5:00 PM ბაჩო ზაქაიძე - გულიანად ვჩერდები / bacho zaqaidze - gulianad vcherdebi
|
ცხოვრებაში უამრავი მინახავს,
გამილია სიცოცხლის დრო წამებმა,
ეს საწუთრო კიდევ ათასს ინახავს,
სიამოვნებს ცოდვილების წამება.
არ ბეზრდება ბოროტების შენება,
გამეტებით მომახურა მარაზმი,
არც განიცდის დამიბერა მშვენება,
აღარ დამრჩა არაფერი ლამაზი.
მოგიზგიზე ცეცხლი ფერფლად გამიხადა,
გამიმეტებს ზედ შემაწმენდს ტალახებს,
ბავშვის სახე უსირცხვილოდ გაიხადა,
თავის სხეულს ჩემს სარკეში მანახებს.
ბავშვობისკენ უდარდელად გადამტყორცნის,
ოცნებებად დამაბრუნებს სიყრმეში,
ამომათრევს კვლავ სიბერით გადამკოცნის,
ჩამაძეგლებს ჭაღარების სიღრმეში.
შემაშინებს, მტანჯველ სენებს მომახვევს,
დამადუმებს, ძლივს ამომდის ბგერა,
გამაშეშებს, ტკივილს თავზე დამახევს,
დაუწყია ჩემი სისხლით წერა.
მფეთქავ გულზე გადაწყვიტა სიარული,
დამისახა მიზნად გარდაცვალება,
არ მაცალა შებღალული სინანული,
მომაკუთნა ჭირით დამარცვალება.
ეღიმება, სიკვდილის ფრად ეღიმება,
რას ინებებთ საბოლოო სურვილად,
აგისრულებ თუკი რამედ ეღირება
და გაგაქრობ ამ სოფლიდან სრულიად.
სურვილები ჩემზე მძიმედ მივიჩნიე,
ვერ ავარჩევ, სხვებზე გული დამწყდება,
ერთი აზრი სიყრმიდანვე მივიჩვიე,
გულის კედლებს ტკივილად რომ აწყდება.
ჭიქა ღვინო მომიტანე უკეთურო,
მსურს დავლოცო მასპინძელი ხვალისა,
მეც უდროოდ მოგეწიეთ უბედურნო,
ზეცა მელის, ანდა ყლაპვა კვამლისა.
განა მათზე შეჩერება შეიძლება?
უძლური ვარ ამ ერთ ჭიქას ვჯერდები,
მალე ხორცში სიკვდილები შემიძვრება,
სიცოცხლეს ვსვამ გულიანად ვჩერდები.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1583 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, bachana zaqaidze, b.zaqaidze, პოეზია, ლექსები, leqsebi, bacho zaqaidze, ბ.ზაქაიძე, ბაჩანა ზაქაიძე, ბაჩო ზაქაიძე
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|