მთავარი » 2015 » ივნისი » 30 » ფირდოუსი - ამბავი სიაუშისა / firdousi - ambavi siaushisa
8:01 AM ფირდოუსი - ამბავი სიაუშისა / firdousi - ambavi siaushisa
თარგმანი სპარსულიდან - ბელა შავლაშვილი
ქვეყანას რათა მშვენიერის სამზერად უხმო,
სიტყვის მსახურო, შთაგონებით იმღერე უფრო
პოეტის ლექსი, თუ მის მაღალ გონებას გამცნობთ,
ეს არს ზეობა პოეტისა, უწყოდეთ, კაცნო!
თუ შეეპარა სიტყვის მსახურს მწიკვლი და ბიწი,
აღარაფერის მაქნისია იმისი ნიჭი.
შრომაში ღამეც რომ ათიოს, არა აქვს ფასი,
დაკარგული აქვს ღირსებანი ბრძენკაცის თვალში.
ვის შეუცვნია თუმცა ქვეყნად თავისი ნაკლი,
ყოველს ჰგონია ნაღდია და აცხია მადლი.
ჭკუათამყოფელს ხამს უჩვენო ნაშრომი შენი
და გამორჩევამ მისმან უნდა შეგიწყოს ხელი.
თუკი ბრძენკაცის იმსახურე ოდა-ქებანი,
წყაროსთვალისთვის მიგიგვნია და ჰა, ეგ არი.
დეჰყანისაგან შემონახულს მოგიტხრობთ ახლა,-
გაუხუნარი გარდასულის სურნელი ახლავს.
დროთა ბრუნვაში მტვერი აძევს და წელთა რიგი,
დე, ლექსმან ჩემმან გააცოცხლოს ამბავი იგი.
დაე დღეები, მოთვლილია რომელ საჩემოდ,
დიადს ამ შრომას შევწირო და ძალი გაჩვენოთ.
კეთილნაყოფა ხეს ვრგავ ვიცი, და არა ხენეშს
და არ გახმება, ის იმწვანებს ახლაც და მერეც.
ორმოცდათვრამეტს გადავცილდი, მინახავს ბევრი,
საწუთრომ ბევრჯერ მოატარა ჩემს ტავზე კევრი,
სიცოცხლის წყურვილს მაინც ვგრძნობ და დღეთა დინებას
ისე მივყვები, არ მაკლია გულმოდგინება.
ოდესღაც ბრძენკაცს დასცდენია ამგვარი რაღაც,
რა მოხუცდები, კვლა ჭაბუკად იქცევი აღარ,
და თუ სათქმელი მოგეძალა, დახარჯე ძალი,
სიკეთე ჰქმენ და მოიმარჯვე გონების თვალი.
თუკი სიკეთე განაგდე და სიავე აქე,
გახსოვდეს, პასუხს დამბადებლის წინაშე აგებ.
უწყოდე, რაიც გითესია, მოიმკი მასვე,
ავი სთქვი?–შენივ სასმენელიც სიავეს გასმენს.
მაღალგონიერთ არცა სხვათა სიავის სმენა
მოუდისთ ჭკუად, ავად არც თვით დასძრავენ ენას.
თუმცა... დეჰყანის ნაამბობზე სიტყვა რომ ვიწყე,
ისევ იმ ამბავს მივუბრუნდე, აჯობოს იქნებ.
მამლის ყივილმა დღის ახალის დაწყება როცა
ამცნო ქვეყანას, წუთიც აღარ ეწადა მოცდა–
წამოდგა თუსი, გივისა და გოდერძის უხმო,
დაიძრნენ... ხმები ცად აიჭრა ამო და უცხო.
დაღუის ველთან, ფალავნებს რომ ფეხქვეშ ეგება,
სანადირო რამ კარგი ჭალა ეიმედებათ.
ბევრი დახოცეს, ჰქროდნენ... გზებსაც მტვერი ადინეს,
მთელი ორმოცი დღის საგზალი მოინადირეს.
თურქის საზღვართან, წამომართულს მთებისა დარად,
მზერა იმათი გადააწყდა უამრავ კარავს.
მოშორებით კი – ტყე და რა ტყე, – უვალი ტევრი,
იქ იქნებაო თუ იქნება ნადირი ბევრი.
აი, ამტყისკენ გაეშურნენ თუსი და გივი,
უხვად ეყარა ბალახებზეც ციმციმა მძივი.
გზასა და სავალს უღობავდათ ჯარი ხეების,
ფრთხოდა ნადირი, ჩაუმწარდათ მშვიდი დღეები.
უცებ ფალავანთ თვალი მისწვდა ფერიას სადარს,
გაოცდნენ... ქალი, მზის სადარი, საიდან, სადა!
ბაგემცინარეთ ქალისაკენ გასწიეს მყისვე,
ის კი მოდის და გამეტებით ანათებს მზისებრ.
ეუბნა გივი: ჰე, მთვარეო, საიდან, საით...
ხომ არ მოჰყევი განთიადებს, მშვენიერ აისს?!.
ეტყვის მნათობი: მივატოვე მშობლების სახლი,
გამოვექეცი მამაჩემის ჩხუბსა და ზახილსა.
შუაღამისას მეჯლისიდან დაბრუნდა მთვრალი,
ჩემს დანახვაზე ველურივით აემღვრა თვალი, –
ხანჯალი იძრო... რომ მეცლია მცირედი ხანიც,
მოსცილდებოდა ერთურთს ჩემი თავი და ტანი.
ჰკითხეს ფალავანთ: მშვენიერო, სადარო მთვარის,
მაინც ვინა ხარ, საიდან ხარ, რომელი გვარის?
ნათესავი ვარ გერსივეზის, მეკუთვნის პაპად,
მეფე ფრიდონის გვარ-ტომისა... არ ვამბობ ზღაპარს.
ვით მოაღწიე აქამომდე ქვეითად, გვითხარ,
სწრაფად გამოვლე გზა-შარა თუ ვიდოდი დიდხანს?
ცხენით მოვქროდი. დაიღალა ქროლვისგან ცხენი,
როცა დაეცა, ქვეითადღა გადმოვვლე ველი.
აუარება ოქრო-ვერცხლი, ძვირფასი თვლები
შემომეფანტა თანდისთანად, თავადაც ხვდებით
ოქროს გვირგვინიც წარიტაცეს, სხვაც, განძი დიდი,
მოვრბოდი თავის გამეტებით, ცრემლებსა ვღვრიდი.
