Загрузка...
ლაშა მარგიანი - ფრენა / lasha margiani - vuela - 20 აპრილში 2018 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 9:51 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2018 » აპრილი » 20 » ლაშა მარგიანი - ფრენა / lasha margiani - vuela


9:04 PM
ლაშა მარგიანი - ფრენა / lasha margiani - vuela
სანამ იმდენად უბრალო ხარ,
რომ არ შეგიძლია,
ქარის მოტანილ მტვერს ზურგი შეაქციო.

სანამ გჯერა,
რომ შენშიც არის რაღაც,
ისეთივე წარმოუდგენელი, როგორც მოხუცი ქრისტე.

სანამ ნერვები,
ჯიბიდან ამოღებული ყურსასმენებივით გაქვს გადახლართული,
შეხსნი და თასმებს დაემსგავსება.

სანამ გჯერა, რომ შეშლილი ხარ.
სანამ გჯერა, რომ ოცნებობ.

ცა ყოველთვის უფრო ვრცელია,
ვიდრე შენს თვალებში ეტევა,
მაგრამ შენი თვალები უფრო ღრმაა,
ვიდრე მანძილი, ტერფებიდან ვარსკვლავებამდე
და ამ ღრუბლების ქვეშ მდგარმა,
მაინც არ შემიძლია გითხრა,
რომელს უფრო გრძელი გზა აქვს გასავლელი,
წვიმას თუ ცრემლებს.
წვიმას ყოველთვის შეაფარებ თავს,
მაგრამ წყვილ ცრემლს სად გაექცევი
და ცრემლებისგან გასხვავებით
წვიმას არასდროს არავინ ჰკითხავს, რატომ დაიწყო.

ვინც გასაფრენად ბეჭებიდან ფრთების ამოზრდას ელოდება,
დაავიწყდება რომ ცა არსებობს.

მივფრინავ, თუმცა ისიც ვიცი,
რა სიმაღლეზეც არ უნდა ავფრინდე,
ცა ბოლოს მაინც ხელს გამიშვებს,
რადგან ცაში არაფერია ხელმოსაჭიდი, გარდა უფლისა.

როგორი უბრალოა ჩვენი ოცნენები
და როგორი მიუწვდომელი.

ადამიანებზე მეტად
საკუთარ იღბალს არ ვენდობი,
მაგრამ მაინც მივყვები ხოლმე.

მხოლოდ უიღბლო, უშანსო, განწირული ადამიანი
თუ დაიწყებს ბედთან ბრძოლას,
განა იმიტომ, რომ არაფერი აქვს დასაკარგი,
პირიქით, ყველაფერი რომ არ დაკარგოს
და მე არასდროს გამეცინება მის გარდაუვალ მარცხზე.

ის ვინც ჩარჩოში არ ექცევა,
ოთხპირ ქარში უწევს ცხოვრება.

რამდენი რამეა რაც სიკვდილამდე არ დამთავრდება.

წარსულსა და მომავალს შორის,
მუდამ კარში მიყოლილი თითივითაა ჩემი აწმყო.

წარმოდგენა არ მაქვს,
როგორი შეიძლება იყოს სამოთხე,
მაგრამ ჯოჯოხეთის შესახებ
გამოსაცნობიც თითქმის აღარაფერი დარჩა.

რა განსხვავებაა,
შენი სახლის და იმ მატარებლის ფანჯრებს შორის,
რომლითაც არასდროს გიმგზავრია.
ორივეს მიღმა სიკვდილი დგას
და თითქოს გადამწვეტი რაუნდის გონგს ელოდება,
მას არა, ეს მხოლოდ შენ გჭირდება სუფთა ჰაერი, ღრმად ჩასუნთქვა,
მას არა, ეს მხოლოდ შენ გჭირდება შესვენება,
მას არა, ეს მხოლოდ შენ გჭირდება გამარჯვება.

გზა რომელსაც ადგახარ,
შესაძლოა, უფსკრულში მიექანება,
მაგრამ მთავარია გწამდეს
და შიგ გადაჩეხილს,
ფსკერის მაგივრად ცა დაგხვდება.

რა აზრი აქვს,
გზის იქამდე გაკვალვას,
საიდანაც უკან დასაბრუნებელი ძალა შეგრჩება.

ღმერთი იმ სიშორეზე არასდროს დაგიცდის,
სადამდე მისვლასაც ვერ შეძლებ.

მინდა ტრიალ მინდორში გავიდე,
ღია ცის ქვეშ გულაღმა დავწვე,
არც არაფერი ვთქვა,
არც არაფერზე ვიფიქრო
და იქამდე ვიყო ასე,
სანამ მკერდს ყვავილები არ ამომინგრევენ.

რამდენი ადამიანი მყავს გულში
და როგორ არცერთმა არ იცის,
იქ რა ხდება.

ალბათ, გულიც გზაჯვარედინია,
მაგრამ სისხლმა დაუფიქრებლად იცის საით წავიდეს.

მერე, მართლა აუტანელი იქნებოდა ცხოვრება,
ტკივილიც რომ მტკივნეულად ყუჩდებოდეს.

სიცოცხლეს სათადარიგო გასასვლელი არ გააჩნია,
ამ ცხოვრებისგან თავის დაღწევის
ერთადერთი გზა სიკვდილია.

რა იქნებოდა ჩემი სისხლი კვამლივით იყოს,
რომ გადახსნილი მაჯებიდან
და გამოღადრული ყელიდან,
მიწაზე კი არ დაიღვაროს, ცისკენ წავიდეს.

ერთხელაც, სიგარეტს ვარსკვლავებიდან გადავუკიდებ.

ვინც დღისით ეძებს ვარსკვლავებს,
ჩათვლის, რომ ისინი არ არსებობს.
ღამით კი გვძინავს, ძალიან ღრმად, ამაოებით გადაღლილებს,
გაღვიძებასაც მაღვიძარას იმედად ვტოვებთ,
რადგან მომდევნო დილა ჩვეული კვდომის გაგრძელებაა
და არა სამუდამო სიცოცხლის დასაწყისი.
ალბათ, ღმერთსაც ამიტომ ვერ ვპოულობთ,
ალბათ, ღმერთსაც ჯოჯოხეთში ვეძებთ.

ვინ უნდა მიგიღოს ისეთი, როგორიც ხარ,
როცა თვითონ ვერ ეგუები საკუთარ თავს.

თუ გინდა ყირაზე დადექი,
მაინც არ ესმით შენი.

მიტოვებული სახლის ფანჯარას ვგავარ,
შიგნიდან რომ აღარასოდეს გამოიღება,
მხოლოდ გარედან თუ ჩაამტვრევს ვინმე.

სულერთია, ვბოდავ თუ საღ გონებაზე ვარ,
ერთადერთი, რისი თქმაც უსიტყვოდ შემიძლია,
არის ის, რომ მიყვარხარ.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1150 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: 27 თებერვალი, პოეზია, 27 tebervali, ლაშა მარგიანი, poezia, ვუელა, me vcade mainc, vuela, lasha margiani, მე ვცადე მაინც | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2018  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0