აი, ბავშვები, ვისი პირველი ფოტოებიც არის ფერადი - პირველი თვიდან მკაფიოა თვალის ფერი, ბაფთების ფერი, ყვავილები – ბამბაზიაზე საყვარელი ტონალობები დედის და მამის, ნათლიების – ჭრელა-ჭრულა გეტრები და საწვიმარები. ფოტო-ალბომებს თვალი უსმენს - სეზონები გიამბობენ თავ-თავის ამბავს - სხეულებზე მეტად – ფერებით - …თუ მწვანე ჭარბობს, სააღდგომო სამზადისია - ხასხასა მწვანე გადასდის ჰაერს, თეთრი სუფრა – მთელი თავისი სანოვაგით - შეკუმშულა შინდისფერ კვერცხში. ბავშვი ხელს იწვდის - რომ გაზაფხულს, საბოლოოდ, მუქი ნაჭუჭი შემოაცალოს. ზაფხული კი – ლურჯი, ყვითელი - სარაფნები – ერთმანეთის გასწვრივ, დღეებზე - როგორც სარეცხის თოკზე – ფრიალებს - წითელი, მწვანე, ჟოლოსფერი, მწვანე, წითელი. მერე მტევანი იწყებს ლაპარაკს - ფერით გეტყვის ენა რამდენად დაშაქრული აქვს, რთველში ბავშვებიც გვანან ყმაწვილ დიონისეებს - მათ თვალებში სხივი თამაშობს - ერთ ადგილზე ფოტოშიც რომ ვერ გამოიჭერ.
ძველ ფოტოებს როცა დავყურებთ, თითქოს იქაც ყველაფერი არის წესრიგში - ნაძვის ხეზე ყველა ბურთს აქვს თავისი ფერი, წითლად ელავენ ყელსახვევები, დედის კაბა არის ბაცი აგურისფერი, მზეზე თვალები გვიმწვანდება, მამა ზუსტად ჩვენი ხნისაა, ლურჯი აცვია, ბებიას კი ვარდისფერი პომადა უყვარს. ბავშვებს ვუამბობთ ფერებს – დამარცვლით. ჩვენს ყველაზე ფერად ფოტოებს შავ-თეთრი ქვია
ლელა სამნიაშვილი
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..