ჩემო შვილო, კარგად მოკალათდი მაგ სკაფანდრში, ზღაპარი უნდა გიამბო ფანჯრიდან დანახულ ხეებზე. შენ საიდან უნდა იცოდე, იყო ეგეთი ფანჯრები, საიდანაც ხეები ჩანდა, და იყო ხეებიც, რომლებიც გვიგზავნიდნენ პირველ შეტყობინებებს ამინდის, ღრუბლების, წელიწადის დროთა შესახებ… შენ უკვე დიდი ხარ და ეს ცათამბჯენი გაპატარავებს, ამიტომ მე შემიძლია ერთდროულად დიდების ზღაპარიც მოგიყვე და პატარებისაც, რა კარგია ცათამბჯენები, რა დიდებული ჩანაფიქრია იცხოვრო ღრუბლებზე მაღლა და სულ ერთი იყოს, დიდი ხარ თუ პატარა ბავშვი, რადგან რაც უფრო მაღლა მიიწევ, მით უფრო აღარ ხარ, არ ჩანხარ, სიმაღლე მაისის თოვლივით გაქრობს, ჰოდა მე გიამბობ ზღაპარს ხეებზე, რომლებიც ცათამბჯენებამდე ვერ გაიზარდნენ. მათ ჰქონდათ მკვრივი მკლავები, და როდესაც ამ მკლავებს შლიდნენ, სამყაროში რაღაც ხდებოდა, თითო ფოთლის ზედაპირზე თითო ტალღას იქოჩრიდა ლურჯი ნიავი და ჩვენს თავზე სულ ზვირთებად გადადიოდა, ქალაქის ბოლოს გაისმოდა ქალაქის თავში მომღერალი რომელიმე ჭადარი, ალვა, ჩიტებსაც ჰქონდათ წაურთმევლად თავშესაფარი, ძაღლებსაც – ჩრდილი განა მარტო უკუღმართი წესებისათვის!.. ბევრნი იყვნენ, მაგრამ ყველას მაინც თავისი სახელი ერქვა, გაარჩევდი ფერით, ზნით და კიდევ იმით - რომლის მუჭში უფრო უხვად მოთოვდა ხოლმე, რომელთან უფრო დიდხანს დარჩებოდა თოვლის სტუმარი, რომ მათი მსუყე ნასუფრალით გემრიელად გული გვეჯერა!.. შენ საიდან უნდა იცოდე - ამ ხეების ძირში პოეტებიც ცხოვრობდნენ ადრე, იყო ეგეთი ძველი კასტა სევდიანი დინოზავრების, და მათ მთვრალ და აბდაუბდა ნაფეხურებს შინისაკენ სულ ხეები მიაცილებდნენ… ხანდახან ვინმე მხარზე თოფს თუ გადმოიღებდა რომ თავისი აჩრდილისთვის დაეხალა და დაესვენა, ეს ხეები შეუშვერდნენ ხოლმე გულ-მუცელს, რადგან ხეებმა აჩრდილების ფასიც იცოდნენ!.. ციდან ვიღაც დასცქეროდათ იმედის თვალით და თეთრ სხივებს სიზმრებივით ტოტზე ჰკიდებდა… ვიღაცაზე გამახსენდა და კიდევ ცაზე - შენ არ იფიქრო, რომ რაიმე გაკლია, კარგავ, მშვიდად ისუნთქე მაგ სკაფანდრში და ცათამბჯენთან ერთად აიწიე უფრო ზევითკენ, რადგან ჩვენი ერთადერთი მოძრაობა მაინც ასვლაა, რადგან, რაც უკვე ზევით დაიძრა, ვეღარაფერი გააჩერებს, შენ შეგიძლია, მაგ უთვალავი სართულიდან გადმოიხედო და დატკბე იმით, რომ არც დიდი ხარ და არც პატარა, რომ არც კი ჩანხარ და ცოტაც და, ცაში ღმერთებს მიუკაკუნებ! დედა გიამბობს ზღაპრებს ხეებზე, სხვა ზღაპრებსაც გიამბობს დედა, რადგან ესეც დედის წესია - ზღაპრებით მაინც გააადვილოს როცა რაღაც რთულადაა, რთულად და ძნელად…
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..