11:29 PM ზაზა თვარაძე - საზიზღარი სეფედავლე (ისტორია) / zaza tvaradze - sazizghari sefedavle (istoria)
|
საზიზღარო სეფედავლე, დედა რატომ გააჯავრე, რძე რომ მოგცა, არ დალიე, ჭიჭყინებდი: რძეს არ დავლევ!
მამას რატომ არ უჯერებ, ტოლებს რატომ ექიშპები, კეთილ მოძღვარს თავს აბეზრებ უადგილო შეკითხვებით,
გარე-გარე დაყიალობ, დიდ-პატარას ეურჩები, ბაღში ატმებს ტოტებს ამტვრევ, სულ დასერე ალუჩები,
იმ დღეს მნათეს ჩაძინებულს წვერზე ცეცხლი წაუკიდე, მერე მსახურს მიეპარე, შეჭამადში ჩაუწიტე,
მერე, მამამ რომ დაგტუქსა, ცხენს მოახტი, გააჭენე, ლეკვებივით დაბობღავთო - დაგვცინოდი დანარჩენებს,
ცოტა რომ წამოიზარდე, შეგებუმბლა ღინღლით სახე, ირგვლივ გლეხებს დაერიე, სამ-ოთხს ცოლი გაუბახე,
მერე ომში წაგიყვანეს, დაგვიბრუნდი ჭრილობებით, წყევლა-კრულვით აგვიკელი, დაივიწყე ზრდილობები,
მერე მამამ ივაგლახა, გაგაგზავნა მეფის კარზე, გადიდკაცდი, გაზვიადდი, დაგვთარსე და დაითარსე,
ვეზირს ქალი რომ წაგვარე, ეგ ჯერ კიდევ არაფერი, ქვრივ-ოხრების ძარცვა იწყე, გახდი ნაღდი მაროდერი,
ბავშვებს იჭერ, მონად ყიდი, ოსმალეთში განამწესებ, გაიძახი: ხომ ვარ დიდი ქსნის ციხისთავ მამამზეზე,
ვამეხს კოშკი დაუნგრიე, დასცინოდი მერე მწარედ, თუკი ვინმე ქალი ჰყავდა, სულ უკლებლივ ჩაიბარე,
გაიძახი, მაიტანსო წყალს ყოველთვის ჩემი კოკა, მამა დილეგს დაამწყვდიე, ღვიძლი ძმები ხანჯლით მოკალ,
დიდვაზირი ხომ მოწამლე, სპასალარსაც გაჰკარ კბილი, მერე ისლამი იწამე, დახვალ პლანით დაბოლილი,
მეფის მოკვლა ორჯერ სცადე, მაგრამ საქმე ჩაგივარდა, როქის ჯარი წაგასია, დაგეწია ტაშისკართან,
შაჰის ხათრით შეგირიგდა, დაგსვა კარის მდივანბეგად, მეფე როგორ მოიშორო დღე და ღამე იმას გეგმავ,
ზოგჯერ ტაძარშიაც დახვალ, ფარისევლობ, მალავ ჩალმას, ნეტა ღმერთთან ვით აპირებ შავი სულის გადამალვას,
შენ შავი ხარ, შენ ქურდი ხარ, მინისტრი და ყურუმსაღი, პარლამენტში ყელყელაობ, წვეთი სისხლი არ გაქვს საღი,
გიყვარს ყავა, ფუფუნება, თრიაქი და კარგი ფართი, სულ ფართიზე ფართიფურთობ, ცის და ქვეყნის არ გაქვს დარდი,
ირანს ფიცავ, ქართლს კი უტევ, სამეფო ტახტს ავ თვალს ავლებ, ბუტე-ბუტე, გაგებუტე, საზიზღარო სეფედავლე!
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 849 |
დაამატა: nikolozqartveli
| ტეგები: ლექსები, poezia, leqsi, პოეტი, zaza tvaradze, leqsebi, ლექსი, poeti, ზაზა თვარაძე, პოეზია
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|