Загрузка...
ლაშა მარგიანი - * * * / lasha margiani - * * * - 11 ოქტომბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:53 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 11 » ლაშა მარგიანი - * * * / lasha margiani - * * *


2:25 PM
ლაშა მარგიანი - * * * / lasha margiani - * * *
ამ ბოლო დროს,
დროს ბოლო აღარ უჩანს.

ვდგავარ ფანჯრებთან
და
სულერთია საით ვიყურები,
როცა მზერა თვალებს კი არა ფიქრს მიჰყვება.

როგორც ერთხელ ჩემ მეგობარ პოეტს უთხრა ვიღაცამ,
ზოგჯერ, თავი ოთახის მეხუთე კუთხე მგონიაო,
ისე ვარ ახლა.

საკმარისია ქუჩაში გახვიდე,
ყურსასმენები გაიკეთო,
ჩართო საყვარელი მუსიკა
და
სხვა სამყაროში ხარ,
მაგრამ ახლა სხვა სამყარო არ მჭირდება,
პირიქთ, მინდა, რომ ამ ღრიანცელში,
ქაოსში და არეულობაში,
ვინმემ თუნდაც ერთი წამით მომკრას თვალი, ისეთს როგორიც ვარ.

ყოველთვის ვიღაც მენატრება.

ზოგჯერ მგონია,
რომ ბევრად მეტს მოვასწრებდი პეპელა რომ ვყოფილიყავი.

წინა დღეს ქარმა ცელოფანი ამაკრა სახეზე,
ისე, რომ ხელის აფარებაც ვერ მოვასწარი,
თუმცა ხელებს არაფერს ვერჩი,
აღარ ეყრდნობიან ინსტინქტებს,
მას შემდეგ რაც ნერვებზე გადავრთე.

თითქოს ეს დღეები შენი სისხლითაა გაჟღენთილი
და
თოკზე გაკიდული სარეცხივით ელოდება გაშრობას,
სუფთაა, მაგრამ ჩასაცმელად არ გამოდგება.

არავის უნდა შენი ტკივილის გაზიარება,
სანამ გაუვნებელყოფილ ნაღმს არ დაამსგავსებ.

ნეტა, როდის უფრო იღლება ცხოვრებით ადამიანი,
როცა ბავშვობა მოენატრება,
თუ როცა სიკვდილზე იწყებს ფიქრს.

ცხოვრებას შეუძლია უსასრულოდ გაგრძელდეს ასე,
მე კი არ ვიცი, როდემდე ვიქნები ასეთი,
სადამდე გავძლებ,
შეიძლება, ნებისმიერ წამს დავსრულდე.

ღმერთს როგორ უნდა ვუსაყვედურო ცხოვრების უსამართლობაზე,
როცა ყველაზე სასტიკად მას მოექცა ცხოვრება.

მხოლოდ თვალებს შეუძლია,
რომ ცისკენ კი არ აიშვირო,
მიწისკენ გადმოაპირქვავო
და შიგნით მაინც გუბდებოდეს ცრემლები.

გინდა სადმე ბორდიურზე ჩამოჯდე,
თავი ხელებში ჩარგო
და
იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო,
მაგრამ ხელის გულებიც ხომ
მოყინული ტბის დაბზარულ ზედაპირს ჰგავს.

ბეწვის ხიდია მეოცნების სიცოცხლის ძაფი.

რამდენი ძვალია...
რამდენი ძარღვია...
რამდენი ნერვი...
და
ერთი გული.

შენ რომ არ იყო, ალბათ, ამასაც ვეღარ ვიგრძნობდი.

თითქოს ლოცვაა ესეც...

ჩემ არყოფნაზე ფიქრს
ყოველთვის იმით ვიწყებ,
რომ
შენ უსათუოდ ცოცხალი უნდა იყო.

მშიერს დღეები გამიტანია,
მწყურვალს მივლია კილომეტრები,
მაგრამ უშენოდ, სუნთქვასაც კი ვეღარ ვახერხებ.

როცა ღმერთს ეძებენ,
ცაში იყურებიან ხოლმე,
მე კი თავს დავხრი,
შენთან მოვდივარ
და
შენი სიჩუმის ნაწილი ვხდები.

თუ ლოცვისას არ ექნებათ ჩემს სიტყვებს ძალა,
წერის დროს მითუმეტეს.
თუ ღმერთს ვერ მივაწვდინე ხმა,
შენ როგორღა გითხრა, სად ვარ, როგორ ვარ...

ეშმაკს იმიტომ კი არ მიჰყავს ადამიანები,
რომ უსასრულოდ ერთობოდეს მათი წამებით,
ის მხოლოდ იმიტომ აკეთებს ამას,
რომ უფალს ატკინოს გული,
და მეშინია, რომ ჩემი სული ის ადგილი არ გახდეს,
სადაც ღმერთი დამარცხდება.

არაფერი მამჩნევია მაჯებზე,
საერთოდ არაფერი,
თხელი, ღია ცისფრად ამობერილი ვენების გარდა.

მაჯებში ცა მაქვს
და
როცა ჩემი სისხლის შხეფები მეტეორებივით გაგლეჯენ მას
და
გადაიქცევიან ლაქებად,
მე შენ გაჩვენებ წითელ ვარსკვლავებს
და შენს ცრემლებში გაქვავდება მათი ციმციმი.

ალბათ, მეც რამდენ ადამიანს ვატკინე გული,
დატბორილია ჩემი სული ამაოებით.

ლაშა მარგიანი


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 999 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, leqsebi, leksi, leqsi, leksebi, poetry, poeziya | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0