Загрузка...
ლაშა მარგიანი - ახლა ქალაქიდან შორს ვარ.. / lasha margiani - akhla qalaqidan shors var... - 11 ოქტომბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:42 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 11 » ლაშა მარგიანი - ახლა ქალაქიდან შორს ვარ.. / lasha margiani - akhla qalaqidan shors var...


3:47 PM
ლაშა მარგიანი - ახლა ქალაქიდან შორს ვარ.. / lasha margiani - akhla qalaqidan shors var...
ახლა ქალაქიდან შორს ვარ,
თუმცა არც იმდენად შორს,
რომ მომენატროს, ან დამავიწყდეს,
ვიცი ეს მანძილზე არ არის დამოკიდებული,
მაგრამ ყველაფერი სულერთი ხდება,
როცა შენი წასვლა თავიდანვე განწირულია დაბრუნებისთვის,
რადგან იმედებისთვის არ მოიძებნა ადგილი შენს ზურგჩანთაში,
რომ იმათთვის შუა გზიდან არ მობრუნდები,
რომ უნებლიედ კი არ დაგრჩა, ნებსით დატოვე,
რომ ისინიც ადამიანებივით არიან,
ძალით ვერ წაიყვან, თუ თვითონ არ წამოგყვნენ.
იქ კი სადაც ახლა ვარ, ცხოვრებას თავიდან ვერ დავიწყებ,
ეს შესვენების ადგილია
და არა ბრძოლის
და ჩემი ცოდვებით, ტკივილებით, ოცნებებით, ვცდილობ დაძინებას.
დღეს სიმარტოვე მეპატიება,
რადგან ჩავაქრე შუქი
და მივენდე ღამის სიბნელეს,
მხოლოდ იმაზე ვფიქრობ,
თუ როგორები იქნებოდნენ ვარსკვლავები,
გამოჩენამდე, ისინიც რომ თავს იწესრიგებდნენ.
აქ სიწყნარეა... სიმშვიდეა...
მხოლოდ ტყიდან წამოსული ფოთლების შრიალი არღვევს სიჩუმეს,
თუმცა მე მიყვარს ეს ხმა,
მინდა გავიდე და ხეებს ვეცეკვო,
ცეკვა არ ვიცი, მაგრამ ხეებთან ცეკვას არ უნდა სწავლა,
უბრალოდ ხელებს ავწევ მაღლა და ქარს დაველოდები,
ის ერთადერთი მუსიკაა, რომელზეც ხეები ცეკვავენ,
იქნებ ჩემს ძვლებშიც შეჟონოს ამ ხმამ.
ჩვენც ეს ცხოვრება ისე გვარხევს,
როგორც ქარი არხევს ხის ტოტებს,
თუმც ტოტებისგან განსხვავებით,
საითკენაც გადავიხრებით,
იქით ვტყდებით, იქით ვეცემით,
სულერთია წინ თუ უკან, მარცხნივ თუ მარჯვნივ,
ვერ ვუბრუნდებით საწყის წერტილს
და სხვა ადგილიდან ვიწყებთ თავიდან.
რამდენმა რამემ შეიძლება გააგიჟოს და ჭკუიდან შეშალოს ადამიანი,
რამდენმა რამემ შეიძლება ჩაწყვიტოს და გაუტეხოს გული,
ის კი მაინც არ კარგავდეს სიყვარულის უნარს,
რომ შეიძლება შენზე ბევრად ცუდად მყოფში
და გაუბედურებულში მიაგნო თავშესაფარს,
როგორც უსახლკაროები შეეკედლებიან ხოლმე
თითქმის საძირკვლამდე ჩამოშლილ შენობების ნანგრევებს,
უჭეროს, უკაროს, უფანჯრებოს.
ახლა გათენებას ველოდები,
რას დაველოდო, როცა გათენდება?...
ადამიანებს ხომ მოულოდნელი ტკივილების ატანა უფრო გვიადვილდება,
