Загрузка...
ლაშა მარგიანი - აოკიგაჰარა (საქმე გაცილებით ცუდად არის) / lasha margiani - aokigahara (saqme gacilebit cudad aris) - 12 ოქტომბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:15 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 12 » ლაშა მარგიანი - აოკიგაჰარა (საქმე გაცილებით ცუდად არის) / lasha margiani - aokigahara (saqme gacilebit cudad aris)


10:02 PM
ლაშა მარგიანი - აოკიგაჰარა (საქმე გაცილებით ცუდად არის) / lasha margiani - aokigahara (saqme gacilebit cudad aris)

ჩვენ ვდგავართ "ხეების ზღვაში",
სამართებელივით ბასრი ტალღების ქვეშ.
ის, ვინც დაბლაა - ნელა იხრჩობა,
ვინც მაღლა ადის - სწრაფად ახრჩობენ.
თუ გინდა, ზედაპირზე ააღწიო,
უნდა ჩაიწყვიტო გული,
როგორც კოჭებზე მობმული ქვა, რომლითაც ჩაგძირეს.

ჩვენ საკუთარი ქვეყნის ტყვეები ვართ,
დაბადებიდან სიკვდილმისჯილები,
ბავშვობაშივე დაბერებულები.
ფეხიც ჩვენივე მომავლის ნამსხვრევებზე ავიდგით
და სანამ ხელს ვინმეს მხარზე გადავხვევდით, იქამდე ჩავიქნიეთ.
პირველი სიტყვებიც საკუთარ თავებს ვუთხარით
და ბედი დავიწყევლეთ.
გზა, იმის მაგივრად რომ გაგვეკვალა - შევამოკლეთ,
ეზომდე, სადარბაზომდე, ბინამდე, ფანჯრებამდე...
ყველაფერი მარადიული გავაერთჯერადეთ
და მხოლოდ დღიდან დღემდე სამყოფ სიყვარულს, რწმენას, იმედს,
ოცნებასა და სიცოცხლეს დავჯერდით.
ვინც გაბედა და გაიბრძოლა, ყველას დავცინეთ,
გავერიდეთ,
ზურგი ვაქციეთ,
დავტოვეთ მარტო,
გზა დავულოცეთ ამ სიტყვებით - არა აქვს აზრი
და ის დამარცხდა,
როგორც ყველა, ვინც არ მარცხდება,
ვინც შესაძლოა ნახო წაქცეული,
ჩაქოლილი, გადათელილი, მკვდარი, მაგრამ მაინც ცამდე მართალი.
ვისაც შეხედავ და თავს შეიძულებ,
რომ შენი წვლილი მხოლოდ მის შეუხორცებელ ჭრილობებშია,
შეწყვეტილ სუნთქვაში, გაჩერებულ პულსში...
შეხედავ და ისე შეგრცხვება,
რომ თვალებსაც ვერ დაუხუჭავ,
საფლავსაც ვერ გაუთხრი
და ასე, მკვდარს დამარხავ ცოცხლად.

განწირულები ვართ
და მაინც გვიჭირს ერთმანეთისთვის თავის გაწირვა.

ჩვენ ეზოს ღობესთან ამოსულ ხის ტოტებს ვგავართ,
რომლებიც ქუჩის მხარესაა,
ადვილად მისაწვდომს,
ფეხის წვერებზეც რომ არ სჭირდება აწევა,
რომლებიც მუდამ ჩამოკრეფილია, ჩამოტეხილი,
მათ კი, რომლებიც კენწეროში ირხევიან, გრილ ნიავს აყოლილები,
არაფერი ემუქრებათ.

სხვამ დაიგუბა სუფთა ჰაერი.
ჩვენი ფილტვები ივსება სისხლით,
ჭრილობების გამონაბოლქვით,
აქ არ არსებობს გემი,
აქ არ არსებობს ნავი,
ჩვენ გზა აგვებნა ღმერთის ძებნაში
და
ჯოჯოხეთს მივადექით.

