ერთხელ საღამოს ვიჯექი მარტო, წინ მედგა ვისკი, არ მქონდა ძალა არც სიცოცხლისთვის, არც სიკვდილისთვის, არც ოცნებისთვის, სული რომ მალავს, თავზე მეხურა, რაღაც გლეხურად, მეზობლისაგან ნათქერი ჭერი, ვგავდი მტრებისგან ნაკორტნ ბეღურას, თუმცა ამქვეყნად არა მყავს მტერი, ვერ ვგრძნობ ამხანაგს, მხოლოდ ხანდახან როგორც ქარხანა, მიშტამპავს შეშლილს ეს ცრუ ქალაქი, და გადაფარავს წამიერ სითბოს უწმაწურ გესლით, მხოლოდ ხანდახან ქუჩის ტრომბებში არტერიული იყმუვლებს წნევა, როგორც ალხანას თავის ჩალხანა მიკივლებს: ჰეი! ადექი! მე ვარ! მოდის ძმაკაცი ლოთურ ბარბაცით და ღრანჭებიდან ნიჰილიზმს ისვრის, უსაზრისობა საზღვარს გადაცდა, საზღვარს გადმოცდა ქვესკნელის ნისლი, ზღვიდან მოტანილ ფერად ნიჟარებს ვალაგებ, როგორც ბარტყების გვამებს, თავს ვეღარ ვაღწევ მლაშე სიზმარეთს, საშიშ აკორდებს, შემზარავ გამებს, რაღაც ციფრებად იქცა სინათლე, სულიც იღვრება სისხლად და წყალად, მივდივარ სადღაც, ძლივსღა მივათრევ შერჩენილ ბოდვებს სულ უფრო მკრთალად, ხელს მიქნევს ჩონჩხი ძმური სინაზით: «წამო, ძამიკო, გავცდეთ ამ ქალაქს, ჩაკარგულს ქვაში, ჩაკლულს რკინაში... წამო, ძამიკო! გავიქცეთ ჩქარა!»
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..