როდესაც ჭკუას მოეგება მშობელი, მაშინ
თქმა აღარ უნდა,დამადევნებს მაძებრებს კვალში.
საბრალო დედა ატირდება, შეიპყრობს დარდი,
ვინ იცის, უკვე მოთქმა მისი ცათამდე ადის.
ამ ქალისადმი ტრფიალებამ გამსჭვალა ორნივ,
მეტადრე თუსმა, გონი უკვე დაკარგა, მგონი.
ჰრქუა: მთვარეო, ფუჭად როდი მოვქროდი აქეთ,
უნდა მეპოვნა თურმე შენი მზიური სახე.
მას ეტყვის გივი: უცილობლობ, სარდალო შაჰის,
ორივ ერთად ვართ დამნახველი ხვთიური სახის.
აენთო თუსი, რად ვცრუობ, პირველმა განა
არ მოვაღწიე მშვენიერთან, ამოს ამ ალაგს?
მართალი არ ხარ, ამბობს გივი, პირველი მე ვარ,
ეს ვიცი, როგორც ის, რომ ახლა დღეა და მზეა.
კეთილშობილ და ახალგაზრდა კაცს როდი შვენის,
დაისაკუთროს ის, რაზედაც არა აქვს ხელი.
გამწვავდა დავა, იშვა აზრი ბნელი და ავი –
მშვენიერს, რადგან ვერ მორიგდნენ, მოჰკვეთონ თავი
ერთი მეორეს აცა ხედავს, აღარცა უსმენს,
კიდევ კარგი, რომ ვიღაც ბრძენი გამოჩნდა უცებ.
ან ბრძენმან: გულს რა ცოდვა-სიმძიმილს ახლით,
ამგვარ ყოფაში სამართალი სცანითო შაჰის
ორმავ ისმინა გამორჩევა და სამნივ ერთად
წარსდგნენ ირანის ბრძანებელთან, ვითარცა ღმერთთან.
რა ქეი-ქაუსს წინ დაუდგა ხატება ქალის,
ბედნიერებით გაუბრწყინდა ორთავე თვალი.
მოდავეთ ეტყვის: ტანჯვა-ურვა გაშოროთ ღმერთმა,
მშვენიერება არნახული ჩამიგდეთ ხელთა!
მიამბეთ როგორ, რანაირად იპოვეთ იგი,
ტყეში მზე აღაჩინეთ ჩახჩახა, დიდი?
გულისწამღები შველი ვარქვა, ლაღი ირემი?
ამა ნაპოვნით, მგონია, რომ გადავირევი.
მითხარ, მთვარეო, საიდან ხარ, ვინა ხარ, ვისი,
ეს ვინ გაგვხადა ქვეყნად შენი მოვლენის ღირსი?
დედა თურანის მეფის შვილი, მამა კი გვარით –
მეფე ფრიდონის გვარისაა, პასუხუბს ქალი.
დიდი სარდალი გერსივეზი, მფლობელი მიწის,
ახლობელია, მის შესახებ მგონია, იცით.
რად მოისურვე დიდი გვარის, მზიური სახის
აგრე გაწირვა, როგორ დასთმე მშობლების სახლი?
ოქროში ჩაგსვამ, აგამაღლებ მაღალთა შორის,
ისე მოგივლი, ეტყვის მეფე, არ გყავდეს ტოლი.
ჰრქუა მან ქალმან: მიივანა გულმან, მკვნესარემან,
გული გრძნობს, მჯობნ ხარ ქვეყნის ყველა გარდანქეშანთა.
იხარა მეფემ, ნეტარების დაუდგა ხანა,
მერე კი ქალის სანთიობოს მოკაზმვა ბრძანა.
საძილე მორთეს, თვალი ოქროს აწყდება მრავლად,
ჭირს ლაჟვარდივით ფირუზებთან გულგრილად ჩავლა.
წითელ-წითელი იაგუნდი, დიბა-ფარჩანი...
მსგავსი იმათი არც ყოფილა ქვეყნად, არც არის.
2
გავიდა დრო და დღე მრავალი წარსულად იქცა,
ფერადი ფუნჯით ამეტყველდა მდუმარე მიწა.
სწორედ აი, ამ დროისათვის ცხრა თვემაც განვლო,
ალაპარაკდნენ შაჰის მზისდარ მეუღლის გამო.
მივიდნენ კაცნი მეფის წინა, თავი დახარეს,
ბაგემღიმართ და მოცინარეთ ქაუსს ახარეს:
ვჯერა არასდროს მოგვეცემა სევდის მიზეზი,
ბედნიერი ხარ, შეგეძინა შვილი ისეთი!
სახელს ცათამდე აგიმაღლებს, ბედნიერს გაგხდის,
მისით იბრწყინებს სასახლე და ეგ შენი ტახტი.
თმა დაჰყვა მუშკის, არ უნახავს კაცთაგანს მსგავსი,
მეტად იწამო უნდა მისით არსობის არსი.
უმშვენიერესს სიაუში არქვეს სახელად,
თვალს ახარებდა შავთა მისთა თვალთა ახელა.
ვარსკვლავთ მიმართა ვარსკვლავთმცნობმა მისანმა კაცმა,
მისი ბედი და მომავალი ეჩვენა მკაცრად.
გული ძალუმად მიეწურა, იწუხნა ფრიად,
იეზდანს ჰვედრა ხან უწყალოს, ხან კიდევ ღვთიანს.
ეახლა ქაუსს, შეჭირვებით ამცნო ყოველი,
უთხრა: რას ვიზამთ, საწუთროსგან ავი მოელის.
ხოლო საწუთრომ, თითქოს არ ჰყავს მდურველი ერთიც,
გულარხეინად წინ გადადგა ნაბიჯით მეტი.
* * *
მეფეს ეახლა ქვეყანაზე განთქმული გმირი, –
ევედრა მისთვის აღსაზრდელად მიეცა შვილი.
ნება ასიც გყავდეს ძიძა-გადია,
გარნა უწყოდე, ვერ იშოვო ჩემებრ მადლიანს.
3
ღამე განიმქრა, შემოიჭრა სინათლის ღელე,
ცარგვალი ერთჯერ შემობრუნდა ამ ამბის მერე.
