მთავარი » 2018»თებერვალი»2 » რობერტ ჰასი - გმირობა. პარალელი / robert hass - gmiroba. paraleli
4:30 PM
რობერტ ჰასი - გმირობა. პარალელი / robert hass - gmiroba. paraleli
როცა კუროსავას „შვიდ სამურაიში“ ეცემა მებრძოლი ნაცრისფერ წვიმაში, კინოკამერის ობიექტივში, ტოკუგავას დინასტიაში, ეცემა წელში გამართული, როგორც ფიჭვი, როგორც ერთ-ერთი აიასი ჰომეროსის წამღერებულ დაქტილებში, და ხე არის იმდენად დიდი, რომ ტყის მჭრელი მეორე დღესაც უბრუნდება იღბლიან ადგილს და ჩეხავს ქანცის გაწყვეტამდე, მესამე დღეს კი ბიძას მიიყვანს.
მოზრდილ მორებს ცალკე აწყობენ, ხის ფისის სუნით ჯერდება ჰაერი. კონებად კრავენ ჩამოთლილ ტოტებს და ერთმანეთზე ალაგებენ. ხის ქვედატანს, უზარმაზარ დისკოებად ჩამოხერხილს, ოთხ-ოთხად ჭრიან და ყოველი მეოთხედი მაინც დიდია. შუაწელის ნაწილებს კი ორად აპობენ. ტოტების ათი და მორების ოთხი კედელი - მთვარეები, და ნახევარმთვარეები, მეოთხედი მთვარეები - ნახერხის ზვინები.
ტყის მჭრელი და ბიძამისი, მოხუცებული. ისინი დგანან შუაგულ ტყეში. დგანან ტალახში გადაზელილ ფიჭვის ნაფოტებში. მათ შეწყვიტეს მუშაობა, რადგან ძალიან დაიღალნენ და რადგან აღარ გამახსენდა, შემეთხზა ჯორი და ურემი. მათ არ ყოფნით გამბედაობა, რომ მეზობლებს დაუძახონ დასახმარებლად და რამდენიმე მორი მაინც წაათრიონ სამდღიანი შრომის შემდეგ. დგანან და იცდიან, იქნებ ისევ მე მოვუფიქრო გამოსავალი, ვიდრე თავზე წაადგებათ დიდი ბატონის მოურავი და ორივეს დააპატიმრებს.
უსასრულოა მათი მოთმინება! მოხუცი ყალიონს ქაჩავს და აფურთხებს, ბიჭი კი ფიქრობს: კიდევ უფრო გამდიდრდებოდა, რომ ყოფილიყო მდიდარი და ყოლოდა ჯორი. ათი დღე უნდა ამის გაზიდვას. მეშვიდე დღეს დაიჭერენ და ნაჯაფარს ჩამოართმევენ. და ხელცარიელს გაუშვებენ შინისაკენ. ან უარესს დამართებენ. მე ვერაფრით დავეხმარები. ჯერ არც გაჭრილა ის ბილიკი ტყიდან სოფლამდე. გმირი კი, წელში გამართული, როგორც ფიჭვი, უკვე დაეცა. უკანასკნელი ამოსუნთქვა. გაშეშდა ჰაერი. უსიტყვოდ ტოვებს კინოდარბაზს კაცი და ქალი, განსხვავებული წარმოდგენებით ერთგულების თაობაზე. საზღვარი აქვს წარმოსახვასაც.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..