Загрузка...
რობერტ მესხი - ნიჟარები / robert meskhi - nijharebi - 25 ივნისში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:06 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ივნისი » 25 » რობერტ მესხი - ნიჟარები / robert meskhi - nijharebi


8:52 AM
რობერტ მესხი - ნიჟარები / robert meskhi - nijharebi
/ფიქრიას/

კოჯრის ტყის სიზმრები რომ დავისიზმრეთ, გახსოვს?
ისეთი თოვლი იყო,
ფილტვებს პეპლის ფრთებივით ვშლიდით,
მერე ამ ფრთების ბოლოებიდან,
უამრავი კილომეტრების მიღმიდან
გამოჩნდა სპილენძისფერი ზღვა
და ჩვენც სხვადასხვა ზომის ქვებისგან
საკუთარი სხეულები ავაწყვეთ,
საკუთარი ხმები ნიჟარებზე ჩავიწერეთ
და ბალიშის ქვეშ ამოვიდეთ,
რათა ძილშიც ერთმანეთისთვის გვესმინა.
იმ ქალაქში არ ქროდნენ გაბრაზებული ქარები,
ჰორიზონტს მიყრდნობილი გემები
ვეშაპებს ბაძავდნენ და
კარკასებზე ღუზების რაკუნით საუბრობდნენ.
იმ ქალაქში არ იყვნენ ღამურები,
ამიტომ რომანტიკული წყვილები
თამამად ადიოდნენ სახურავებზე
და შეჰყურებდნენ ღამის ცას,
რომელიც ყოველთვის იძლეოდა უეცარი წაბორძიკების,
სუნთქვის შეკვრის,
მცივას და რა ლამაზიას თქმის საბაბს,
და ცრიდა.............
ამ ცას სიგიჟემდე უყვარდა წვიმა,
ჯამბაზივით მიმოდიოდა წვიმის თოკებზე
და ცისარტყელას რგოლებს ატრიალებდა.
გახსოვს,
როცა აღმოვაჩინე, რომ სახლი არ მქონდა,
ობოლი ბავშვივით დავიბენი,
მიწისქვეშა გადასასვლელების ხმაური გავიზეპირე
და უცებ გამახსენდა, რომ ერთ დროს
შენ იყავი უფრო მე, ვიდრე მე,
და შენი სახლი უფრო ჩემი, ვიდრე ჩემი,
და შენი სუნთქვა უფრო ჩემი, ვიდრე ჩემი
და ხელისგულზე ჩამქრალი სიგარეტიც გამახსენდა
და დაგიძახე.
ეს იყო მაშინ,
როცა საფოსტო მტრედებივით დაფრინავდნენ
და უხმოდ სწვდებოდნენ ერთმანეთს
ჩვენი ხმები.
...”ნაიკის” დახეული ბოტასი თუ გაქვს
და შავი ჯინსის შარვალი
და ყველა ჩამქრალი ფარანი
სიმდის მოცეკვავე გგონია,
წერ.
წერ ჟღალწვერა მოხუცზე,
რომელიც ასევე წერდა,
ყოველდღე სერვეთას ყავახანაში დადიოდა
და იმ ქალს იხსენებდა,
რომლის თვალებიც
ენგურიდან ახლადამოყვანილი კალმახის კოპლებს წააგავდნენ.
წერ ზღვაზე,
რომელსაც ნაპირი მწვანე დეკოლტესავით ეცვა
და ტალღები ჯიშიანი ქალის მკერდივით უდუღდა.
წერ ომზე,
სადაც...
რისთვისაც...
როდესაც...
რის გამოც...
დანგრეული ციხის ჯებირებთან
წყალმცენარეების სუნში აღრეული
გახრწნილი დელფინების სუნი იდგა და
თვალდათხრილი ქალები ავტომატის ტყვიებს ეძებდნენ
ფერდში,
მუხლებში,
თირკმელში,
გულში...
ყოველთვის,
როცა მზე პირს იბანს,
ცისარტყელას ზონრებზე გამობმული ქალაქი-არლეკინი
უწონად მდგომარეობაში გადადის.
იქ არც ჟანგბადია,
არც ნახშირორჟანგი,
იქ სარეველა ბალახები ვაგზლის ქვაფენილზე ამოდიან
და სამგზავრო მატარებლებს ელიან.
ამბობ, არ გვინდაო ომზე...
თხილის წკნელებისგან დაწნულ შეზლონგებს მთავაზობ,
თუთის ზეწრებზე მაწვენ...
მე ხომ აბრეშუმის ჭია ვარ
და მუდამ გაფრენაზე ვფიქრობ,
მე ხომ აბრეშუმის ჭია ვარ
და საკუთარ თავისუფლებას ვატყვევებ,
მე ხომ აბრეშუმის ჭია ვარ
და მაინტერესებს
მართლა მაცლიან ჭუპრიდან გამოფრენას,
თუ ცხელი ჰაერით მომგუდავენ,
რათა ჩემი დანერწყვილი კედლები
შრიალა პერანგებად აქციონ.
უფერული ღრუბლები,
უსახელო გმირები და
უპილოტო თვითმფრინავები დაფრინავენ
ჩემი სამშობლოს ცაზე.
ჩემს სამშობლოში,
როგორც ექსპერიმენტულ ელექტროღუმელში,
მილეთის მზარეულები ჩამოდიან და
უცნაურ ნამცხვარს აცხობენ:
ერთი მეორედი მე,
ერთი მეორედი შენ,
ერთი მეორედი ის...
(ნახევარი კაციო, რომ იტყვიან!..)
ერთი მეორედი მთვარე
(ცაზე რომ მოჩანს ის კი არა, რომ არ მოჩანს),
ნახევარი ჭიქა გესლი,
გესლზე ცოტა მეტი იმედი,
ბებიაჩემი _ გასული საუკუნის მრავალწერტილი...
მისი ჩაწურული თვალები
(თუკი ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია)...
კარგად მოვურიოთ,
ვაცხოთ ნელ ცეცხლზე რამდენიმე თვე,
ან რამდენიმე წელი...
ზემოდან მოვაყაროთ წვრილად დაფშვნილი მიწა
გაგრიდან,
გუდაუთიდან,
სოხუმიდან,
გულრიფშიდან,
ოჩამჩირიდან,
ტყვარჩელიდან,
გალიდან...
აი ის, ცხვირსახოცებით რომ ჩამოაქვთ
დევნილთა კუბოებზე მოსაყრელად.
ვდუმვართ.
დუმილი ვასწავლეთ ყველაფერს:
გაბზარულ ჭიქებს,
წვიმიან ფანჯრებს,
ეჭვიან საათებს...
მხოლოდ ნიჟარები გვახსენებენ,
ღამეს რომ სანთლები აკლია,
სუნთქვას რომ სიხშირე აკლია,
პალმებს რომ წყალი აკლია,
და ჩვენ - ერთმანეთი.
წავალ,
სქელფერდიან გემებს ვინახულებ,
მტირალა ნიჟარებს ჩავუტან,
რათა ყოველი აჩქარებისას წყალწყვის ხაზზე დაიდონ
საკუთარი გულისცემის მოსასმენად.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1288 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსები პოეზია, robert mesxi, robert meskhi, leqsebi, leksi, რობერტ მესხი, leqsi, leksebi, Literatura | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0