ტახტზე გაბრწყინდა დედოფალი, არ აჩანდა ნისლი,
იაგუნდებში მღელვარებდა გვირგვინი მისი.
ქალწულნიც აღჩნდნენ... სინარნარით გულთა მპყრობელნი,
ტახტზე დაბრძანდნენ მშვენიერნი, მანათობელნი.
თითქოს მათ მოსვლას ელოდაო სუდაბე, უმალ
სიაუშს უთვლის, მოგელითო სასურველ სტუმარს.
გვინდა გიხილოთ აშოლტილი, ალვა ნაზარდი,
ხატება შენი-ასი მზის და მთვარის ნაკადი.
სუდაბეს ნების აღსრულებად მსახური იგი,
არა ორგული დედოფლისა, ჰირბედი მიდის.
შემონათვალი უთხრა ჭაბუკს ქალისა-მთვარის,
წუხილი მიჰხვდა სიაუშს და ჩაჰკიდა თავი.
ფეხები წასვლად არ იძვრიან, სხვა ღონეც არ აქვს,
ფიქრი წასვლაზეც, არ წასვლაზეც, ჰღალავს და ჰზარავს.
მერმე ადგა და გაემართა, ახსენა ღმერთი,
გზაში თანდათან გათამამდა, გაშალა მკერდი.
მზერადაღლილი ტახტზე დაჯდა მივიდა ოდეს,
მჭვრეტელნი მისნი, თოთქოს ამო მზერასა სთხოვდნენ.
მეფის ღირსების შესაფერად ბრწყინავს და ელავს
ყოველი ფერი... თვალი ფერებს აწყდება ფერადს.
განაპო ბაგე დედოფალმა-აი, აქ, იტყვის,
ყოველი ქვეყნის მეფის შვილი შევკრიბე თითქმის.
ქალწულნი ესე რა მასალით შექმნილან ნეტავ,
თერაზის კერპებს წააგვანან, თავადაც ხედავ.
მათგან რომელის ჭვრეტა უფრო გილაღებს მზერას,
სვებედნიერი მასთან ერთად გამყოფოს ზენამ.
შეხედა ვაჟმა ქალიშვილებს, შეკრთნენ ქალები,-
უბადლო სახეს გადააწყდა მათი თვალები.
ერთურთს ეტყვიან: ხიბლი არის, ტრფობის წყაროა,-
მანათობელი მთვარე მასთან რა საბრალოა!
გულაჩქროლებით მიაშურეს თავ-თავის ტახტებს,
ყოველს სწადია სიაუშის რჩეული გახდეს.
მიმოგზავნა რა დედოფალმა ქალიშვილები,
სიაუშს ესმა ხმა, თაფლისგან განატკბილები.
ნება გეძლევა აირჩიო რომელ გწადია,
რომელი გსურის იმათგანი, მზერა მადლიანს.
გონების თვალი მათგან რომლის არჩევანს ადგას,
თქვი, აირჩიე, თავად უნდა ირჩიო რადგან-
ვინაც კი გნახავს, შეგიყვარებს უგონობამდე,
გარნა საქმე კი ხამს ნებისად შენად მოგვარდეს.
ფიქრი მოსჯარდა, სიმძიმილი წამოეშალა,
კარგა ხანს სიტყვას გზა ვერ მისცა გულმა მკვნესარმა.
ხანი გამოხდა, დაიწყნარა გული და ადგა,
მისთვის ამგვარად მზრუნველს, უფალ დედოფალს ჰკადრა:
არა და არა, მტრული გვარის მოყვრობას, ვარჩევ,
სიცოცხლის ჩემის მიმწუხრამდე უცოლოდ დავრჩე.
ჰამავერანის მბრძანებელზე ბევრი მსმენია,
ირანის შაჰი მისგან ჭირთა ბევრთა მთმენია...
ქალნიც უეჭვოდ ეყოლებათ ეშმაკეულნი,
მათთვისაც, ალბათ, გვარი ჩვენი არის წყეული.
მეტყველებს ვაჟი, ქალი იგი მორჩილად უსმენს,
ელვის უსწრაფეს მოიცილა პირბადე უცებ.
ჰრქუა მზის გვერდით ოდეს მთვარე იხილოს კაცმა,
ყოველ მიწიერს ეუფლება ამგვარი განცდა-
მზის დამნახველი იტყვის: მთვარე ჰო, რა მქრქალია,
არ საჩენია მზესთან იგი, დასამალია.
ბრილიანტთ შორის ბრილიანტის თვალივით მჩინარს,
ოქროს გვირგვინით, ოქროს ტახტზე შემხედავს ვინაც,
ცხადია, ჩემზე უკეთესად არავის ჩათვლის,
სწორიც იქნების, თქმა არ უნდა, განსჯანი მათი.
ქალიშვილებმა დიდად რომ არ წარგტაცეს თვალი,
მაშინვე ვიგრძენ... მოიხადე საჩემო ვალი –
ჩემი ტრფიალი – ერთგულება გულს დაისახე,
ამაყვავე და მიმახედე სამოთხისაკენ.
ნურცრა გაფიქრებს, მშვენიერო, ნურცა რა გაკრთობს,
სანუგეშო რამ სიტყვა ერთი მასმინე მარტო!
მელაპარაკე სიყვარულზე, ბაგე განახვნე,
ბედნიერებას გაზიარებ, სითბოს განახვებ.
ოდეს ამქვეყნად არ იქნება ქეი-ქაუსი,
ბედნიერებას, გულებს ჩვენსას, ვერვინ დაუშლის.
მო, გამიღიმე, გამიფრთხილდი შენსავ თავს ვითა...
გადმოგიშალე გულს ნადები დაგვით და წვითა.
ვდგავარ, სიყვარულს არა ვფარავ, ან ვით დავფარო,
შენით იწყება და მთავრდება ჩემთვის სამყარო.
მონა ვარ შენი, უმაღლესი სურვილით ვიწვი,
დამბედებია შენი დიდი ტრფიალის ნიჭი.
გადაავიწყდა კდემა, რიდი, სირცხვილი, კრძალვა,
კისერზე მძლავრად ეხვეოდა დაბნეულს ალვას.
გულშეიწრებულ ჭაბუკის თვალთ სისხლი მოაწვა,
წამწამთ წითელი, სისხლნარევი ცრემლი მოაწყდა.
იდუმალ ფიქრობს: დამიფარე, უფალო ღმერთო,-
ურვა-წუხილი, მძიმე ხვედრი მარგუნე ერთობ...
