ალუბლების ყვავილობა თავს მიხედე, - გეტყვიან, და მოიყვანენ უშეღავათო სიშავეს და აღარ გინდა, იყო, როგორც ქუჩაში დაგდებული მკვდარი ძაღლი, ცელოფანით რომ მიათრევენ გზისპირისკენ, ბორბლების ანაბეჭდებად რომ გასდევს სიკვდილი და ყმუილიც უკვე შეუძლებელია. არ მოიწყინოო, - და გტოვებენ, არა როგორც ლირს, არამედ გასვამენ მოწყენის ისეთ დიდ ბეჭედს, ვეღარ გადააგორებ, ვეღარ ამოძვრები მისი სიმძიმიდან. არის კიდევ ასეთი სიტყვა – დაიკიდე, და დაუნანებლად ჩაგკიდებენ თვალუწვდენელ უფსკრულში, თავით – ქვევით, ფეხებს ალუბლის წვრილ ტოტებზე დაგიბამენ. არის ასეთი სიტყვებიც: დროებით, შეხვედრამდე, ნახვამდის… და დგახარ მატარებლის ბაქანზე, ხელსაც ვერ უქნევ მათ და გულისდაწყვეტა სულაც არაფერია: ყველამ სათითაოდ გაზიდა შენი ნივთები, ყველა სათითაოდ არ დააბრუნებს, ყველა წავიდა. და კიდევ ერთი, მეგობრებო: აბა, შენ იცი! აბა, რა ვიცი, როგორ გაუწყოთ, რომ არც ერთხელ არ მომსვლია თქვენგან წერილი, რომ ისევ ვდგავარ ბაქანზე და მატარებლებს თვალით ვაცილებ, რომ ისევ ისე, ცელოფანი მეკრობა ტანზე, როცა მიმათრევთ და მოწყენილობის ბეჭდის ქვეშიდან ხელებსაც ვეღარ გიქნევთ. აბა, მე რა ვიცი, აბა, მე რა ვიცი, როგორ ყვავიან ალუბლები დედამიწაზე.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..