Загрузка...
ზვიად რატიანი - მიმღერე შენი უკუღმართი იავნანა/ zviad ratiani - mimghere shen ukughmarti iavnana - 3 ივნისში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:40 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ივნისი » 3 » ზვიად რატიანი - მიმღერე შენი უკუღმართი იავნანა/ zviad ratiani - mimghere shen ukughmarti iavnana


8:47 AM
ზვიად რატიანი - მიმღერე შენი უკუღმართი იავნანა/ zviad ratiani - mimghere shen ukughmarti iavnana
მიმღერე შენი უკუღმართი იავნანა, შვების სიმღერა
მათთვის, ვინც მხოლოდ დილისპირზე ბრუნდება სახლში
და ვიდრე ღამე მზის სხივებით არ აიმღვრევა -
ვერ შელევია მის წმინდა და სევდიან ნახშირს.
ვინც უკეთესი ვერაფერი ვერ შეძლო, ვიდრე
ღამის ხიდიდან ჯოჯოხეთში ვარდნაა; და ვინც
მზის პირველ სხივებს, როგორც ფილმის მოსაწყენ ტიტრებს,
ისე აჰყურებს. ვისაც სძულს და ვერა თმობს მაინც
თუნდაც ერთ წარსულს, უმახინჯესს. ჰოდა მიმღერე
შენი ხმამწარე იავნანა - მათთვის, ვინც ღმერთზე
მხოლოდ ის იცის, რომ ახლოა, და ვერ იყენებს
მისკენ მიმავალ ვერცერთ რწმენას, არადა ეძებს.
მიმღერე შენი იავნანა, მიმღერე შენი
კანონგარეშე იავნანა მათთვის, ვინც ახლა
ღამენათევი და ნათრევი მიიწევს ქშენით
ცივი სახლისაკენ; იმისაკენ, რასაც ჯერ სახლად
ნათლავს და სჯერა, რომ იქ მაინც დახვდება სითბო,
რომელიც თუნდაც მხოლოდ სხეულს ჭირდება ჯერაც;
სჯერა, რომ სიკვდილს და სიყვარულს რაც უფრო ითმენ,
მით უფრო მშვიდად დაიძინებ. რატომღაც სჯერა.
(იმღერე მისთვის, ვინც თავისი ნახა საფლავი
და თითქმის გული აუჩუყა წარწერამ ნიშში.
სახლებს ანგრევენ, ზღვებს აშრობენ, ტყეებს კაფავენ,
მან კი ვერაფრით მოიკვეთა სიკვდილის შიში.)
მიმღერე შენი იავნანა, შვების სიმღერა
მისთვის, ვინც ლიფტის წითელ ღილაკს დილითღა აჭერს
და მერე სამჯერ წარმოიდგენს, როგორ იღება
ლიფტის კარი დ ვიღაც როგორ დაახლის სამჯერ
სახეში ტყვიას. ვინც საკუთარ გასისხლულ სახეს
და აყმუვლებულ ჭირისუფალ ძაღლებსღა ფიქრობს,
როცა კანკალით დილისპირზე სახლის კარს აღებს
და გაუხდელად მიეგდება; და რათა იკლოს
ძილგამძლე ფიქრმა, ყვავილს ხატავს ბალიშზე თითით
ან წარმოიდგენს, რომ დალია აბი საძილე,
ან თავზე საბანს წაიფარებს, ან კიდევ ითვლის,
ან ცდილობს, თავი მოუყაროს ლექსის ნაწილებს
და გრძნობს, რომ სისხლი თვალებიდან აღარ იღვრება.
აღარც ცრემლები. მხოლოდ შიში, დაღლა და შიში.
მიმღერე შენი უკუღმართი იავნანა, შვების სიმღერა
მათთვის, ვინც მხოლოდ დილისპირზე ეფლობა ძილში.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1601 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ლექსები პოეზია, პოეზია ლექსები, ზვიად რატიანი, ზვიად რატიანის ლექსები, zviad ratianis leqsebi, zviad ratiani, ზვიად რატიანის პოეზია, zviad ratianis poezia | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0