ზამთარი იდგა მთაში და ხევებში ქარი ღმუოდა, დაობლებული მგლის ლეკვი ბრაზმორეული ყმუოდა . . . მამიკლეს მშობელ ტივლებმა, კაცმა და მისმა მურიამ; გამჩენის სისხლს არ შავარჩენ, შურისძიება მწყურია!!! მეც იმის კვალზე გავყვები, არც მე მოვიბავ საბელსა, კაცს ფეხქვეშ არ გავეგები, არ ვიზავ არა საქნელსა. არ გავუხარებ საქონელს, ცხვრებსაც დავაჭრი ყელებსა, ჭედილებს გამოვუფატრავ, ბატკნებს ვუტირებ დედებსა! . . . მიმოდიოდნენ ღრუბელნი, მთვარე ხანდახან ჩნდებოდა. დაობლებული მგლის ლეკვი ყმუილით იქადნებოდა : ძაღლად არასდროს ვიქცევი, კაცის დარაჯი, მცველია. არ შევჭამ სხვისა ნარჩენებს, თუნდ ტყვია მამხვდეს ცხელია. არასდროს არ გავიწვრთვნები, არ გავიზრდები ჯაბანი. მგლების კანონებს გავყვები, იამაყებენ პაპანი. თავს არვის არ მოვუდრეკავ, რადგან ცხოვრება მგლურია! და თუ ამ წესებს გადავალ, მაშინ გავხდები მურია. ზამთარი იდგა მთაში და ხევებში ქარი ღმუოდა, დაობლებული მგლის ლეკვი სიბრაზისაგან ყმუოდა . . .
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..