მთავარი » 2018»მარტი»15 » ალექსანდრე შურღაია - უთხარით ყველას / aleqsandre shurghaia - utkharit kvelas
2:38 AM
ალექსანდრე შურღაია - უთხარით ყველას / aleqsandre shurghaia - utkharit kvelas
როცა მოთმინება საბოლოოდ პიკს მიაღწევს და ბოლო ნერწყვი მშრალად გადაცდება სასულეს, ადექი და თქვით: უთხარით-შეყვარებულს,რომ რახანია მისი იმიჯი არ მოგწონთ, რომ მის თმას ღია ფერი არ უხდება, რომ ეს გრძნობებიც ხუნდებიან ერთ მშვენიერ დღეს, რაღაც თუ არ იმოქმედე,რაღაც თუ არ შეცვალე. რომ ეს წუწუნი უკვე ხასიათში გადაუვიდათ და რომ ხასიათს ყოველ დილით თმებივით ვერ შეისწორებენ.
უთხარით -მშობლებს,რომ მიუხედავათ მათი დიდი ამაგისა და ჯაფისა და ა.შ,თქვენ მაინც თქვენი ცხოვრება გაქვსთ და იმ შიშისფერი წარსულიდან ლურჯი მომავლისკენ მიდიხართ, რომ ოჯახს გულის (ანუ თქვენი ნებით) შექმნით და არა მათი. რომ სასწავლებელს და პროფესიას საკუთარი ნებით აირჩევთ და თუ ეწყინათ უთხარით,რომ სჯობს ახლა ეწყინოთ ვიდრე სიბერეში, სანამ ერთიანად დაგროვილი სათქმელი ნამსხვრევებივით არ გადმოგცვივათ პირიდან საყვედურის სახით და მათ გულებზე აირეკლებიან.
უთხარით-მამაოებს, სუსტებს და გამხდერებს,წელშიმოხრილებს,ფეხითმოსიარულეებს მხოლოდ და მხოლოდ აღსარებები, ხოლო მსუქნებს,მაძღრებს და ჯიპზე შემომჯდარებს მიდით და რაც გინდათ ის უთხარით, რამე თუ თქვენი ცარიელი ჯიბე ვერაფრით გამოკვებავს ათასობით მშიერ ოჯახს ვიდრე მათი ასი ათასად შეფასებული "ლენდ კრუიზერი".
უთხარით-სამშობლოს. არა კი არ უთხრათ შეუყვირეთ, ან უფრო სწორად ყურში ჩაჩურჩულეთ,რომ მის თავზე მიიღოს და მიხვდეს,რა რთულია უმუშევარმა ზარდო შვილები, ან მეუღლესაც არ შეუხორცდეს ძველი კაბა ტანზე სამუდამოდ. რომ აღარ წერო სამფეხა სკამივით მორყეული ლექსები: თავის გატანაზე, შიმშილზე, ან ერთხელ და სამუდამოდ საერთოდ აღარ წერო ლექსები.
უთხარით-ღმერთს,რომ ის არსებობს, რომ არ არსებობს სხვა გზა და ხსნა გარდა მისი არსებობისა, რომ არ მოდუნდეს,არ ჩათვლიმოს, რადგან მე მესმის თუ რა რთულია მეცხვარემ მრავალრიცხოვანი ფარა ერთნაირი ორიენტაციით დაიცვას მტაცებელისგან, უთხარით,რომ ლოცვებს თქვენით იგონებთ და რომ სიგარეტის გადაგდებაც დაგენანათ ტაძართან პირჯვრის წერისას. უთხარით-საკუთარ თავებს,რომ ყოველ ღამე როცა სარკეში თავს მოღუშულს ვხედავთ გადაღლად ნუ აღიქვამენ, ეს გროტესკია, რომ მთელი დღის ცოდვებს ღამე ვიმკით მოსავალივით. და თუ ამ სიმართლის გამო,მაინც ანათემას მიმცემენ, თქვენ არ შეშინდეთ, ადექით და ეს ლექსი ყველას უთხარით.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..