მთავარი » 2015 » ივნისი » 30 » ცირა კილანავა - ხსოვნა ანუ ჰომოქრონოტოპი / cira kalanava - khsovna anu homoqronotopi
7:57 AM ცირა კილანავა - ხსოვნა ანუ ჰომოქრონოტოპი / cira kalanava - khsovna anu homoqronotopi
(ლექსი იმაზე, რაზეც სტატია უნდა დამეწერა)
,,დგომა მგზავრისა ცდომაა” /რუსთაველი/
,,შინიდან წასასვლელი გზა ბევრია, შინ დასაბრუნებელი კი - მხოლოდ ერთი” /აღმოსავლური ანდაზა/
გუშინ
რა არის ხსოვნა?
დავიწყების წინაშე დგომა
თუ შიში?!
ან, იქნებ, სულაც მასთან ბრძოლა...
რა არის ხსოვნა?
მონატრების წინაშე დგომა
თუ ეჭვი,
რომ შეიძლება, ერთ ლამაზ დღეს
ის უკვე აღარ მოგენატროს
ისე გულით,
ისე ნამდვილად,
რომ
სულ ერთ წამში
შეძლო ამის კვლავ დავიწყება...
რა არის ხსოვნა?
წარსულია თუ მომავალი,
გზაა თუ დგომა?
მისით მთავრდება ისტორია თუ
დაიწყება?!
აქა-იქ
რა არის ხსოვნა?
დავიწყების წინაშე დგომა
და ამიტომაც
ხსოვნა გზა არის.
გზას კი უყვარს, როცა მიდიან;
გზას უყვარს, როცა მიაგნებენ
დ ა ს ა ბ რ უ ნ ე ბ ლ ა დ ...
გზას ისიც უყვარს, რომ
დაკარგვის და ისევ პოვნის
სიხარულს ეძებს...
იცის,
ეს მუდმივი შინდაბრუნება
არაფერია, გარდა ერთის:
გზა არ არსებობს,
გზა ერთია,
გზა ათასია...
გზა არსაიდან არ იწყება და არსად მიდის,
თუკი შენ თვითონ არ დაიწყებ მის დავიწყებას,
რომ გაიხსენო,
სად იყავი და სად მოხვედი,
რომ გაიხსენო, სად გინდოდა, მისულიყავი,
რომ გაიხსენო,
სად შეჩერდი, სად წაბორძიკდი,
რომ გაიხსენო,
რომ არასდროს არ გაგახსენონ...
ხვალ
შენ დაივიწყე და ამიტომ გზას ვეღარ აგნებ,
გზას ვერ პოულობ და
ძიების სიხარულს კარგავ...
შენ დრო გეწევა,
დრო გპოულობს და დროვე გკარგავს,
დროსთან თამაშით
გზა გერევა – დაცემას სწავლობ,
თანაც ისე, რომ არ გეტკინოს,
ისე ადვილად,
ისე მსუბუქად,
ისე მარტივად,
რომ სახვალიოდ გადადებ ისევ
გზის გაგრძელებას,
უფრო სწორად - გზის შემოკლებას.
მერეღა ხვდები – შენ კი არა, ეს ის დრო მიდის,
გუშინ რომ გვერდით ჩაგიარა,
წამოგეწია,
დღეს გაჩერებულს მოგაჩერდა და გზა განაგრძო,
და ერთხელაც არ მოუხედავს,
ისე წავიდა...
და სასრული
რა არის ხსოვნა?
დავიწყების წინაშე დგომა
და ათასგზისი მიბრუნება ერთადერთ დროსთან;
ხსოვნა დგომაა, წამიერი, იმ გზაზე, სადაც
ოდესღაც ერთად ჩავიარეთ და არ შევჩერდით.
17.12.2009
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1182 |
დაამატა: nikolozqartveli
| ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, leqsebi, ლეკსები, ლეკსი, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|