მთავარი » 2018»მარტი»15 » შოთა პაპავა - სამოცი დღე / shota papava - samoci dghe
11:15 PM
შოთა პაპავა - სამოცი დღე / shota papava - samoci dghe
სამოცი დღეა ათრევ შავ მიწას ნაკელით სავსეს ბოსტანის საბანს სამოცი დღეა თოხნი და ბარავ სარეველებთან მუდმივ ბრძოლაში სამოცი დღეა გამომხმარ ქლიავს აჭრი მკვდარ ტოტებს ისე რომ დარჩეს ჯანმრთელი გული რომელიც ისევ მოისხავს რამეს ტკბილსა და მჟავეს სამოცი დღეა ბალს ელოდები მაღალ ფერდობზე ის გვიან მოდის ორმოცი კილო ამ ერთი ხიდან? ვჭამოთ, ვაჩუქოთ მერე მურაბა სამოცი დღეა პომიდვრის მორწყვა დაბალი წნევით მიწასთან ახლოს სანამ ჩითილი ზევით არ წავა სარს არ მოითხოვს და დამძიმდება სამოცი დღეა ყვავილებს უვლი რა მაზალოა ეს ყვავილები მაგრამ ფუტკარი როდესაც მოდის მაინც ღირდაო ამოიხვნეშებ მერე თხილი და ლეღვი იქნება მაგრამ შენ მხოლოდ სამოცი დღე გაქვს ჭიშკარის იქით სუბარუ გელის სუბარუს იქით ისევ თბილისი ლეღვი და თხილი? ვერ მოესწრები! მეზობლის ქალი მანანა დაკრეფს
ვიცი მივქარავ ვარომანტიზებ ‘აბა მიდი და სულ იქ იცხოვრე’ ‘ფული აქ არის და კაპუჩინოც’ ‘კაფეს კულტურას ვერ მოშორდები’ ‘შენ ხალხი გიყვარს’ ‘მარტო ვერ გაძლებ’ ‘ბავშვებს სკოლაში იქ სად გაუშვებ’ ‘ტოჟე მნე ბურჟუის ნაროდნიკობა’
არადა სადაც არ უნდა ვიყო მოვა აგვისტო
და agaonidae ლეღვის კრაზანა შეძვრება ლეღვში იქ ფრთებს დაკარგავს კვერცხებს დადებს და იმწამს მოკვდება კვერცხებიდან კი წითელ სიტკბოში შემოვლენ კვლავაც ლეღვის წმინდანნი უფრთებო ძმები მათ ფრთიან დებთან დაწყვილდებიან და მერე ლეღვში ხვრელს გამოთხრიან
სიცოცხლის ფასად ხვრელს რომლიდანაც კვერცხებით სავსე რჩეული მდედრი მორიგი ლეღვის საძიებლად გაფრინდება და დაიწყება თავიდან ციკლი რომლითაც ცოცხლობს ლეღვი უკვე ოთხმოცდაათი მილიონი წელი
მეორე წელი სამოცი დღეა ბაღში ვფუსფუსებ სანამ თბილისი ბედივით მელის ნეტავი რამდენი მილიონი წელი გაგრძელდება ეს ციკლი?
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..