ძალმიძს აჰრიმანს, მის ავ ზრახვებს ვეწყვილო განა? –
როგორ შევკადრო, ვით ვუმუხთლო საკუთარ მამას...
გარნა პასუხი ცივი ამ ქალს აღანთებს რისხვად
და გაწბილებას ჩემგან, ჩემი სხეულით მიზღავს.
ჯადოს ქმნა მისგან არ უცხოა და არცა შორი,
მეფეს გადარევს მონაჩმახი რაიმე ჭორით.
მიჯობს თბილი და ტკბილი სიტყვით დავშორდე ახლა,
ახლა სრულიად ზედმეტია სხვაგვარი ზრახვა.
მერმე ჰპასუხობს: არ სადაო არის მთვარეო,
შენით ნათობს და მშვენობს მთელი არემარეო.
ჭკუა-გონებით ვერ დაგჩრდილავს კაცი და ქალი,
ქმრობისა შენის ღირსი მხოლოდ მეფე თუ არი.
მეც სხვა არ მინდა, შენს ქალიშვილს შევირთავ ცოლად,
სიამე არის, გვერდით შვილის შენისა ყოლა.
ირანის მეფეს ხამს ყოველი ვაცნობოთ მალე,
ახლავ ვაცნობოთ და ნებართვაც მივიღოთ ბარემ.
ქალიშვილს შენსას, სრულწლოვანი ვიდრე გახდება,
დაველოდები...სოფლად ყოფა გამიახლდება - სოფო
რა ჩემის ხნისა მოიყრება, შევირთავ კიდეც,
ჩემს გულს ვერავინ დაატყვევებს მის გარდა, კიდევ.
სასმენელს მისას არ სწვდეს, ჩემის ტრფობით თუ იწვი,
სჯობს, არ გაიგოს შვილმან, თავადაც იცი...
ჩაიხშე გულში დღევანდელი შენი ტრფიალი,
გაივლის იგი, გაიყოლებს დროთა ტრიალი...
ეს საიდუმლო საიდუმლოდ დარჩება მიწყივ,
გაემხილების ჩემგან არვის, გპირდები ფიცით.
მესათუთები ვითა მეფეს მეფე-მარტოდენ...
შენდამი ტრფობას მშობელ დედის ტრფობას ვატოლებ.
ასე ყოველი წარმოთქვა და წავიდა უხმოდ,
შემდგომ ამისა ქალში ვნებამ იმძლავრა უფრო.
ოდეს ქაუსი სანთიობოს მოვიდა ქალის,
გზა მისცა სიტყვას ქალმა, ხმაში დაეტყო ბზარი...
ქალწულნი ნახა სიაუშმა, მოვიდა ჰარემს,
თვალი შეავლო მშვენიერთა აქატის თვალებს.
მთვარეს მშვენებით დაჩრდილავდა თითოეული,
სახით ფერიებს ტანი უჩნდათ ლერწამრხეული.
გარნა ვერც ერთმა გული მისი ვერცრით მოიგო,
ასული ჩემი აირჩია, მადლი მოიღო...
გამხიარულდა ამ სიტყვებზე ქაუსი ისე,
გეგონებოდათ, მთვარისაკენ სავალი მისცეს.
ხაზინა გახსნა, ძვირფასები გადმოალაგა,
თვალმა გვირგვინი, ქამრები და ქუდი დალანდა.
ძვირფასთვლიანი ბეჭდები და სამაჯურები...
მოაქვთ და მოაქვთ ოქრო-ვერცხლი გამოულევი.
ძვირფასეულის უმაღლესი მთა აღიმართა,
იმატა განძმა, განძთან ერთად ეჭვმაც იმატა -
ეჭვი იშვა და ზვავად იქცა, აგორდა, იძრა -
ძვირფასეული უეჭველად ჩაზნექსო მიწას.
დედოფალს ეტყვის ქაუს მეფე: განძი ამხელა
შვილისთვის მინდა, თუცა ჯერეთ არ მწადს გამხელა.
როს გადაცემას დავაპირებ, ამგვარად მეტყვი-
სიაუშისთვის განძი მსურს-თქო ათასჯერ მეტი.
ქალი კი ერთ ფიქრს შეუპყრია-დაიპყროს ვაჟი,
ლამაზ სახეზე ამა ფიქრის ნიშანი აზის.
თავისთვის ამბობს: სიაუშის ცთუნებას შევძლებ,
ყოველს ვიღონებ... დაე, თუნდაც საქვეყნოდ შევრცხვე.
ტახტზე ამაღლდა... დასტრიალებს ფიქრი წყეული...
თხემით ტერფამდის შემოსილა ძვირფასეულით.
ცოტაც და... აჰა, სიაუში თავისთან იხმო,
მაცთუნებელი, გულმიმტაცი სიტყვანი იწყო.
ქეი-ქაუსი გიმზადებსო საჩუქრებს უცხოს,
არვის უნახავს საჩუქრები ძვირფასი უფრო.
ქვეყნის ურიცხვი სიკეთეა ეს დიდი ძრვენი, –
უეჭველია, გაგაოცებს მოძღვნილი ჩვენი.
გარნა შეხედე ოქროს გვირგვინს, თვალწარმტაც ზილფთა,
მეტი რა ძრვენი, რა განძი და სიამე გინდა.
ძალგიძს შიგ გულში გამიყარო მახვილი დანა
და ანთებული გული ჩემი უარჰყო განა?
არ მესვენება, რა გიხილე იმ წამის შემდეგ,
კრული ეს გული კოცონია, კოცონთან შესდექ!
ნდომასა შენსა რაოდენი დიდი ძალი აქვს,
დღე ყველა ჩემთვის მქრქალია და უღმრთოდ მკრთალია.
სისხლნარევია ცრემლი ჩემი შვიდი წელია,
სურვილით შენით გული ჩემი განახელია.
მო, გამიღიმე, გულსა კრულსა მიჰხვდეს ვარდობა,
მოდი, მეორე მომიძღვენი ახალგაზრდობა.
ქვეყნის მეფეთა ძრვენზე ბევრად მეტი ვარ ძრვენი,
ხამს გამოწვევა უყოყმანოდ მიიღო ჩემი.
