მთავარი » 2018»თებერვალი»2 » ადამ ზაგაევსკი - გრძელი შუადღეები / adam zagaevski - grdzeli shuadgheebi
3:23 PM
ადამ ზაგაევსკი - გრძელი შუადღეები / adam zagaevski - grdzeli shuadgheebi
დადგა გრძელი შუადღეები, როცა პოეზიამ მიმატოვა. მდინარე ზღვისკენ მიათრევდა ზარმაც ნავებს. გრძელზე გრძელი შუადღეები. ჩრდილები ისე იწელებოდნენ, იფიქრებდი, ცხელი ასფალტი იწებებდა მათ ბოლოებს. ქედმაღალი მანეკენები დამცინავად მიყურებდნენ ყველა ვიტრინიდან.
პროფესორები ცარიელი სახეებით ტოვებდნენ ინსტიტუტს, თითქოს ილიადა, როგორც იქნა, თვითონვე მობეზრდათ. თუმცა საღამოს გაზეთები სავსე იყო ცუდი ამბებით, ფეხს არავინ უჩქარებდა. თხემით ტერფამდე შეფუთულ მონაზვნებს თითქოს რცხვენოდათ, რომ იყვნენ ცოცხლები და ფანჯრებშიც არვინ ჩანდა, მათ შორის – არც შენ.
დადგა გრძელი შუადღეები, როცა ლექსებმა მიმატოვეს და შევრჩი ქალაქის გაუმჭვირვალე დემონს, როგორც უიღბლო მოგზაური, რომელიც ხალხის მძიმე ტალღამ გამოისროლა გარ-დე-ნორის სადგურიდან – სექტემბრის წვიმაში ორმაგი სკოჩით შეფუთული მძიმე ჩემოდნებით.
მასწავლე, როგორ განვიკურნო ირონიისგან. მზერისგან, რომელიც ხედავს და ვერ ჭვრეტს. მასწავლე, როგორ ვებრძოლო სიმუნჯეს.
.
თარგმანი — ზვიად რატიანი.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..