მთავარი » 2018»მარტი»15 » შოთა პაპავა - როგორ დავწეროთ ლექსი ცეცხლის დანთებაზე / shota papava - rogor davtsero leqsi ceckhlis dantebaze
11:12 PM
შოთა პაპავა - როგორ დავწეროთ ლექსი ცეცხლის დანთებაზე / shota papava - rogor davtsero leqsi ceckhlis dantebaze
როდესაც გინდება ხანდახან ადამიანს ლექსის დაწერა ცეცხლის დანთებაზე ისეთის რომ რჩევად დარჩეს შვილებს აი რა უნდა ქნა პირდაპირ ნურავის მიმართავ თუნდაც შვილებს თუმცა წერე ისე თითქოს მათ წერდე დაიწყე იმით რომ ხანდახან ყველას უნდება ცეცხლის დანთება მერე ჯერაც არ ნახსენებ შვილებს ორი არსებული მიდგომიდან ერთი ურჩიე და დრამატურგიისთვის თქვი რომ ერთს ვითომ მათი დედა ემხრობა არქიტექტურას სადაც ცეცხლს ვაშენებთ როგორც ბიბლიოთეკას ვიწყებთ ქაღალდის ოთახით და მის გარშემო ლამის მართი კუთხეებით ვაგებთ შენობას თანმიმდევრულად პატარა საშუალო დიდი კედლებით ისე რომ ზუსტად ვიცით სად წავუკიდებთ და რომელი ფასადის მიმართულებით განვითარდება წვა
მეორე მიდგომა შენი იქნება მამის მებაღის არქიტექტურის ალტერნატივა სადაც ვიწყებთ ხის გულით ვირჩევთ იმ თესლს რომლის გარშემოც განვავითარებთ ცეცხლს და რომლის პირველად გადახრაზე დამოკიდებულია ყველაფერი ამიტომ სწრაფად ვანთებთ და მერე მის ზრდას ვემორჩილებით და მხოლოდ მზად ვართ ხელში გაზეთით ან ხმელი ტოტით რომ შევეშველოთ და მუდამ მივცეთ ის ნიადაგი ანუ ჰაერი რომელიც ვიცით რომ მას სჭირდება ოღონდ ისე რომ არ ამოვიდეს ველური და ჩვენ გავუძღვეთ პროცესს რომელმაც უნდა წარმოშვას ის ხილი რომლის გემო ჯერ არც კი ვიცით დასასრულისკენ იმისთვის რომ შეკრა ლექსი ცეცხლის დანთება ლექსის წერის მეტაფორად გამოიყვანე
კი კი ასე სჯობს თან ძველ ბერძნულზე ალუზია ხომ ყველას უყვარს სადაც პოეზია ნაკეთობაა კომპოზიცია (არ დაგავიწყდეს ძველი ბერძნული) ბერძნულიდან კი ინგლისურსზე გადი (ვინ იცის ვინ წაიკითხავს მართლა შვილებს ხომ არ წერ) და ახსენე რომ ინგლისური
ველური ენა უფრო ზუსტად გამოხატავს იმ მეტაფორას რომლითაც უნდა დაამთავრო ლექსი იქ ხომ ცეცხლს არავინ ანთებს
მას აშენებენ ან აკეთებენ
ჰოდა ამიტომ ლექსიც და ცეცხლიც
პოეზიაა არქიტექტორის ან და მებაღის
და აი აქ კი არჩევნის წინ ხარ ან გააგრძელებ იმ მეტაფორას სადაც შვილებიც პოეზიაა ან მას დატოვებ გაუჟღერებელს ეგ შენღა იცი.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..