თამუნა ნერგაძე - წითელი / tamuna nergadze - tsiteli
მე ვარ წითელი, ვარ საყვირი, და მე ვარ დროშა, მაფრიალებდნენ სისხლისმსმელი იმპერიები, ავად ვჩუხჩუხებ თქვენს ძარღვებში გისერავთ სხეულს, თეთრის და შავის წალეკვა ძალმიძს, თუ ავწივლდები.
მე ვარ წითელი, მე ვარ დროშა, და მე ვარ წარღვნა, ჩემი ფერი აქვს სიყვარულს და ლამაზ მაისებს, მე სიკვდილისკენ მიგაქანებთ ვნების ჯაჭვებით, ყველა სხვა ფერი სიმწრისაგან იდაყვს დაიკბენს. მე ვარ მაცდური, მე ვარ ფლიდი და შემიძლია ქალწულის ღაწვად შევიფაკლო, ატმის ყვავილად, მე ვფერავ ურცხვად აყვავებულ მდედრის ბაგეებს, მეფის წაღებს და მოსასხამებს ვფერავ ალისფრად. მე ვარ წითელი,
მოძალადე და გაუზრდელი ფეხზე მკიდია ცისარტყელას მკაცრი საზღვრები, ფერთა სამების უტიფარი, ხასხასა ღმერთი
მე ვარ! – წითელი ვსახლობ ქუჩაში გამოგდებულ ბავშვის თვალებში, ვანათებ შიმშილს… თქვენ კი ვინც ძღომას მისცემიხართ სისხლად კი არა ტლანქ ძარღვებში შხამად ვტრიალებ და გჩუქნით წყევლას: ქონს დაეფაროს მაწანწალა ბავშვების ხროვის არდამნახველი თევზის თვალები, ვერ მოგეცალოთ ვნების ალისთვის, მთელი ცხოვრება გევლოთ ნაყროვანს, სტომაქი იყოს თქვენი ხელმწიფე, გულისრევა კი გყავდეთ მეგობრად.
მე ვარ წითელი, ვარ საყვირი, და მე ვარ წარღვნა, ხანდახან მჭახე ნათებისგან ისე ვიღლები, მინდა ტყის მწვანეს შევერიო ან ვიქცე ლუჯად, აღარ მსურს სუსხში დაგიწითლოთ ცივი თითები, უტიფარი და გაუზრდელი ხასხასა ღმერთი ფერთა სამების მე ვარ! – წითელი
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..