Загрузка...
ქეთი სიხარულიძე - როის - 18 მარტში 2013 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 11:22 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » მარტი » 18 » ქეთი სიხარულიძე - როის


0:56 AM
ქეთი სიხარულიძე - როის
(ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე)

"შენი ლოცვისგან ხშირად ღმერთიც უნდა დაღალო"
როინ აბუსელიძე

ხშირად, როდესაც შემიჩნდება ფიქრი ღმერთივით,
რომ რომი არა, ბათუმია და მით უმეტეს,
გორგილაძეა ყველა გზა და ყველა ფანჯარა
და შენს ლექსებში პოეზია უფრო უმატებს,
ვიდრე წარღვნაში- წვიმა, ვიდრე ხალხში- რწმენები.
მერე ქენჯნაა,- გაიხედავ, მთელი სამყარო,-
რომ წინდებივით ირღვევიან ქუსლთან მცნებები
და ქარი არ ჩანს, ეს სინდისი ქარში გაფანტოს
და რჩები ასე.- ეს ზოგადად.
ისე გამოდის,-
ბოლოსდაბოლოს, ბილიკებიც მიდის ტაძრამდე...
თუ საერთოდაც მხრებით დაგაქვს ყველა კარიბჭე,
და შიგადაშიგ გზას მეჩეთი ისე ამთავრებს,
როგორც გოლგოთას- ჯვარცმა... მერე მრავალწერტილი.
წვიმა ფანჯრებზე ნერვიულად ხლართავს სუიციდს,
ლოცვა კარებთან მოგდომია თითქოს, ბედივით
და პოეზია გეჩხირება ყელთან ბურთივით.
მერე სამყარო იკეტება, ქარი-მრგვალდება,
და მონებივით თავდახრილი დგანან სიტყვები,
შენ ერთ-ერთ მათგანს ქალწულივით ხდი და აშიშვლებ
მერე სიშიშვლეს უკან კედელ-კედელ მიყვები.
ახლა საცაა ნაკუწებად დახევს თებერვალს
მარტი და ანუ ამინდია რძეში აჭრილი,
რთულდება, გწამდეს და ლოცვებით ქრისტე დაღალო,
თუკი გგონია, ჯვარს ეცვა და აღსდგა კაცივით.
ანუ ის სამი საუკუნეც გაკვეთილია,
რომელსაც ვყვებით, ვერა და ვერ დავიზეპირეთ,
და ჩაკეცილი წიგნი არის ახლა ცხოვრება,
(მუხლებზე გვიდევს), ჩვენს ხელშია,- გვრჩება იგივე
მაინც და მერე ქართველობა გვაწევს ტვირთივით,
რომელსაც მხოლოდ გვკიდებენ და ვეღარ ვიცილებთ
მხრებიდან. უფრო ვეჭიდებით სულს ხერხემალზე
და შიმშილივით კაბის კალთით ვღეჭავთ სინდისის
ხელისგულებში გამომწყვდეულ გამხმარ თავთავებს...
გზას კი არადა თვალს თითითაც ვეღარ მიაგნებ,
ისე ბნელდება...ბილიკებით მიდის ტაძრამდე
და უთქმელობით ჩამოწყვეტილ ლექსებს მიათრევს
ვიღაც...
...და როცა შემიჩნდება ფიქრი ღმერთივით
ან გვირაბებში უფრო ღრმად და მეტად შევდივარ,
ტანზე წყალივით გადავივლებ შენს პოეზიას
და ამ უღმერთო გამვლელებზე ერთით მეტი ვარ,-
ვგრძნობ.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1367 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, პოეზია, ლექსები, რითმები, leqsebi, sityvebi, პოეზიის საღამო, ritmebi, სიტყვები, poeziis sagamo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0