რამ დაგაღონა? - მკითხა ერთხელ მწვანე ბალახმა. მე ვუპასუხე. და ბალახი სწრაფად გადახმა. რა დაგენანა? - მკითხა უკვე გამხმარმა ველმა. მე ვუპასუხე. მან კვლავ მწვანედ დაიწყო ღელვა. იქ ქარი ქროდა, იქ ჩიტების გუნდი გალობდა და ყველა საგანს ახლდა მკაცრი მიუვალობა. "რა დაივიწყე?!" - ხმაურობდა მთელი ადგილი, მე ვუპასუხე - რაღაც სადა, რაღაც ნამდვილი. თუ სინამდვილე სიზმარია, რაა სიზმარი? _ ეს მე არ ვიცი, მე ვარ კუშტი და საზიზღარი, რადგან ვიცხოვრე აუტანელ განცდის ამარა, რომ წინდაწინვე ბედმა რაღაც დაასამარა. რა არის გრძნობა - სისხლისფერი მძიმე ყვავილი, მე ბილიკებზე გაქარვებულ სევდით გავივლი და უჩვეულო ხმით შემძახებს მთელი ბუნება, რომ სინანული ჩემს გულს ცეცხლად ელამუნება. მე მესმის განცდა, მე ბალახის მესმის სიმღერა, მე ისიც მესმის, სინამდვილე როგორ ირღვევა. მაგრამ ერთხელაც დავიწყება მთხოვა ბალახმა. მეც დავივიწყე. და ბალახი ისევ განახლდა.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..