Загрузка...
რობერტ ჰასი - ყოფნის უპირატესობა / robert hass - kofnis upiratesoba - 2 თებერვალში 2018 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 7:04 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2018 » თებერვალი » 2 » რობერტ ჰასი - ყოფნის უპირატესობა / robert hass - kofnis upiratesoba


4:20 PM
რობერტ ჰასი - ყოფნის უპირატესობა / robert hass - kofnis upiratesoba
ყოფნის უპირატესობა
მრავალნი ეძლევიან სიყვარულს. წყვილის თავზე ანგელოზები,
ადამიანური ვნებების აუმღვრეველ, კრისტალურ ეთერში,
ერთმანეთს უწნავენ თმას, რომელიც მარწყვივით ჟღალია
და ცივი მდინარესავით მსუბუქი. დროგამოშვებით
ისინი იხედებიან ქვემოთ – მოუთოკავი ექსტაზი
მათი გადმოსახედიდან ახლად-შეღინღლული
ბარტყების ხტუნვაა გაზაფხულის გუბურაში -
და როცა ქალი, რომელიც ეს-ესაა გამოერკვა,
იხრება კაცის დახუჭული თვალებისკენ
და ეუბნება, შემომხედე, და კაცი შეხედავს: თითქოს
მოქაჩა თოკი და ასწია ბნელი სცენის მძიმე ფარდა…
თუ როგორც არის. მთავარია, ხედავენ ერთმანეთს
მტაცებლის ხარბი და დამფრთხალი თვალებით,
ერთმანეთს ეკვრიან წებოვანი, სველი მუცლებით,
და ანგელოზები იწყენენ ამ დროს, მათ ეს
არ უყვართ. ისინი პათეტიკურად თრთიან,
როგორც ბავშვი-მათხოვრები ვიქტორიანულ ლითოგრაფიებზე,
სრულყოფილი ფორმებით და ალებასტრივით
თეთრი კანით, ქორის ბუმბულივით ხეშეში ძონძებით.
ყოველი ქმნილება დაღდასმულია ტანჯვით.
მთვარეც ჭრიალებს ზოგჯერ ამოსვლისას.
შეყვარებულებს განსაკუთრებით უჭირთ
სიმართლესთან შეგუება, და ისინი ხუჭავენ თვალებს,
და ერთმანეთს ეხვევიან. სიახლოვისას
ყველაზე უკეთ შეიგრძნობა მომაკვდავი ბუნება სხეულის,
და სიყვარულის საათებიც – საგალობელია,
სიკვდილისადმი აღვლენილი. დადგება ის დღეც,
როცა საღამოს, სეირნობისას, ქალი ეტყვის თავის მამაკაცს,
რომ დილიდან ცუდად იყო, რადგანაც მიხვდა,
რომ ვერასდროს შეავსებენ ერთმანეთის სიმარტოვეს,
მით უფრო ვერ – რაც უფრო უყვართ.
მაპატიე, ეტყვის ქალი, არ მინდოდა გული გტკენოდა.
მესმის, ეტყვის მამაკაცი, თუმცა ვერ გრძნობს გულისტკენას,
მაგრამ ესმის, რომ ცხოვრების დედააზრი – საზღვრებშია,
რომ კვდებიან ახალგაზრდები, არ უმართლებთ სიყვარულში,
არ უმართლებთ კარიერაში. მიაბიჯებს ქალის გვერდით
და ფიქრობს სევდაზე, რომელიც ერთია
შეხვედრისას და განშორებისას, კვნესისას და ღიღინისას,
და რომელმაც გაამყარა მათი კავშირი
ერთგულების და მადლიერების ილუზიით,
და იმედით, რომ შეძლებდნენ მარტო ყოფნასაც,
ან უბრალოდ განაგრძობდნენ ერთად ყოფნას უსიყვარულოდ,
როგორც წყვილები ზაფხულის პლაჟზე,
რომლებიც ფურცლავენ ინტიმურ ჟურნალებს,
ეძებენ სტატიებს ქალისა და მამაკაცის სიახლოვეზე
და ერთმანეთს უკითხავენ. და მათ თავზეც დაფარფატებენ
წერა-კითხვის არმცოდნე და მაინც მზრუნველი,
გიგანტური ანგელოზები.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 763 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: uckhoeli poetebi, ლექსი, leqsebi, პოეტი, leqsi, ლექსები, ucxouri poezia, პოეზია, poezia, poeti | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2018  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0