მთავარი » 2018»მარტი»15 » ანდრო დადიანი - ფრაგმენტი საკუთარი დღიურიდან / andro dadiani - frangmenti sakutari dghiuridan
11:05 PM
ანდრო დადიანი - ფრაგმენტი საკუთარი დღიურიდან / andro dadiani - frangmenti sakutari dghiuridan
‘’დღეს ჰომოფობიური ხასიათის ბულინგი მომიწყვეს თანამშრომლებმა, პირველად მივედი სამსახურში საყურით და ვისაც არ დაეზარა უფროსიდან დაწყებული ყველამ დამცინა, მერე ჩემს სექსუალურ გემოვნებაზე მოიწყვეს იუმორისტული საათი, ღლიცინებდნენ, იღრიჭებოდნენ, მასხარაობამ ისე შეიყოლია, ადამიანებს აღარ გავდნენ, მე კი ოთახიდან გასვლა არ შემეძლო, არც არაფერი შემეძლო გამეკეთებინა მათ წინააღმდეგ“
ფრაგმენტი საკუთარი დღიურიდან
მათი სიცილის ხმა ფანჯრებს ზარავს…
ისინი ჯოგებად გადაადგილდებიან,
ლურჯი ავტობუსებით
არტერიებში შედიან და ქალაქს სერავენ.
ბალზამად ედებიან მთელ შიგანს
და სიცოცხლის ყველა გამოვლინებას აქვავებენ.
გაყინული ჩიტები ტალახში ყრია.
გონება შიშით იტბორება.
ცაო ქვით დაგვსეტყვე
და მზეო ცეცხლოვან მახვილებად აქციე შენი სხივები.
კედლებს ასკდება სიცილი,
ჰაერში დახეული ოლარები ტკაცანებს,
ბარძიმები სკდება
და წითელი ღვინის ნიაღვარს მიაქვს ქუჩები.
ანგელოზთა კრებული მომიჩინე უფალო
მახვილშემართული,
ღმერთთან მებრძოლი იაკობის ძალით
ანგელოზთა კრებული.
ისინი საწოლში მივარდებიან
და ღმილიანი ტუჩებით მჭამენ ცხოვრებიდან.
თვალებში ნემსებს გავიყრი,
ოღონდ ნუ მაყურებინებ ქალაქს ამ ზიზღის საფუარით,
ცხრა თვე ცეცხლზე ვივლი ფეხშიშველი
და თავს დავიმარხავ საზიარო საფლავში,
ოღონდ გამარიდე აქაურობას.
გადმოგვაყარე გალავნის ლოდები და გასრისე
ზიზღით მიხრწნილი, ლეშით სავსე ქალაქი,
მიწა ჰქმენ უნაყოფო და ცოლნი უძეო მათთვის,
ან გადმოგვაყარე გალავნის ლოდები.
მომეც ცრემლნი ვითარცა მეძავსა,
და ღაღადი ვითარცა მეზვერეს,
შესავედრებელი ჩემი ხარი შენ
და შეგვედრი შენ,
მიწყალე მე დიდითა წყალობითა შენითა
და დამიცავი,
დამიცავი ამ ღიმილიანი დრაკონებისგან უფალო.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..