Загрузка...
ბექა ახალაია - ამ ვალმოხდილი ფოთლებისთვის / beqa akhalaia - am valmokhdili fotlebistvis - 6 დეკემბერში 2013 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:02 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » დეკემბერი » 6 » ბექა ახალაია - ამ ვალმოხდილი ფოთლებისთვის / beqa akhalaia - am valmokhdili fotlebistvis


5:06 PM
ბექა ახალაია - ამ ვალმოხდილი ფოთლებისთვის / beqa akhalaia - am valmokhdili fotlebistvis
თუმცა ამითი არაფერი დამთავრებულა,
და მე ეს ვიცი,
რომ ამჯერადაც არაფერი დამთავრებულა,
მაგრამ სხვაგვარად ხდებოდა ადრე,
ქარი სამხრეთით ჩემი ზეცის ღრუბლებს მიდენის,
და ფიქრით მიმაქვს სტრიქონები, ზუსტად იმდენი,
შესამოსელად რომ ეყოთ ჭადრებს.

რა მსუბუქი ხარ – რა გიშველო – და რა დღემოკლე,
პეპელასავით,
რაც მსუბუქია, ყველაფერი არის დღემოკლე,
და სხვის ჭკუაზეც ადვილად დადის,
ნუ ჩავარდები მდინარეში, თორემ გალღვები,
გამხმარ სხეულზე დაწყვეტილი შენი ძარღვები
მტკივა, ლანჩებქვეშ – ხრაშუნი მათი.

იქ, წყალზე, თევზი ეგონები, ალბათ, თოლიას,
და დაგაცხრება,
რადგანაც თევზი ეგონები, ალბათ, თოლიას,
აქ შენნაირთა გაყრია გროვა,
შენი დაწერა ძნელი საქმე სულაც არ არი,
მაგრამ დაწყება რთულია და მუდამ მთავარი,
ხოლო ფინალი თავისით მოვა.

ეს ცივი ქარი, ეს ოხერი, ზურგზე შეგისვამს,
და მე გილოცავ,
რომ ცივი ქარი, ეს ოხერი, ზურგზე შეგისვამს,
და მოგატარებს მოღუშულ კორდებს,
მეც დავესწრები გაფრენაში შენს ამ ნათლობას,
ხოლო მანამდე გადაგიხდი გულით მადლობას,
რომ ამჯერადაც ჩემი ხე მორთე.

დაგელოდები, ვიცი, ეს დროც მალე გაივლის,
შენც კარგად იცი,
დაგელოდები, ვიცი, ეს დროც მალე გაივლის
და შენს მშობელშიც ჩადგება წვენი.
სანამ მოათრევს ციმბირული ზამთარს ლაიკა,
მოშიებული მიწა შეგჭამს, – სულს კი დაიბამს,
მაგრამ ვერასდროს გაძღება შენით.

ჩემი გული ხარ ერთ–ერთი და ხელში მიჭკნები,
და ამას ვხედავ,
ჩემი გული ხარ ერთ–ერთი და ხელში მიჭკნები,
ვერ მემსახურე – და გმადლობ – მეტ ხანს,
ყველგან, ყველასთან და ყოველთვის ვამბობ სულ იმას,
რომ, ყოველ ზაფხულს, ათასობით მწვანე გული მაქვს,
ათასობითვე ერთბაშად ფეთქავს.

და სათითოდ მწყდება გული, როცა დრო მოვა,
და ამას ვხედავ,
რომ სათითაოდ მწყდება გული, როცა დრო მოვა,
ამ უკანასკნელს თავისი მიაქვს,
მე, დაკვნეტილი ტუჩებით და სველი ღაწვებით,
ვერაფერს ვიზამ, ამჯერადაც ყურზე დავწვები
და ვერ გავიგებ შენს ბოლო შრიალს.

თუმცა ამითი არაფერი დამთავრებულა,
და მე ეს ვიცი,
რომ ამჯერადაც არაფერი დამთავრებულა,
და უნდა შევხვდე ყველაფერს მშვიდად,
ერთხელაც წავალ სანადიროდ, როგორც ესავი,
როცა დაღლილი წამოვწვები, ვნახავ, შენსავით
ბოლო ღმერთი რომ მოწყდება ციდან!






გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1865 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, fotlebi, beqa akhalaia, ბექა ახალაია, beqa axalaia, leqsebi, am valmokhdili fotlebistvis, ამ ვალმოხდილი ფოთლებისთვის, beka axalaia | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0