სურვილთა ჩემთა აღსრულება თუ არ გწადია,
თუ გული შენი ურვის ჩემის დანაბადია,
ძალი შემწევს, რომ უმაღლესად ვიძიო შური –
გვირგვინს წარგტაცებ... დღეს დაგაწევ-გემატოს წყლული.
ჰპასუხობს ვაჟი ანთებული: არა და არა,
შენს ვნებას ავყვე უსირცხვილოდ, – ფიქრიც კი მზარავს.
კეთილის მსურველს, ვით მივაგო ღალატი მამას,
ვით ვუპასუხო ვერაგობით გამზრდელის ამაგს.
მეფის მეუღლე, გვირგვინის და ტახტის მფლობელი,
ყველა ცთუნების უნდა იქმნე უარმყოფელი.
განრისხდა ქალი, მაგრამ რისხვა ჩაიკლა მყისვე,
ეხვევა ვაჟს და მაცთუნებლად ჩურჩულებს ისევ:
მე შეგიყვარე ხედავ, შენ კი სიავით მიხდი,
მე გაგაღმერთე, შენ ჩემს სურვილს აღუდექ რისხვით...
გსურს დამამცირო, ქვეყანაზე გამომაჭენო,
ღმერთს თავი შენი უმწიკვლოდ და მართლად აჩვენო?..
ღაწვნი იხოკნა, წარმოსდინდა მდინარედ სისხლი,
შემოიფლითა სამოსი და ნაგლეჯებს ისვრის.
კივილი მისი შორს გაისმა, ჰარემის იქით,
გონს ვერ მოეგო მსმენელი და აივსო შიშით.
ბაღებს, აივანს ხმა მოედო ანჩხლი და მკაცრი,
ყველაფრის ბოლო დამდგარაო, იტყოდა კაცი.
შაჰის სასმენელთ როგორც კი ხმა იგი ჩაესმა,
შიშმა შეიპყრო, დაემონა გული კაეშანს.
სულამღვრეულმა ტახტი თავისი დააგდო სწრაფად,
ჰარემისაკენ გაეშურა სუდაბეს ნახვად.
ხედავს, რას ხედავს: დედოფალის დაკაწრულ სახეს, –
დაეუფლება შფოთი მის ამ ყოფაში მნახველს.
ჰკითხავს: რა ხდება, რა კრთომა და სიმძიმილია? –
რა სცნა ამბავი, გაცაწყრა და გადაირია.
ეტყვის სუდაბე: მოგახსენებ, მეფეო, მართალს,
თან სისხლის ცრემლად იღვრებოდა, იგლეჯდა თმათა.
როგორც კი მარტო დამიხელთა გაზრდილმან შენმან,
უცებ მომვარდა და დამიწყო კოცნა და ხვევნა.
შენი ტრფიალით, ჩურჩულებდა, ვიწვი, ვილევი,
უშენოდ ხელად გადვიქცევი, გადავირევი...
სხეული ჩემი, სული ჩემი ისწრაფვის შენდა,
ყოფნაც, არყოფნაც, მზეო, ჩემი, შენ გაქვსო ხელთა.
გვირგვიზე მომწვდა, მომისროლა ლამის ტახტიდან,
სამოსი ტანზე ერთიანად შემომახია.
ქალის სიტყვები ქეი-ქაუსს ტკივილებს ჰგვრიდნენ,
ეკითხებოდა არაერთგზის, კიდევ და კიდევ...
ფიქრობს: ნათელი გადექცევა სიაუშს შავად,
რისხვა წყრომანი ჩემნი ზეცის თავამდე ავა.
საჩუქრებს გიძღვნის, ძრვენს იმდაგვარს, ფრიად რომ ძვირობს,
ვერ დასძრავს-მეთქი ამ განძეულს ორასი სპილო.
ვუთხარი; ამ განძს დიდებული სხვა განძიც ახლავს,
შენდა მოძღვნილი იგი ჩემი ასული გახლავს.
ამგვარად მითხრა: არც გვირგვინი, არც ოქრო-მძივი
არაფრად მიღირს... განძად შენი ხატება მივის.
ყოველგვარ განძზე ძვირად ფასობს ეს ხატი ჩემთვის,
ქალთაგან სხვა ვერ მიმიზიდავს... იწამე ღმერთი!
ემეტებოდა თითქოს მსხვრევად ჩემი ხელები...
მიხუტებდა და ძალს ხმარობდა განახელები.
რამეთუ ნებით არ დავჰყევი მის მხეცურ ნებას,
მაგლიჯნა თმანი, ღაწვთაც აგრე მაჩნია ვნება.
სიტყვანი ჩემნი მბრძანებელო წრფელზე წრფელია...
ენებულნი ჩემნი ღაწვ-ბაგენი მსჯავრსღა ელიან.
შიშით კინაღამ დამიბნელდა მთელად გონება,
და უგუნობას, არყოფნა სჯობს, გაგეგონება.
არც ერთის თქმული, ფიქრობს მეფე, სიმართლეს არ ჰგავს,
აქ არ ჩქარება აგრე ვგონებ, არაფრად ვარგა.
გულშეიწრებულს გახდის ბრძენკაცს უგუნოდ ქმნანი,
ჰო, საქმე ესე მეტისმეტად საფრთხილო არი.
საჭიროდ მიჩანს ხელახლად დავკითხო ორივ
და აღვაჩინოი სამართალი მეფური, სწორი.
ცნობის წადილი იზრდებოდა ყოველ წამს მისი,-
რომელიაო ამ ორთაგან სასჯელის ღირსი.
მაინც რომელი უნდა იყოს ამათგან მტერი...
დასწვდა, აიღო სიაუშის ორივე ხელი.
დასუნა ერთჯერ, ხელმეორედ დაუნა მხრებზე,-
იტყოდით რაღაც იდუმალის გასაღებს ეძებს.
მერბე ქალისკენ დაიხარა... მუშკის და ამბრის,
ვარდის წყლის სუნზე დაებადა ამგვარი აზრი:
თუ ვაჟი ქალის ეხებოდა სახესაც, თმასაც,
მიეცხებოდა სურნელება, ცხადია ვაჟსაც.
სიაუშისკენ ბოროტების არ მიდის კვალი,
უღმერთოდ ცრუობს ეს არჯალი, კაპასი ქალი.
მრისხანე სახით მიუბრუნდა სუდაბეს მკაცრად,
ჰრქუა: ღირსი ხარ მახვილით რომ აგკუწოს კაცმა.