რამდენად საშინელიც არ უნდა იყოს ის,
ვიდრე თუნდაც ნემსს ვუყურებდეთ და თითი მივუშვიროთ.
რა მეშველება,
როცა ჭრიჭინებიც გაჩუმდებიან.
ხის ფოთლებიც ჩუმად არიან, მაგრამ შრიალებენ.
ჩემი გული იშვიათად არის ჩემთან.
ახლა არაფერია ჩემში ისეთი სრულყოფილი,
როგორც სიმარტოვე,
ვუყურებ კარადას, მაგიდას, სკამს და ოთახში ვეძებ საკუთარ ადგილს,
თითქოს მშურს მათი,
ისინი უფრო ავსებენ ოთახს, ვიდრე ჩემი სიმარტოვე.
რაიმე ნივთი მაინც იყოს ერთი ადგილიდან მეორეზე გადასადები,
შვება იქნებოდა ისიც.
მე ფანჯარაში ვიხედები,
ფანჯარა ცისკენ იყურება,
ცას კი ვინ ისიც,
იქნებ სულაც, ზურგი აქვს მოშვერილი მიწისკენ და არა გული
და მაინც,
მოწმენდილი ცა მისკენ გვიზიდავს,
მოღრუბლული გვაპატარავებს, გვსრესს ჩვენს ნაჭუჭში.
როცა არ შემიძლია რამე კონკრეტულზე ვიფიქრო,
უბრალოდ ვწერ,
არ ვიცი საიდან მოდის ეს აზრები ან საით მიდის.
უბრალოდ მჯერა, რომ შესაძლებელია იმის დახატვა, რაც არ გინახავს
და ის შენი წარმოსახვის კი არა, რწმენის ნაყოფი იყოს
და რადგან იმას ვერ გადახატავ,
სულერთია, რა ფორმას, ან რომელ ფერს მისცემ,
ის მაინც - ის იქნება, როგორც ფილტვებში ჩასული ჰაერი,
როგორც ტვინში ჩაქცეული სისხლი.
აქ არავინაა, ვინც მოვა და მკითხავს,
დავწერე თუ არა რამე ახალი
და ჩამაცივდება წავაკითხო,
ეს ნაწერიც სარკესავითაა,
მაგრამ მხოლოდ ჩემი ანარეკლია მთლიანი მასში,
სხვისას მხოლოდ ნაწილს ირეკლავს,
მაგრამ იმ ნაწილს, რითაც ის სხვა საკუთარ თავს ცნობს.
ვინც ინსტინქტს მისდევს არ ორჭოფობს,
ხომ შეიძლება, რომ ერთ დღესაც ინსტიქტურად მოვიკლა თავი.
რა იქნებოდა მეც მეტირა
და ჩემს ცრემლებს გაეჟღინთათ ჩემი სხეული,
რომ ერთხელ მაინც დავემსგავსო ნაწვიმარ მიწას, ნაწვიმარ მინდორს,
რომ ერთხელ მაინც ვიგრძნო საკუთარი სულის სუნი.
რა იქნებოდა,
სულის სხეულიდან გაყრა კარის გამოჯახუნებას რომ ჰგავდეს,
მაგრამ გამოჯახუნების ხმა ხომ ორივე მხარეს ისმის
და ის იმისთცისაა ვინც შიგნით რჩება
და არა იმისთვის ვინც გარეთ გადის,
მარტოსულებს კი თან მიჰყვებათ ნერვული ექო.
გზა ყოველთვის იმაზე გრძელია,
ვიდრე სიარული შემიძლია,
ჩემს ფეხსაცმელებსაც ისე გასძვრათ ძირები
ქალაქი არ დაუტოვებიათ.
ალბათ,
დღესვე დატოვებდა ჩემი სული ჩემივე სხეულს,
მაგრამ წასასვლელი იმასაც არსაით არ აქვს.

ლაშა მარგიანი


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 822 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, leqsebi, leksi, leqsi, leksebi, poetry, poeziya | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0