11:32 PM ზაზა თვარაძე - ნიკოს ცხოველები (ბიოლოგია) / zaza tvaradze - nikos ckhovelebi (biologia)
|
ამ ჩვენს ნიკოს კარადაში უზის პაწაწინა კრავი, ბღავის, ძილსაც აღარ გვაცლის, მოგვაბეზრა ყველას თავი,
უჯრაში კი ნიკოს დიდი შხამიანი გველი უდევს, ის საბრალო იკლაკნება, სურს უდაბნოს დაუბრუნდეს,
ერთ კუთხეში აფთრები ჰყავს, მეორეში - ბეჰემოთი, მუდამ ცხოველს მოიყოლებს ნიკო, როცა სახლში მოდის,
იმ დღეს ვნახე, მოათრევდა ხბოსთან ერთად წითელ ძროხას, გაიხედავ - ვეფხვს მოიყვანს, მოიხედავ - ზებრა მოყავს,
ნეტავ ნიკოს რად დასჩემდა ცხოველების სიყვარული, ან რად უნდა ეს ამდენი მხეცი სხვისგან მოპარული?
სახლში ტევა აღარ არის, ვერ გადაჭრი ოთახს მშვიდად, - სახლია თუ ზოოპარკი?! იმ დღეს მამა ხელებს შლიდა,
მამიდამ თქვა, ნიკოს ჭირსო ჩახშობილი აგრესია! ჩახშობილი ჩვენ ვართ სწორედ, თორემ ნიკო კარგ დღეშია!
ზოგჯერ ისე გვეჩვენება, მთელი ჯუნგლი დაგვესია, კიდევ კარგი, ჯერ არ გვჭამენ და აშკარად არ გვერჩიან,
შაბათს დიდი თეთრი დათვი მთელ დღეს კუდში დამყვებოდა, ავდგებოდი - ადგებოდა, დავჯდებოდი - დაჯდებოდა, რა ვიცოდი, თუ იმ ღამეს სიზმარშიაც ჩამყვებოდა:
დამესიზმრა, ვითომ ნიკომ ჩუკოტკაზე გამასახლა, იქ დათვები დამესიენ, დამიპირეს გადასანსვლა...
გულგახეთქილს გამეღვიძა, ღამე იყო წყნარი, ჩუმი, მხოლოდ ჩემი ლოგინის ქვეშ ფაჩუნობდა ოპოსუმი...
ერთხელ ნიკომ მოიყვანა უცნაური სულიერი - დიდი ცხენის ტანი ჰქონდა, კაცის სახე და იერი,
- ეს რაღაა? - შეეკითხა ნიკოს დედა ცოცხით ხელში, - კენტავრია! - უთხრა ნიკომ - აგერ ვნახე, ვერის ხევში,
მეორე დღეს მოგვირეკა სატირების მთელი ჯოგი, დარბის დედა მათ კვალდაკვალ და იატაკს ხეხავს ჯოხით,
გასულ შაბათს დაგვახვედრა რაღაც დიდი, საშინელი, არჩილს ბოროტად უღრენდა, არ შეუშვა სახლში ნელი,
ასი დიდი თვალი ჰქონდა, მოელვარე ორი ეშვი, ნიკოს დიდხანს ვემუდარეთ ღამე სახლში რომ შევეშვით..
- რა მხეცია? - ჰკითხა მამამ შეძლებისდაგვარად წყნარად. - არგუსია! - უთხრა ნიკომ და თან გადაიხარხარა.
მერე ჰიდრა მოგვიყვანა უზარმაზარ საცეცებით, შიშით სხვენზე ავიხვეწეთ, ბნელში ხელებს ვაცეცებდით,
აქ კენტავრი, იქ ცერბერი, აქ აქლემი, იქ მამონტი, სფინქსი, დომბა, დინოზავრი... ყველას ერთად ვერც ჩამოთვლი,
დავიღალეთ, აღარ გვინდა ამ ჩვენ ნიკოს ონავრობა, მუდამ შიშით ვუთვალთვალებთ, კიდევ რამე ხომ არ მოყავს,
ძმები, დები, მამიდები, მეზობლებიც ირგვლივ ყველა ალბათ მალე გავგიჟდებით თუ რაღაცა არ გვეშველა,
გუშინ ერთხმად დავიფიცეთ: თუ მოიყვანს ცხოველს სახლში, თვითონ ნიკო მოვათავსოთ ზოოპარკის გალიაში.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 745 |
დაამატა: nikolozqartveli
| ტეგები: leqsi, პოეზია, პოეტი, ზაზა თვარაძე, ლექსი, ლექსები, zaza tvaradze, poeti, leqsebi, poezia
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|