სოფო
იჩქითად ფიქრში გაიელვა ჰამავერანმა,
რაც იქ იგემა, ხორციელის ვერ თქვას ენამან.
ჰო, რა ტკბილი, რა უთქმელი წუხილი ენთო,
თხემით ტერფამდის ბორკილებში ჩასმული ეგდო.
სუდაბე იყო ერთადერთი მისი მზრუნველი,
ტანჯვას უძლებდა ისიც... ქალის ნახვის მსურველი.
იმ უსიამო გარდასულზე იღვიძა ფიქრმა,
თან ტრფობაც ჰკლავდა სუდაბესი–სიმართლე ითქვას.
მერმე ბავშვებიც გაახსენდა–მათი წულები,
დედის გარეშე იქნებოდნენ განწირულები.
მართალ არს ცამდე სიაუში, ესეც ცხადია,
თვალები უფრო მოენისლა ქაუსს დარდიანს.
თავსა ეუბნა: დაივიწყე მომხდარი ყველა,
და განამზადე მომავლისთვის ასმაგი მზერა.
ვინმეს სასმენელს არ ჩაესმას რაც მოხდა ახლა,
მომესაჯოსო ვაჰ თუ, მტერის ჭორი და ზრახვა.
* * *
რა ცბიერება არ გავიდა წინაშე მეფის,
ქალს გაწბილებულს, ლამის იყო დაეცა მეხი.
ახლა ქალური ეშმაკობა ერთი იღონა,
არგაგონილი, არნახული რამ მოიგონა...
ჰარემს იმხანად მსახურებდა დიაცი-ჯადო,
ქალი ისეთი, სულ რომ სხვათა სიკეთეს დარდობს.
კისერზე აწვა აუწყავი, ცოდვანი დიდი,
ორსულად იყო, ამძიმებდა დღითიდღე ტვირთი.
სუდაბემ ამ ქალს დარდი თავისი გააგებინა
და ერთგულების მტკიცე ფიცი დაადებინა.
ძვირფასეული, ოქრო-ვერცხლი ურიცხვი მისცა,
მერმე დასხდნენ და ერთად იწყეს ძიება გზისა.
ჰრქუა სუდაბემ: საიდუმლო დაიცავ მტკიცედ,
თორემ, იცოდე, გეჰენის, ჯოჯოხეთს მიგცემ.
დაჰბადე ბავშვი... არ აცალო მცირედი ხანიც–
მოჰკალ,–მიშველი... მოგეცემა თავადაც ვანი.
მკვდარ ბავშვს მბრძანებელს ვაჩვენებ და ვეტყვი, ჩემია,
მკვდრად იშვა იგი – აჰრიმანის განაჩენია.
ბოროტებისა სიაუშის ნაყოფი არის, –
მამას ვეტყვი და... დაე, შვილმა – იმართლოს თავი!
მეტი გზა არ ჩანს, და თუკი ჩანს, რაც გითხარ, იგი –
არა და ვკარგავ, უეჭვოა,ტახტსა და გვირგვინს.
ჰპასუხობს ქალი: აღსრულდება ყოველი ასე, –
მონა ვარ შენი, დედოფალო, გაგიყვან გზაზე.
ქალმან მან ღამით წამალი სვა... ეძრა სხეული...
ბავშვი შვა ორი, საშინელი, ეშმაკეულნი.
დევის ძირსა თუ ნაყოფს ჰგავდნენ სახით და ტანით,
არვის ენახა ძე-ხორციელს, იმათი მგვანი.
მსახურ ქალთაგან არცა ვის რა გაუგონია;
ორთავ ამ ურჩხულს, ოქროს თასში ლაღად მწოლიართ
მიიტანს იგი სუდაბესთან ნიავზე ჩუმად,
მერმე დედოფლის ადგილ-სამყოფს დასოვებს უმალ.
ქალის კივილმა უეცარად შეძრა ჰარემი,
დედოფლის კართან შემოკრიბა ამ ხმამ ქალები.
თასი დალანდეს ორი ბავშვის უსულო გვამით,
სად იდგნენ, მუნვე გაიყინნენ და... მიწყდა ჩქამი.
ქაუსსაც მისწვდა შემზარავი იგი კივილი,
გულს შეჭირვება მიეძალა და სიმძიმილი.
იკითხა: რაო, ხმა საზარი საიდან ისმის,
ამცნეს ყოველი... გაცაწყრა და აღივსო რისხვით.
რიჟრაჟზე ჰარემს მიაშურა, იხილა თასიც...
იდგნენ მსახურნი, მღელვარება უკრთოდათ ხმაში.
ქალს კი ეძინა... მბრძანებლის შემოსვლის უმალ
ძილს გაეთიშა და... ტირილით მიმართა მდუმარს:
ახლა ხომ გჯერა, სიავესთან არა მაქვს ხელი,
ამბავმან ჩემმან დაგანახვოს ვინა გყავს მტერი.
შვილის ღალატის ნაყოფია ეს ორი ბავშვი?..
ფიქრობდა მეფე, ჩაიძირა ეჭვების ზღვაში.
გვერდს ვერ ავუვლი ამბავს ამას, ცხადზე ცხადია,
ვარსკვლავთამცნობნი მოიწვია დილაადრიან.
მოვიდნენ ოქროს სავარძლებში ჩასხა მისსანი,
მისანო გაანდო მასთან მათი ხმობის მიზანი.
სოფო
იმ ომში ქალის არ ივიწყა კეთილის ქნანი,
ქალს წარსდგა საქმენი ამართლებდა თითქოსდა ქმარი.
მერმე დაიწყო მკვდრადშობილთა ამბავი მწარე,
ამბავს არის საიდუმლოდ შენახვას ბრძანებს.
კვირასა ერთსა ვარსკვლავთმცნობნი კალენდარს უსხდნენ,
მერმე მოვიდნენ... მბრძანებელი ბრძენკაცებს უსმენს.
უთხრეს: სავსეა თასი შენი გესლით და შხამით,
ბევრი ვიძიეთ, მეუფეო, ამგვარად ვცანით:
ახალშობილნი არ შენია, გაუწყებთ ამას,
სუდაბე არ არს დედა მათი, არცა შენ – მამა.
ახსენეს ქალი – ჯადოქარი, საქმენი მისი,
ეს მოვიძიეთ, სხვა ყველაფერს ჰბურავსო ნისლი.
