მთავარი » 2018»მარტი»15 » რატი ქართველიშვილი - დედას / rati qartvelishvili - dedas
10:57 PM
რატი ქართველიშვილი - დედას / rati qartvelishvili - dedas
მინდა ხელში აგიტაცო და მზედ გაქციო, რომ შენი სხივით განათდეს ზეცა, რომ შენი ნათლით ამენთოს თვალი, რომ ჩვენი ძველი ზაფხულის სახლი ისევ აივსოს ჭრელი ფუტკრებით და სურნელებით მაისის თაფლის; რომ გაბზარული ფანჯრების მინებს აზანზარებდეს მტრედის ღუღუნი, როგორც ბუზღუნი დილით მოხუცის – ძვირფასი ექო ჩვენი წარსულის. მინდა, რომ ისევ შემოგვესმოდეს ჩუმი ჭრიჭინი მარწყვივით ტკბილი ძველი ბაღისა, როგორც ჭრიალი ჩვენი ბოხვერა კაკლის კარადის და მისი სარკის ცისარტყელები ზანზალაკივით აწკრიალებდეს უცნობი ბავშვის სულის კივილებს; მტვრიან ლამპასთან ვიღაც ფურცლავდეს ნაცნობი წიგნის ძვირფას სიმღერებს: შორი ტყიდან მონაბერი სიო ფარდას კვლავ არხევდეს და მის კალთის აწევისას შენი კაბის ჩრდილს აჩენდეს… მინდა ხელში აგიყვანო, როგორც პატარა, და მზის კოცონში, როგორც კოცნაში დაგწვა, რომ შენი ფერფლის მსუბუქი ფიფქით გადაიპენტოს მთელი სამყარო, რომ შენი სული, თეთრი კვამლივით, ამ ცოდვილ მიწას გადაეფაროს.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..