ია ჯინჭარაძე - დაბრუნება / ia jincharadze - dabruneba
ცა, დასერილი თოლიებით… ვათვალიერებ - მოხუც მებადურს, ზღვით გამომშრალს, ვერ მოატყუებ, ოქროს თევზი ცრუ არის, იცის. ვიღაცას ეძებს მისი მზერა გაორებული, მშვიდად იცილებს გრძნობებს, შეგრძნებებს, მოგონებებს და იმეორებს: ცივია წყალი და მძიმეა ჩემი სხეული, ცივია წყალი და მძიმეა ჩემი სხეული. ვფურცლავ - მგზავრია, მობარბაცე ქარივით, მღერის: არაფერია შენს მიწაზე თბილი და ბნელი, სამშობლოვ ჩემო, მე ღალატი არ მიფიქრია, მაშინ, როდესაც მზეს თაკარას ვარჩიე ჩრდილი, მაშინ, როდესაც გემს გავყევი ჩრდილოეთისკენ. სამშობლოვ ჩემო, მე ღალატი არ მიფიქრია, ხელს რომ ვუქნევდი ეშაფოტზე ჩამოკიდებულ გვამებს და ხეებს, ჩემს თვალწინ რომ ანაფოტებდნენ. ვფურცლავ - წყვილები, მარტოობა, წყლული, სიცივე, ძირსდამხობილნი ლოცულობენ, იწყევლებიან. დატოვა სულმა სხეული და წყნარად ციმციმებს, მიწა კი მიწას ემატება და მტვრით ივსება თვალების ბუდე. იქნებ შენ იცი ის ნაპირი, სად ვუბრუნდებით ჩვენ, ჩვენს სიყვარულს და ბავშვობას და ვიბადებით.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..