სუდაბე დგას და მბრძანებლის წინ იხოკავს ლოყებს,
სამართალს ითხოვს მეფისაგან, ოხრავს და ჰგოდებს:
ტახტის დაკარგვა არ მაშინებს, მეფეო, არა,
მარტოდენ ყრმათა, უბიწოთა დაღუპვა მზარავს.
მიმავიწყდება ერთის წამით, მეორე წამში –
საწყალობელი გულს მიღადრავს ორივე ბავშვი.
ეტყვის ქაუსი: შენგან თქმული არცა არა მჯერა,
გიჯობს გაჩერდე და ფუჭად არ გასარჯო ენა.
ბრძანება გასცა... მოიყვანეს დიაცი-ჯადო, –
მეფის წინ დგას და... გულსა შინა აღძვრია ღადო.
პირველად მეფემ საუბარი გაუბა ტკბილი,
არ იშვიათად აღუჩინა ღიმილმა კბილი.
ძვირფას საჩუქრებს შეეპირა სიმართლის თქმისთვის,
მართლად ნათქვამი როს ვერცა რა შეიცნო მისი,
ერთი იგრგვინა აქანამდის მორთხმულმა მდორედ,
აწ კი დრო არის, იხმაროთო ყოველი ღონე...
სოფო
წაათრიეთ და ორნაწილად აქციეთ იგი,
ფლიდისა მაგის დამდგარაო არყოფნის რიგი.
წაათრიეს და ჩამოხრჩობით ემუქრებიან,
სიმტკიცით მისით ჯალათები ბრაზით კრთებიან.
გულები თქვენი, ეტყვის, ავად განსჯის ცდაშია,
ჯადონი ჩემნი, ჩაუფიქრდით, რა შუაშია.
სიმართლე ერთმა, ქვეყნად ყოვლის გამჩენმა უწყის, –
ჩემი რა ჯადო... დამელიოს დღეები უწინ.
ვარსკვლავთმცნობნი და სუდაბე იხმო თავისთან
მეფემ ისევე... გამოკითხვა იწყო თავიდან.
იმეორებენ: ვსხანით საქმე ეშმაკეული –
ყრმათა მამაა აჰრიმანი, დედა – გრძნეული.
სუდაბე ეტყვის: ვით იწამე, მეფეო მათი,
შენი შვილისგან შეშინებულთ, თქმა ძალუძთ მართლის?
არ გადაუვლენ სიაუშის ბრძანებას, ვიცი.
ვერ გეცრუები, მეუფეო, არ უნდა ფიცი.
ათრთოლდებოდა სიაუშით მძვინვარე ლომიც,
თავად მეფუჭად მიმაჩნია ამ ლომთან ომი.
გზას გადუღობავს თუ ისურვა, მღელვარე ნილოსს,
მყისვე დასჯაბნის ასიოდე მძვინვარე სპილოს.
ას ათასიანს მოერევა, თუ გინდა, სპათაც,
ჰოდა, მეფეო, მე რა უნდა ვიღონო მასთან.
ისღა მთენია დღენიადაგ ცრემლები ვღვარო,
არადა ცამდე მართალი ვარ, წმიდა... ვით წყარო.
ვერ გადუჩვევენ ეს მისანნიც სიტყვათა მისთა,
4
უფრო და უფრო ძლიერდება ტრფიალი შაჰის
ხარობს და დარობს დამნახველი სუდაბეს სახის
და აი, ერთხელ მიეახლნენ ქაუსს მსტოვარნი,-
ესე მივიდნენ,ვითა რამე კარგზე მგზოვარნი
უთხრეს;საავდაროდ ემზადება აფრასიაბი,
სწადია, ირანს დაატეხოს თავზე წყვდიადი.
ასი ათასი კაცი უვის, ერთგულნი, მხნენი
სურვილი ახლავს ახლა ჩვენზე აღმართოს ხელი.
ცნობითა ამით იქმნა ფრიად დაწუხებული,
ლხინს შეეშვა და მოიწვია რჩეულთ კრებული
მხედრიონს უხმო, ერთგულსა და მრავალგზის ნაცადს,
რომელნიც მის ტახტს დაიცავდნენ სიცოცხლის ფასად.
იტყვის: ნეტავი რას პოულობს კაცი სიავით,-
რა დაგიმალოთ, ქცევა მიკვირს აფრასიაბის.
თავს არ დაზოგავს ძმობისათვის,- რომ ჰკითხოთ ახლაც,
საქმე მისი კი კარგად აჩენს მისეულ ზრახვათ.
ძლიერ ჯარს როგორც შემოიკრებს, ვფიცავ გამჩენს,
მაშინვე ფიცის გასატეხად მზადყოფნას აჩენს.
გარნა ამჯერად მე დავასწრებ, ვიმძლავრებ დია,
ბოროტს მის საქმეთ მივაგებებ ბნელსა და წყვდიადს.
მცირე რამ ხანში, რომ არ ელის, უსწრაფეს ისრის,-
სიავის მისი ბრჭყალებისაგან ქვეყანას ვიხსნი.
ვიდრე ირანზე წამოვა და დაიწყებს ქუხილს,
მიჯობს დავასწრო, მივუსაჯო სიავეს მწუხრის.
მოაბადთაგან ქაუსს ერთი ამგვარად ჰლადრებს:
რა საჭიროა, ბრძოლა თავად დაიწყო ადრე?
ხაზინა გახსნა, ძვირფასეულს დაუწყო ხარჯვა,-
არა მგონია, საქმე ესე, ჩათავდეს კარგად.
ორგზის აჰყებვი ამნაირად რისხვა-ცდუნებას,-
გვირგვინის, ტახტის ვერ შეიძელ შენარჩუნება.
იქნება სჯობდეს, უმაღლესის შენის ნებანი,
დაფიქრდეს... თავს არ აუტეხოს ოხვრა-ვნებანი?
ეტყვის ქაუსი: აქ მოწმენი არიან კაცნი,-
ირანის ლაშქარს ამა ქვეყნად ვერავინ სჯაბნის.
აფრასიანი მეჯიბრება-ბოროტი, ავი,
თავს ვიგრძნობ მასთან ისე, როგორც ტალღებზე-ნავი.
ყველანი წადით, ვრჩები ერთგულ მოაბადესთან,
ომისათვის კი უყოყმანოდ ვიწყებ მზადებას.
