გამბედაობა ხმის ამოსაღებად,
როდესაც სათქმელი არ გაქვს
და ეძებ სიტყვებს გამოხატო შენი სულიერება,
რომ იქნებ ვინმე იპოვო შენი მსგავსი.
ჩემდაუნებურად ვუცრუებ იმედებს
საკუთარ თავს,
მაგრამ სხვას ვუსრულებ ნებისმიერ დანაპირებს.
უძილობა.
შიში სინათლის.
ღამის ქუჩების ყოველდღიურად ხელახლა დაზეპირება
და დამეგობრება.
სონლაქსი და ბაკლოსანი - რელაქსაციისა და ძილის მოსაყვანად.
ნატრიუმის თეოპენტალი - ფობიების მოსაკლავად.
შიში ოთხ კედელში ჩაკეტილობის
და გარეთ უმისამართოდ ბოდიალის.
შიში საკუთარი ჩრდილის.
ლოცვის ნაცვლად სიგარეტით დაწყებული დილა.
ყავის ნაცვლად მძიმე ჩაი,
სადაც მისი გახსენებისას, ვიყრი სამ კოვზ შაქარს.
არ მშველის.
თვითმფრინავში სიკვდილის შიში
და ავტობუსით გადალახული საზღვარი,
რომელსაც აქამდე ვერ გავცდი.
არ მშველის.
პარკში ჩიტების ჭიკჭიკი
და მდინარის შენაკადით შექმნილ ტბაში ქვების სროლა.
ბალახსა და ქვებზე ჯდომა.
და მედიტირება.
გარშემო არავინ.
არ გშველის.
სიგიჟე მარტოობის დასაფარად
და ვარსკვლავები შენს დასამშვიდებლად.
არ გშველის.
ვიპოვოთ ერთმანეთი
და ვეძებოთ ერთად გამოსავალი.
უფსკრულში მიმავალ გზაზე ხელის აწევით მისალმება,
უცხო ადამიანის,
რადგანაც ხვდები,
რომ სხვადასხვა გზებმა ორივე ერთ წერტილში მოგიყვანეს.
როდესაც სიჩუმეს ეჯიბრები
და ვერ უძლებ,
წამოიყვირებ რამეს და აგებ.
კორპუსის ქვედა კუთხეში წარწერა
"sorry, mom, i'm useless."
არაფერი არ ვიცი..
უბრალოდ მწამს, რომ ეს მიაწერა,
ერთ პატარა დეპრესიულმა გოგონამ,
რომელმაც ვერ იპოვა საკუთარი გზა ცხოვრებაში.
რამდენჯერაც მხვდება ეს წარწერა,
იმდენჯერ მსურს მისი დამშვიდება
და ჩახუტება.,
რადგანაც ვგრძნობ რაღაც საერთოს.
მინდა მას არ დავაკარგვინო იმედი,
და მივცე ნდობის უნარი,
რომელმაც შესაძლოა დააკარგვინა ქალწულობა,
დაუსერა მაჯები,
აღვრევინა ცრემლი.
დაცემული მინდა წამოვაყენო
და მივცე ნაბიჯის გადადმის ძალა.
დავუკარგო შიში მეორე დღის
დავაჭერინო ხელში ნეკერჩხლის ფოთოლი
და დავხატო.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|