშიშვლეში ვერ ვთოკავ განცდებს
და თუმცა ზურგის ჩაყოლებას
თითებით ვფოცხავ,
მოდი, ამ ასაკს
ცოტა ხანი შევეშვათ, გავცდეთ.

ალბათ, სიზმარშიც ვერ იქნები
გარეშე ღმერთის,
მე მოთარეშე შენს ხილვებში იგივეს ვფიქრობ,
მაგრამ ამ ფიქრებს,
როგორც წესი, ცოდვებიც ერთვის
და გადარეულ სამყაროში
ჩვენივე მიკრო,
ჩვენივე მკაცრი სამყაროა ცოდვის მოსურნე
და არასოდეს დასასმელი კითხვაც - კითხვაა,
მაგრამ,
როდესაც შენობაში ვარ შემოსული
ასე უტიფრად,
უნებართვოდ,
დაუკითხავად,
ვერაფრით ვკინძავ ძველ შეკითხვას და ისიც მიჭირს,
დავტოვო შენი სამოსახლო - სიზმრის ნაწყვეტი,
თუმცა, აქამდეც
რომ მქონოდა მე წასვლის ნიჭი,
თავს ამ სიზმრებში ძრომიალით არ შეგაწყენდი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1235 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ჯახუტაშვილი გურამი, jakhutashvili gurami, ლექსები, პოეზია, jaxutashvili guram, guram jaxutashvili, გურამ ჯახუტაშვილი, guram jakhutashvili | რეიტინგი: 2.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0