იქ ქარიშხლების სასაფლაო, მიწას აყრიან ცხელ ქარებს და გვერდით ბავშვებს მიუწვენენ. მათი თვალები მხოლოდ თეთრს ხედავს. გეგონება, გიშრის ბურთი ტივტივებს ტბაში, გეგონება, ეს-ესაა ღრუბლებს ახედეს, გეგონება, თამაშში გართულ რვა წლის ბიჭუნას ბროწეული დაეწვეთა თეთრ მაისურზე, ტკბილეულით დაესვარა ორივე ლოყა პატარა გოგოს, სიცილი კი დამფრთხალ ძაღლებს გადააბარეს. ან ვის სჭირდება მათი სიცილი?! ფოტოკამერა იმახსოვრებს მზერას ზეცისკენ, ათი, ან ასი, ან უფრო მეტი წყვილი თვალი აკვირდება როგორ წვანან ბავშვები ცხელი ქარიშხლის ფაშვში. რას უყურებენ?! სადღაც კუთხეში მზე მიუხატავთ, მელნისფერი ჩიტების ზოლი, გადაბრეცილი სახლის კედლები, წითელი ფანქრით ამოზრდილი მცენარეები. ერთი შეხედვით არც არაფერი, სკოლის კედლებზე გამოუკრავთ ყველა ნახატი. ახლა წითელი ყვავილები ისე საზიზღრად აყვავებულა მათ ტანსაცმელზე, ცეცხლივითაა, თავისკენ უხმობს ყველა კამერას, ფოტოაპარატს. შოუ იწყება! ახლა თქვენ ნახავთ ფეიერვერკს პირდაპირ კადრში! კამერა მათკენ, - მზესავით მწველი განათება, მარჯვნივ, თუ მარცხნივ, ყველა მხარეს, სადაც ცხელ ქარებს ფხიზლად სძინავთ. აქეთ იყურე! თვალი არავინ დაახამხამოს, ეს უნდა იყოს სამახსოვრო ფოტო ბავშვებთან... და როცა ჩიტი გამოფრინდება, საგულდაგულოდ ამოაშრობს მარილიან წყალს, აფრენისას კი ძლივს აზიდავს მათ მლაშე სიზმრებს, ისე მძიმეა, თითქოს სახლის ნანგრევები მიჰქონდეს ფრთებით.
ქეთი თუთბერიძე
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..