Загрузка...
ზაზა თვარაძე - ფრაგმენტი / zaza tvaradze - fragmenti - 2 თებერვალში 2018 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 4:39 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2018 » თებერვალი » 2 » ზაზა თვარაძე - ფრაგმენტი / zaza tvaradze - fragmenti


11:39 PM
ზაზა თვარაძე - ფრაგმენტი / zaza tvaradze - fragmenti
სიზმარში მითხრა: "პრივეტ!" მაკოცა
(როგორ უხდება ამ ქალს ღიმილი)
კოცნისას მკერდი ოდნავ შემახო:
"სად დაიკარგე?"
- არსად. აქა ვარ.
მკლავგაყრილებმა გავისეირნეთ
ამ ლანდებიდან იმ ლანდებამდე:
"ეს სამყაროა. ეს კი - თბილისი"
- ვიცი თბილისი აქ დავიბადე.
ჭონქაძის ქუჩას ავყევით აღმა
"ეს სახლებია, ეს - მანქანები"
- ესენიც ვიცი.
"აბა რა გითხრა?"
- მითხარი რამე მნიშვნელოვანი
"მნიშვნელოვანი!" - მითხრა დუმილით.
- დიდი მადლობა.
ხეთა ჩრდილებში
გავყევით ქუჩას, როგორც ჩრდილები.
"ეს ხეებია, ეს - ხალხი დადის,
ამ სახლში ჩაიკოვსკი ცხოვრობდა"
- ვინ ჩაიკოვსკი?
"კომპოზიტორი"
- ჰო, ეგეც ვიცი.
ავუხვიეთ ცხაკაიაზე.
"ამ სახლში ცხოვრობს თამაზ ჩხენკელი"
- თამაზიც ვიცი. მეც მაგ სახლში ვარ დაბადებული.
დავეშვით ქვემოთ, რუსთაველისკენ.
"ეს სიზმარია. აქ ცეკა იყო.
ამ შენობაში პარლამენტია",
- რა პარლამენტი?
"საქართველოსი,
ეს სიზმარია!" - მითხრა მეორედ
- ვიცი სიზმარიც. არ დამვიწყნია,
მეც მაგაში ვარ დაბადებული.
"მაშინ განვაგრძობ: რა კეთილია
ადამიანი, ოღონდ ცოტა ხნით.
ეს აკაკია, ეს კი - ილია,
ეს - ჩვენი სკოლა, აი ოთახი,
სადაც ყოველდღე მელოდი ხოლმე
დაწყებით კლასში, ცხრიდან ათამდე".
გავცდით სკოლასაც, გავცდით მათხოვრებს,
ეჰ, ნეტა ეს გზა არსად გათავდეს!
"კი, გათავდება" - მითხრა დუმილით,
მაინც გავიგე მისგან ნათქვამი,
გამოღვიძების მკლავდა სურვილი,
ცაში კი ღრუბლის ლევიათანი
სიხარბით ნთქავდა ცხადის ნაპირებს
და უცნაური რისხვით გრგვინავდა
და ვთქვი სიზმარში:
- ავდარს აპირებს...
ეჰ, ნეტა შენთან დამაძინა და...
"რა საჭიროა. შენ უკვე გძინავს
ისევე, როგორც ყოველ ხორციელს.
გესმის, ზეციდან დრო-ჟამის გრგვინვას
ცხადის ხმა როგორ წარუხოციეს"
ხელი შემახო. ავყევით აღმართს
"აქ ჭავჭავაძის ქუჩა იწყება,
აქ კი შენ ცხოვრობ!"
ღმერთო, რა გახდა
გამოღვიძება, გამოღვიძება!
გავცდით აფთიაქს - ისევ სიზმარში,
ავყევით კიბეს თვით ჩემს ბინამდე:
"გააღე კარი!" მითხრა სიზმარში,
მეც ჩემი გული მის ხმას მივანდე.
"შედი!" - შევედი. ჰა, ჩემი ბინა!
გემორჩილები, გემორჩილები!
დავხედე საწოლს - იქ მე მეძინა,
პირზე მეფინა რაღაც ჩრდილები
და თვალთა ოდნავ შეხსნილი გარსი
თითქოს უჭვრეტდა სიზმრებს ლიბრიანს,
ხედავდა ქალაქს, გაფრენილს ქარში,
ხედავდა დღეებს, შორს რომ მიჰქრიან,
და უცნაური დრო-ჟამის ქროლა
გადაეფინა კედლებს, კარადებს,
მამცვრია სხივი სარკეთა ბროლმა -
თითქოს ღმერთებთან მალაპარაკეს
და ვთქვი სიზმარში:
"ტკბილო, ნათელო,
არ გიღალატებ მე შენ არასდროს,
თუნდაც გაირყვნას მთლად საქართველო
და მარტოობამ სიქა გამაძროს,
თუნდ ხორციელმა ყველამ დამწყევლოს,
ვეღარსად შევხვდე ტოლს და თანასწორს!"...
ეს ვთქვი სიზმარში... მაგრამ ვერცა ვთქვი,
რადგან მისმა ხმამ წამით დამასწრო
და წამით ადრე, სანამ ვეტყოდი
(თითქოს გულს მედვა რამ დასამალი)
მომიგო სიზმრად:
- სამჯერ უარმყოფ,
დაიყივლებდეს ვიდრე მამალი!"
ეს მოხდა წინათ, ეს მოხდა მაშინ,
როცა მეფობდა ტფილისს იროდი.
მე გამეღვიძა - ისევ სიზმარში -
და იყო ღამე. და მე ვტიროდი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 816 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ლექსები, leqsebi, leqsi, poeti, პოეზია, პოეტი, zaza tvaradze, poezia, ზაზა თვარაძე, ლექსი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2018  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0