Загрузка...
შოთა იათაშვილი - ტანსაცმლის ოდა / shota iatashvili - tansacmlis oda - 31 ოქტომბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:06 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 31 » შოთა იათაშვილი - ტანსაცმლის ოდა / shota iatashvili - tansacmlis oda


8:05 PM
შოთა იათაშვილი - ტანსაცმლის ოდა / shota iatashvili - tansacmlis oda
არ შეუქმნია ღმერთს ადამიანი დედიშობილა.
ღმერთმა იგი ტანსაცმლით შექმნა.
საცვლებით, კაბით, შარვლით, წინდებით...
ადამიანი ტანსაცმლითაა ადამიანი....
როცა აცვია, სხვანაირად ფიქრობს, მეტყველებს,
სხვანაირად იღიმება, სხვანაირად უყვარს მოყვასი...
საკუთარი თავის სჯერა, საკუთარ თავს გრძნობს...
მხოლოდ ჩაცმული ადამიანი ართმევს ხელს ჩაცმულს,
მხოლოდ ჩაცმული ხატავს შიშველს,
მხოლოდ ჩაცმული მღერის "წინწყაროს" და ცეკვავს "ხორუმს"...
ადამიანი ღმერთმა ქუდით და ფეხსაცმლით შექმნა.
შექმნა თუნდაც პიონერის ყელსახვევით, შარფით, ჰალსტუხით...
კაცი ჩაცმულ ქალს უმიჯნურდება,
ჩაცმულს ჩუქნის ყვავილებს და პირველად კოცნის...
ქალიც შემოსილ მამაკაცს ეტრფის...
და საერთოდ, სიყვარული თუკი არსებობს,
ეს იმიტომ, რომ ადამიანს როდესაც ქმნიდა,
ღმერთს გარდერობი ჰქონდა მისთვის გამზადებული...
გარდერობში ქალისათვის იყო თავშალი,
იყო ჩადრი,
იყო კორსეტი...
მამაკაცისთვის - ანაფორა, ბუშლატი, ჩოხა...
ერთისთვის - კვართიც...
ადამიანი ღმერთს ჩაცმულიც და შიშველიც უყვარს,
მაგრამ მეტად უყვარს ჩაცმული...
ღმერთი არის ჩვენი პირველი ჭეშმარიტი დიზაინერი...
ერთხელ მოხდა: მეცნიერი აბაზანაში შიშველი იწვა
და სამყაროს ერთი კანონი აღმოაჩინა.
მაგრამ ეს ერთხელ.
ამის შემდეგ სამყაროს ახალ და უფრო ღრმა საიდუმლოებს
მეცნიერები შემოსილნი სწვდებიან ხოლმე...
ელექტრობა, ტელევიზია, ავიაცია თუ ინტერნეტი
ტანსაცმელმა გამოიგონა...
ტანსაცმელი გენიოსია!..
ტანსაცმელი წერს შედევრებს: ბატის ფრთით თუ კომპიუტერით...
ტანსაცმელი წმინდა წიგნებს წერს...
ტანსაცმელი წმინდანია,
ტანსაცმელი ესთეტია,
ტანსაცმელი ბრძენზე ბრძენია...
გამორჩეული ტალანტი აქვს თითოეულს:
მაგალითად, ტოგა არის ორატორი, ფილოსოფოსი,
პარიკი არის მეცნიერი ან მუსიკოსი,
მაისური - ფეხბურთელი, ხელბურთელი, კალათბურთელი...
კომბინეზონი იცმება ტანზე,
თავზე სკაფანდრი იხურება და ადამიანი ზეცაში ადის...
(ღვთის გარდერობში სომბრეროებთან,
შლაპებთან და კეპებთან ერთად
სკაფანდრებიც ეკიდა თურმე...)
რომ არა ასე, ადამიანი მთვარეზე თავის შიშველ ფეხისგულს
ვერასოდეს ვერ დაადგამდა...
ჯერ ჩაიცვით-დაიხურეთ ხალხნო და მერე...
გაეშურეთ კოსმოსისკენ...
ჯერ ჩაიცვით-დაიხურეთ და...
მერე ეშმაკსაც წაუღიხართ - შახტაშიც ჩადით...
პირველად იყო...
ლამის პირველად იყო მგონი ტანისამოსი...
რაც იგი იქმნა,
ადამიანი-ტანსაცმელი პირჯვარს იწერს,
ლოცულობს და ნამაზს აკეთებს...
ადამიანი-ტანსაცმელი თავის მეგობარ
ადამიან-ტანსაცმელებთან ერთად ღვინოს სვამს
და ყველაფერ ადამიანურ-ტანსაცმლურზე საუბრობს მათთან...
ადამიანი-ტანსაცმელი მიწას ხნავს და მოსავალს იმკის...
ჩაცმულ-დახურულ ადამიანს შეეწიე, მაღალო ღმერთო!..
თავის შორტთან,
თავის ჯინსთან,
თავის ფრაკთან ერთად დალოცე!..
დალოცე თავის ჩუსტებთან ერთად,
სახლში მშვიდად რომ დაბაჩუნობს
და ოჯახურ სიმყუდროვეს ქმნის!...
დაულოცე აჭიმები, ლიპები და პანტალონები!..
საცურაო კოსტიუმიც დაულოცე,
რადგან უკვე მეორე დღეს
საკუთარი დიადი ნებით
ხმელეთთან ერთად ზღვაც გააჩინე...
და თუ ასეა, დალოცე ყველა სექენდ-ჰენდი,
ყველა საფირმო მაღაზია თავის სეილით!..
დალოცე ყველა თერძი, ხარაზი, მოდელიორი...
დალოცე ხელი იმ ქალისა, რუდუნებით რომ შეუკერა
იესოს კვართი...
სამკერვალო ფაბრიკები დალოცე, ღმერთო!..
დალოცე, რადგან ადამიანი ტანსაცმლითაა ადამიანი...
ტანსაცმლით ცხოვრობს, იტანჯება, შრომობს და უყვარს...
ხოლო როცა იმქვეყნად წავა,
ტანსაცმელი მას ცოტა ხნით დაიცავს კიდეც...
ის გმირივით ჭიაღუების გააფთრებულ შემოტევებს შეეწირება...
ღმერთო ძლიერო, კიდევ კარგი,
არ შექმენი ადამიანი დედიშობილა,
კიდევ კარგი ჩაცმული და დახურული შექმენი იგი!..


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1175 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: leqsi leksi, poezia, shota iatashvili, პოეზია, ლექსები, leqsebi, proza poezia, шота иаташвили, შოთა იათაშვილი, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0