Загрузка...
ზვიად რატიანი - ოთახის ფიქრი / zviad ratiani - otakhis fiqri - 3 ივნისში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:01 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ივნისი » 3 » ზვიად რატიანი - ოთახის ფიქრი / zviad ratiani - otakhis fiqri


8:55 AM
ზვიად რატიანი - ოთახის ფიქრი / zviad ratiani - otakhis fiqri
1.
არ გიფიქრია, როგორ ისწავლეს
უტყვმა კედლებმა შენზე ტირილი.
არ გიფიქრია, როგორ დატოვეს
ძველი სიზმრები ჩემმა თვალებმა
და როგორ შევრჩი მე უშენობას,
როგორც დეკემბერს ხმელი ფოთოლი.

არ გიფიქრია, ღამის ოცნებამ
როგორ დახატა ჩემი ნიღაბი
და შემოდგომის გლუვ სიყვითლეებს
როგორ მიუგდო მისი სიჩუმე.

არ გიფიქრია...
შენ ჩემგან მხოლოდ
დასრულებულ გრძნობას ითხოვდი,
შენ მზა სიყვარულს სწოვდი ჩემს ძარღვებს
და არაფერზე, არაფერზე არ გიფიქრია!

და მეც მომქონდა შენთან ღიმილი –
ჩემი სახის სახეს რომ შერჩა –
ძველისძველი, შეუცნობი გაზაფხულიდან.

და მე ვმალავდი შენთან ჩემს თვალებს
და ჩემს თვალებთან
შენი ტუჩების გაშიშვლებულ ვნებას ვმალავდი.

სისხლი იწოვდა შენს სხეულს, სიტყვებს...
მე ვერ გხედავდი,
ბრმა ვიყავი და ვერ გხედავდი!

შენ უსახსოვრე ჩემს სიყვარულს ეს სიმარტოვე,
შენ გაიყინე ჩემს ძარღვებში გამთენიისას,
პირველად მხოლოდ შენ ტიროდი ჩემს გადარჩენას
და შენ გიყვარდი...

მე კი ვერცერთი შენი ნატვრა ვერ ავასრულე,
შენს ნაწვიმარ თმებს შევახოცე ჩემი ოცნება
და წავედი უახლოეს უშენობაში –
იქ, სადაც ჩემი სიმარტოვე უკვე მელოდა...
და ჩემს კეფაზე დიდხანს ლღვებოდა
შენი მზერის ბასრი ნამსხვრევი...

2.
ჩემი ოთახი:
სიმარტოვეში გარჩენილი
ჩემი წილი ცრემლი და ფიქრი.
ფიქრი – რომ მხოლოდ ფიქრში ხარ მარტო!

ქუჩა ჩემს მინებს
კენჭებივით ესვრის ხმაურს,
მე მენატრები!

შენი ნაჩუქარი საღამოები
სურათებივით ჰკიდია კედელზე.

ნელი ოცნების მღვრიე ტალღებმა
ჩემს ნაპირზე გამორიყეს შენი სხეული.
როგორც მაესტრო თეთრ კლავიშებზე –
შენს სველ მკლავებზე ვაწყობ თითებს
და გეფერები... წყდება ოცნება!

ხოლო ფიქრსა და ოცნებას შორის
ისევ იწყება გაგიჟება.
ისევ მოდიხარ,
ოღონდ მოყვები არა ტალღას,
არამედ ქარს!
ეს აღარაა მშვიდი ოცნება,
ეს ხდება ფიქრსა და ოცნებას შორის
და აქ იწყება სასოწარკვეთა:

გააფთრებით შენ ჩემს სულს ჰკოცნი...
მე ვიტანჯები!
და ჩემს სახეზე თითებით ვეძებ საკუთარ თვალებს,
ვეღარ ვპოულობ!
და შენ კი ისევ ჰკოცნი ჩემს სულს.
და მე ვეცემი...

გ ე ყ ო ფ ა!!!

შენ უსახსოვრე ჩემს სიყვარულს ეს გაგიჟება
და შენ გიყვარდი...

3.
მე ახლა მშვიდად ვათვალიერებ ჩემს სიმარტოვეს,
სადაც უშენობა
ერთი პატარა კუნჭულია დიდ სასახლეში
და ეს კუნჭული
ამ სასახლის საიდუმლო გასასვლელია!..

გამოფენა სხვაგან უნდა გადაიტანონ
და შენს ნაჩუქარ საღამოებს
უხმაუროდ ხსნიან კედლიდან.

მე კი ვწევარ ახლა მიწაზე
და ცას შევყურებ,
როგორც გიგანტურ გილიოტინას.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1193 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ლექსები პოეზია, პოეზია ლექსები, ზვიად რატიანი, ზვიად რატიანის ლექსები, zviad ratianis leqsebi, zviad ratiani, ზვიად რატიანის პოეზია, zviad ratianis poezia | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0