სისხლი, სუნთქვა შენი სხეულის. ეგ თმა, ეგ მზერა. მიწა, ხეები, მარტის ცა, შუქი - რაც ფეთქავს, შენ გგავს. შენი სიცილი, შენი ნაბიჯი - შეტოკებული წყლის ზედაპირი. ნაოჭი შუბლზე - როგორც ცაზე ღრუბელი. შენი ტანი - მზის ნიაღვარი.
სისხლი, სუნთქვა შენი სხეულის. მიწის შვილი, იცნობ მის გემოს, დარს და ავდარს, ძილსა და ღვიძილს. მზესთან თამაშობ კამკამა წყლის ჩუმი წანწკარით ადრე გაზაფხულზე, მიწისა და გაკვირტული სიგრილის სუნში.
შენ, სხვანაირი ცის ქვეშ გაზრდილო, თვალებში ახლაც გიდგას მისი დუმილი - ჰორიზონტზე წამოქოჩრილი ღრუბლის ნაგლეჯი. შენს სიცილში ახლაც იქაური სიჩუმე ისმის. ტკბილო ნაყოფო, დაბადებულო ნათელი ცის ქვეშ, ახლა გაცოცხლებს ჩვენი ჰაერი და მაგ დახშულ დუმილში ჩანს შენი ძალა. სიოს მობერვით შერხეული ბალახის ღერი - კრთი, იცინი და თავად ხარ მიწა - ხარბი ფესვი, მომლოდინე დედამიწა.
21 მარტი, 1950
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..