როგორი იქნება ხვალინდელი დღე ერთი კვირით წინაც შემიძლია წინასწარმეტყველება და ერთი წლით ადრეც. ხვალ იქნება, ისე როგორიც იყო გუშინ, გუშინწინ და როგორიც იქნება ხვალ ისე იქნება ზეგ! არავითარი მოულოდნელობა დილით სამუშაოსკენ სირბილით, შუადღეს ძვლებში ფესვებგადგმული დაღლილობით ბუფეტში ეკონომიური ულუფისკენ.
არანაირი სიახლე, დიდება მოწყენილობას, მოწყენილობას დიდება! არც ერთი გრამით მეტი სანელებელი, დიდება ერთფეროვნებას, ერთფეროვნებას დიდება! რაიმე ახლის ეჭვიც კი არა. უსახურ დღეებს დიდება, დიდება, დედება, დიდება!
დღეს ისე როგორც გუშინ ხვალ ისე როგორც ახლა, მაისი როგორც აპრილი, წელს ისე როგორც შარშან. ვატრიალოთ წინ და უკან
ვატრიალოთ დღე და ღამე
არაფერი შეიცვლება,
არაფერი არც ხვალ,
არც ზეგ!
ბუფეტში თანამშრომლები შემოდიან, დგას ახალგაზრდა გოგო დახლში, როგორც გაზაფხულზე გამოცლილი ქილები სარდაფში. კლიენტები მას გზიდან უღიმიან სიახლის იმედით და ეკითხებიან, – რა არის დღეს ახალი აბა??? გოგონას პირში ბაიყუშები წამოწოლილან და ამთქნარებენ, მე კი ვპასუხობ, – დღეს ისე როგორც გუშინ, სუპი ყვავილოვანი კომბოსტოთი, შიგ ჩახეხილი სტაფილოთი და ხახვით… გოგონა იღიმის და კლიენტებს ეგებება. საბაზრო ეკონომიკის წარმატების წესი პირველი, – გაუღიმე მომხმარებელს! გახლეჩილი ბაგეები სტუმრებს ეგებება… ღიმილიანი ტუჩები! მიდი,
მიდი, მიდი გოგონავ, მიაგებე ღიმილი კლიენტებს, შეასრულე წესი პირველი, არ გაჩერდე! ან კი გაქვს რამე ღიმილზე მეტი რომ არ გაჩერდე?! თითქოს კითხულობს პატარა კახპა ჩემს ფიქრებს და მნებდება, იღიმის. ის იღიმის, მისი ბაგეები იღიმიან და ასოს მოლოდინით გადაფურჩქნულ საშოსავით არის ის ღიმილი, ქვეტექსტით – ღრენა.
ვჭყუმპალაობ დილით და უცბად მოვარდნილი ცივი წყალი მახსენებს, რომ გასცდა ხარჯი საკუთარ ღირებულებას. ისე დაარეგულირა ბაზარმა ჩემი ფასი რომ დასვენებაზე ფიქრსაც კი არ აქვს აზრი. სხეულს შია სხეული დალაგებას მთხოვს, სახლიც ასევე… სხეული დაღლილია, სხეულს აღარ უნდიხარ, სულსაც ასევე. სხეულს აღარც საკუთარი თავი უნდა, ასე დაღლილი სულ, სულ, სულ, სულ აღარც შენ გინდივარ. ასე დაღლილი სულო როდემდე უნდა იყო, სულ, სულ, სულ??? ჩვენ ვშორდებით ერთმანეთს და პირში ჩარგული ლექსები მიხმებიან, ისე, რომ აღარავინ ყავთ მსმენელი.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..