ვინ მიხვდება, რისი თქმა გინდა, როცა ყინვაში მშვიდად დგახარ და აუღელვებლად კანკალებ.
ორი დღით გამოვედი სახლიდან, არც ისე შორს ვარ, მაგრამ მერვე დღეა, უკან დასაბრუნებელ ფულს ვერ ვშოულობ.
ეგ არაფერი, ისიც საქმეა, სახლის გზა რომ გაქვს.
მხოლოდ ჩემმა ტკივილებმა იციან, სად, როგორ, ან ვისთან ვაღამებ დღეებს და ვათენებ ღამეებს, მათ არ სჭირდებათ არაფრის ახსნა.
ზოგჯერ, ცხოვრებაც ძილივით გიტყდება და მზის ამოსვლა ვეღარ გშველის.
ჩემი შარვლის ჯიბეები ჩემი სულივით გაღრმავდა და დაცარიელდა, ჩემი ხელებიც დიდი ხანია მათი ფსკერისკენ იძირება.
არ ვიცი, რომელი საათია, მაგრამ ვიცი რამდენი სიგარეტის ღერი დამრჩა, მობილურზე ხმა ისევ გათიშული მაქვს, სულ ახლახანს დაგემშვიდობე და ვცდილობ გავიხსენო, ბოლოს რაზე ვისაუბრეთ, რომ თუ დამჭირდა, დარწმუნდე, კარგად ვარ.
ქუჩაში მიმავალი, მხოლოდ ღამით თუ გაიგებ საკუთარი ნაბიჯების ხმას, მაგრამ ისინი აღარ გეტყვიან იმას, რასაც დღისიც გეუბნებოდნენ.
მიხვალ, ჩამოჯდები ბორდიურზე, ადგები და პირველი რასაც მოიმოქმედებ, შარვალზე აყოლილ მტვერს ჩამოიფერთხავ და როცა უნდა შემსუბუქდე და იგრძნო შვება, უცბად, გახსენდება, რომ ეს ქალაქი სავსეა ადამაინებით, რომელთა ტანჯვის წლები, მათ ბეჭებსა და ნეკნებზე დალექილი მტვრის ფენებით ითვლება, მათ ხელისგულებზე აღარ აქვთ სიცოცხლის ძაფები, ისინი მხოლოდ ხაზებია, რომელზეც შენი ქვეყნის უახლესი ისტორია წერია.
ჩემს სულში უფრო მეტი ტკივილია, ვიდრე ამ ქუჩებში მტვერი.
ეს ლექსიც გზაში იწერება, რომელმაც იცის საით მიდის, მაგრამ არ იცის სად წამიყვანოს.
სმენა არ მაქვს და გულში ვმღერი, უკვე ლოცვითაც ასე ვლოცულობ და თუ ადამიანებს არ ესმით ეს ხმა, შენამდე როგორ მოაღწევს ღმერთო.
არიან ტკივილები, რომლებიც მთის ყვავილებს ჰგვანან, ყოველგვარ ნიადაგზე რომ არ იზრდებიან, რომ ვერ ხარობენ და თუმცა როგორც მინდორი გვირილებით, ჩემი გული სავსეა მათით, მაინც არავინ მოდის მათ დასაკრეფად.
ადამიანები როგორღა გამიგებენ, ცხოვრებამ არ მიმიღო ისეთი როგორიც ვარ.
ღმერთო, ვერ დავიჯერებ, რომ შენც ისე უყურებ მომაკვდავ ადამიანს, როგორც მე ცას მომწყდარ ვარსკვლავს.
ადრე თუ გვიან, ეს ცხოვრება შემიხსნის მაჯებს, მაგრამ მან არ იცის, რომ ჩემი სისხლი სწრაფად აალებადია.
ჭვალი ისევ გულის მხარეს მადგას, მაგრამ გული დიდი ხანია აღარ არის თავის ადგილას. რა იქნებოდა, ყველა ნერვი ერთად დამწყდარიყო, თუ არ აპირებენ ჩემი ტანჯვის სამუდამოდ გაძლებას, რისთვის მაჭიანურებენ ასე, მაგრამ ვინ იცის, შეიძლება, ისინიც გმირის გამოჩენას ელიან.
ვეღარ ვოცნებობ, სიმწრით ვიღიმი და ჩემს თვალებში წამსკდარი ცრემლებისაგან დატოვებული ცარიელი ადგილები, ისევ ცრემლებით ივსება მხოლოდ.
ნეტა, სიხარული იმ სამ წუთიან სიმღერას ჰგავდეს, დამთავრებისას, უკან რომ ვახვევ, თავიდან ვრთავ და ვატრიალებ, დღეები, კვირები, თვეები ასე.
ადამიანების ცხოვრება კი არა, ვარსკვლავების ციმციმიც როგორი უსიცოცხლო იქნებოდა ერთმანეთის გარეშე.
სანამ სახლში ავალ, მინდა ვინმე ისეთი შემხვდეს, მიტოვებულ მფარველ ანგელოზს ჰგავდეს, გულში ჩავიკრა და ვუთხრა, რომ მიყვარს, რომ ბორდიურზე ყოველთვის იქნება ადგილი, გვერდით ვინმე ჩამოგიჯდეს, თუნდაც ქუჩის მეორე ბოლოში.
ლაშა მარგიანი
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..