Загрузка...
რობერტ ჰასი - მუსიკად ქცევა / robert hass - musikad qceva - 2 თებერვალში 2018 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 6:40 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2018 » თებერვალი » 2 » რობერტ ჰასი - მუსიკად ქცევა / robert hass - musikad qceva


4:27 PM
რობერტ ჰასი - მუსიკად ქცევა / robert hass - musikad qceva
იქნებ დაწერო ლექსი მადლზე.

როცა დაინგრა ყველაფერი, რაც დაინგრა,
და ყველაფერი, რაც მოკვდა, მოკვდა,
როცა კაცმა სიბრალულით გააპარა თვალი სარკისკენ,
ხოლო ქალმა თვალი მშვიდად გაუსწორა ახალ ნაოჭებს
და სათითაოდ შეისწავლა, როცა ტკივილი,
რომელსაც დიდხანს ემსახურნენ და ეგონათ,
ნიშნად მადლიერებისა, დაეხსნებოდათ,
მიყუჩდა, მაგრამ არ გამქრალა,
და როცა შეძლეს დაფიქრება, მშვიდად და დისტანცირებულად,
დანარჩენ ადამიანებზე, მათ ცხოვრებაზე,
მათ სიყვარულ-არსიყვარულზე, მიზეზებზე, ჩვევებზე, შიშებზე
და იმაზეც, რომ საკუთარი თავის სიყვარული
სარეველაა, გარეული მოყვავილე გრძნობების ბაღში,
რომელსაც ასე რუდუნებით უვლიდნენ და ეჭიდებოდნენ
მთელი ცხოვრება, და დარწმუნდნენ, რომ ვერავინ -
გარდა თავისი სიმუნჯით და სიღატაკით
გაბრუებული წმინდანების – გაექცევა მის უწყვეტ და თანმიმდევრულ
ძალადობას მომავალზე, სწორედ მაშინ აღმოცენდა მათში რაღაც -
მსგავსი მუსიკის თუ სინათლის: ეს იყო მადლი.

აი მეგობრის მონათხრობი იმ დღეებზე,
როცა ცდილობდა თავის მოკვლას. ის გოგომ დატოვა.
გული გაივსო ფუტკრებით და მორიელებით, მატლებით, ფერფლით.
ის აძვრა ხიდის საყრდენ კოჭზე. იყო ლურჯი, მზიანი შუადღე.
ყურეში წყალი ციმციმებდა. ზღვის სურნელი მოქონდა ჰაერს
და მას თავში მოუვიდა რთული სიტყვათშეთანხმება „ზღვის პროდუქტები“.
იყო რაღაც სულელური ამ სიტყვებში – ხომ არ ვამბობთ
„მიწის პროდუქტებს“ – და რაღაც შეურაცხმყოფელიც
ზოლიანი ქორჭილასთვის, რომელზეც ხშირად თევზაობდა
კლდის ქიმიდან, და ნახშირივით შავი ღორჯოსთვის,
რომელიც ნაპირს ვერ შორდება. ბოლოს დაასკვნა,
რომ ეს სიტყვები გულისხმობდნენ მხოლოდ მიდიებს,
ხამანწკებს და კიბორჩხალებს. სხვა შემთხვევებში -
რესტორნების მენიუში ეწერა „თევზი“.
…და როდესაც გაეღვიძა (რამდენიმე საათი მაინც
ეძინა ასე, რკინის ძელთან ჩახუტებულს) მზე ჩადიოდა
და თავს გრძნობდა ბევრად უკეთ. შეეშინდა. გაჭირვებით მოისხა ქურქი,
რომელიც თავქვეშ ჩაეკეცა ბალიშივით. ფრთხილად ჩამოძვრა
და დაბრუნდა ცარიელ სახლში.

სააბაზანოს კარის სახელურზე
ეკიდა გოგოს თეთრი ტრუსი. გარეცხილი. დიდხანს უყურა.
გული გაივსო სიბრაზით და უძლურებით, როდესაც თეთრზე
გამოისახა ვარდისფერი. მას შეეძლო ევარაუდა,
სად იქნებოდა ახლა იგი. რაშენ-ჰილზე, კერძო ბინაში.
ეს-ესაა გაათავეს. მას თვალები ცრემლით ევსება,
მადლიერებით ეფერება კაცის ნიკაპს და ამბობს, „ღმერთო,
რა კარგი იყო ყველაფერი“. მოშორებით, სანაპიროზე,
მსუყე ბურუსში ძლივს ბჟუტავენ ნავსადგურის სინათლეები.
„მოწყენილი ხარ“, ამბობს კაცი, „ის გაგახსენდა?“
„მე ყველაფერი გავაკეთე. ყველაფერი!“ – პასუხობს გოგო
და ვიდრე ისევ ატირდება, კაცი ეხვევა
(გვატემალური გობელენი ილანდება საწოლის თავზე)
და ერთხელაც ათავებენ. და ერთხელაც ტირის გოგო.
შემდეგ ძინავთ.
მან ეს სცენა დაატრიალა
კიდევ ერთხელ. სანახევროდ. ერთნახევარჯერ.
საკუთარ თავს გამოუტყდა, რომ მოუწევს ამით ცხოვრება.
რომ სხვა გზა არ აქვს – უნდა შეძლოს ამით ცხოვრება.
შესაძლოა, სიკვდილამდე. ვერანდიდან დიდხანს უსმენდა,
როგორ ფეთქავდა ტყე ღამეში, ზაფხულის ღამეში.
მაყვლის ხეების ქერქები კი ცოტა გვიან ატკაცუნდნენ,
როცა აგრილდა.

არა, ეს ისეთი ამბავი არ არის,
რომლის დასასრულს მეგობარი გადმოიხრება
და ჩაგჩურჩულებს: „მაშინ მივხვდი…“
ამბავი, რომელსაც ყველა თანაუგრძნობს
და ბოლომდე არავის ჯერა.
მეც მხოლოდ იმის თქმა მინდოდა,
რომ სამყარო გადაივსო ამდენი ტანჯვით
და გაირღვევა, თუ დროდადრო არ ამოსკდა ტანჯვა მუსიკად.
ოღონდ მთავარი წესრიგია. წესრიგი და თანმიმდევრობა:
ჯერ შენი თავის სიყვარული. შემდეგ ტანჯვა. ბოლოს მუსიკა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 760 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ucxouri poezia, leqsi, poezia, პოეზია, ლექსები, პოეტი, uckhoeli poetebi, ლექსი, leqsebi, poeti | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2018  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0