ჩვენ ვდგავართ "ხეების ზღვაში",
არ შეგვიცურავს და დაღლისგან არ ჩავძირულვართ,
ფსკერზე დავიბადეთ.
ჩვენ არ გვინახავს ცა,
რომელიც მიწას დაჰყურებს,
მზე, რომელიც ამოდის მთიდან,
დღე, რომელიც მშვიდად ღამდება
და
ამ ჭაობში, ერთადერთი გამოსავალი - პარალიზებაა,
ისიც ისე, შენივე ნებით,
ნუ იმოძრავებ, თორემ უფრო ღრმად ჩაეფლობი,
სადღაც ხომ უნდა იყოს ნაპირი,
მაგრამ აქ არა,
სადღაც ხომ უნდა ენთოს სინათლე,
მაგრამ აქ არა,
სადღაც ხომ უნდა გადარჩეს ვიღაც,
მაგრამ აქ არა.
აქ შეგიძლია თავისუფლად მოიკლა თავი.

აწმყოში რომ გვეარსება,
ჩვენ მომავალიც ისე დავკარგეთ,
როგორც ბანკში ჩდებული ბინა,
ჩვენ გაჭირვებას მიგვაჯაჭვეს, რომელიც გვერგო მემკვიდრეობით,
მაგრამ არ გვინდა ვუანდერძოთ იგი ჩვენს შვილებს,
როგორც ჩვენს მშობლებს არ უნდოდათ ჩვენთვის და ა.შ.
თაობები შეიწირა მხსნელის ლოდინმა,
არათუ ცოცხლებს,
მკვდრებსაც გულზე აწევთ ლოდივით,
რომ ვერაფერი ვერ შეცვალეს,
რომ ისინიც ჩვენსავით ითმენდნენ, უძლებდნენ
და ბოლოს ისე შეეგუენ, ვერც შეამჩნიეს,
რომ თურმე არსებობდა სხვა გზა,
უფრო გრძელი, უფრო მტანჯველი,
მაგრამ ხანმოკლე,
რომ არაფერი განასხვავებს ცოცხალს მკვდრისაგან,
დაუძლეველი შიშებით, გადაუდგმელი ნაბიჯებით,
ამოუღებელი ხმით,
მათ რომ საფლავებიდან წამოდგომა შეეძლოთ,
ძვლებს ხორცის შესხმასაც არ აცდიდნენ, ისე დაიწყებდნენ ბრძოლას,
რომ ვინც ცოცხლები ვართ, ცოცხლად არ დავლპეთ.

გაამტვრიე საკუთარი ნაწუჭი,
სანამ სული დატოვებს სხეულს
და შემდეგ ყველა კედლის გატანას შეძლებ,
შეკეცილი ფრთებით სიკვდილს სჯობს,
გაშალო ისინი და პირველივე გაფრენისას მოგტყდეს,
მოინდომე შეუძლებელი,
თვალებით ისუნთქე,
ხელებით იარე,
ტერფებით ილაპარაკე,
დაე, დაგდონ ბრალი სიყვარულში,
კეთილშობილებაში,
მხარში დგომაში,
თავგანწირვაში,
შეუგუებლობაში,
გამბედაობაში,
სიმართლეში,
თავისუფლებაში...
იმაში, რომ სიცოცხლე გინდა.
ვერ დაგამარცხებენ.
იქაც იქნები, სადაც არ ხარ,
მკვდარიც იცოცხლებ.
საფლავში ცხოვრებას ვერავინ მოვიწყობთ,
მაგრამ გვაქვს შანსი, რომ ამქვეყნად რაღაც დავტოვოთ,
რაღაც ძვირფასი, ღირებული, სუფთა,
სიკეთით და სინათლით სავსე.
გადარჩენა ერთმანეთშია,
საკუთარ თავსაც რომ გადავურჩეთ, ისიც კი
და ნიშნად ამის, ჩვენ ვინც ახლა ვდგავართ თქვენ წინაშე,
თეთრი სამკლაურები გვიკეთია
და ვინც ამ სამკლაურს გაიკეთებს,
უნდა იცოდეს, რომ ჩვენ არ ვართ თოვლის ის ფიფქები,
რომლისგანაც გუნდას აკეთებენ,
არამედ ისინი,
რომლებიც პირველად შეეხნენ მიწას.

ლაშა მარგიანი




გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 903 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: lasha marginai, poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, ლაშა მარგიანი, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0