დგას მარტოსული სიაუში თავისა წინა,
ფიქრები მისნი ვერ დალაგდნენ, ვერ ჰპოვეს ბინა:
-ქაუსი ალბათ მე მომანდომებს ჯარის გაძღოლას,
უეჭვოდ წავალ, არ მჭირდება აწონ-დაწონა.
სხვა რამ არ იყოს, ავცილდები სუდაბეს მახეს,
რამეს იღონებს, ხელმეორედ შემირცხვენს სახელს.
ამ ქალთან ვიყავ და ვიქნები მართალი ცამდე,
გარნა რა გინდა... გადამკიდა სიავეს ამდენს.
თანაც ვინ იცის,- არ შემომწყრეს ქეი-ქაუსიც,
რაღას არ ეტყვის ცოლი ჩემზე, რა ჭკვა დაუშლის!
თან გავეცლები დედოფალის საქმეთა ბნელთა,
თან მტერს ვანანებ ვერაგობას, ძალი მაქვს ხელთა.
მერმე წელს ქამქრ შემორტყმული* ქაუსს წარუდგა,
შვილი მზად არის მის ძახილზე-მეტი რა უნდა!
ჰრქუა: მეფეო, იმდენს მაპყრობდე მზერას,-
თურანის მეფეს ტავი უნდა ვუქციო მტვერად.
ტავის დადება, გარნა თავად მოუხდა ტურანს,
რას იზამ... ჟამი ხან უკუღმა, ხან წაღმა ბრუნავს.
წუთისოფელთან დავა ქვეყნად არვის ეგების,-
ვინაც იდავა, არ ჰქონია რამე შედეგი.
თუმცა... ეს შემდეგ. ქეი-ქაუსს ეწადა ვითარ,
გაძღოლა სთხოვა შვილს ლაშქრისა, მახვილი ხმლითა.
არ მოელოდა ბრძოლად წასვლად თანხმობას მამის,
ეგონა ახლა დამიდგაო წუხილის ჟამი...
გარნა როდესაც მბრძანებელი ტანახმაც გახდა,
და ლაშქრის დიდის სარდლობაც კი მიანდო ახლა,
გამხიარულდა მზეჭაბუკი... მბრძანებელს ეტყვის:
მადლობელი ვარ, რაღა უნდა მესურვა მეტი!
ახლა ქაუსმა იხმო იგი ფოლადის ტანის,
ვერ გაახუნებს რომლის სახელს ჟამი და ხანი...
როსტომის მოსვლა და... პატივად ქაუსიც დგება-
თავი და თავი ფალავნისა იწყება ქება.
ჰრქუა მან მეფემ: რას მოქვია ამ ქვეყნად მტერი, -
სპილოს ძალა და ლომის ღონე მამხნევებს შენი!
უთქმელადაც კი, ნებას ჩემსას, მუდამ მიუხვდი,
გაოცებულ არს ნილოსიც კი, შენი სიუხვით.
ვითა მზრდელია, იმნაირი აღმოჩნდა ზრდილიც,
მადლობელი ვარ, ლომისებრი მაჩუქე შვილი.
ქამარი უკვე შემოირტყა, წასვლად მზად არი,
არ ეყოლება არცერთ მეფეს თქვენი ბადალი.
შენა ხარ ჩემი დასაყრდენი, ჩემი მარჯვენა,
მარჯვენამ შენმან ლომის ძალა ბევრჯერ გვაჩვენა.
მაშინ იძინოს შვილმან ჩემმან, იფხიზლებ ოდეს,
გძინავს – ფხიზლობდეს – ჭირ-ვარამი საერთო გქონდესთ.
მახვილი შენი მყუდრო ყოდის საფუძველია,
შენდარი შეძლოს, ქვეყანაზე სხვა რომელია?
როსტომი ეტყვის: მბრძანებელო, შრნი მონა ვარ,
ბევრჯერ მამხნევა მეც შენგვარი მეფის ყოლამან.
სულია ჩემთვის სიაუსი, თვალის ჩინია,
დაე, იბრძოლოს, თუკი ბრძოლა დაუჟინია.
როდი დავფარავ, მეც დია მწადს მისი დიდება,
გაზრდილს როსტომი თავზე მეტად გაუფრთხილდება.
ლოცავს ქაუსი: ნუ გიმქრქალოს საწუთოს ბრუნვამ
დიდი სახელი... ნურა ოდეს შეგყაროს ურვას!
ერთურთს შეერთო, ახმაურდა ნაი და დოლი,
შემართულია ბრძოლად არა ერთი ნდა ორი.
სასხლის ახლოს თუსს მიანდეს დაწყობა ლაშქრის,
სარდალი იგი, მხნე და მარჯვე, ქართულად დაჰქრის.
სიაუშს აძლევს მბრძანებელი ხაზინის ბოქლომს,
მოაქვთ ქუდები, მახვილები, ფარები, ოქრო.
ძვირფასი ქვები, სამოსელი, აბჯარ-ქამარი...
თვალად უცხო და წარმტაცია, რაც კი რამ არი.
ჰრქუა მეფემან: ეს ყოველი მოძღვნილ არს შენდა,
ვით გწადდეს, ისე მოიხმარე, ნება გაქვს ხელთა!
თორმეტი ატას მებრძოლს ითვლის ლაშქარი მეფის,
ძალგულოვნებით, ყველა იგი, მსგავსია ვეფხვის.
დიდია ჯარი, ამდენივეც მზადყოფნაშია,
ბევრი მოვიდა ბელუჯიდან*, ბევრიც გზაშია.
გილიანიდან*, სორუჯიდან*, უწყვეტად დიან,
გაელაღება თვალი ფარსის* ლომგულებს ფრთიანს.
ყველა, ვით ერთ, ემზადება დიდი ბრძოლისთვის,
გამოცდა არის ბრძოლა იგი მათთვის, მორიგი.
ასაკით თითქმის სიაუშის ტოლია ყველა,
შემართება აქვთ ჩაუქისა, მამაცთა
მზერა.
ხუთ ბრძენ მოაბადს ქავეს* დროშა აღუმართია.
და დროშას ისე მოუძღვიან, ვითა განთიადს.
აგერა ზანგე, შავორანის მამაცი ვაჟი,
აჰა, ბაჰრამიც, – უჟღრიალებს ფოლდი ხმაში.
ქეი – ქაუსის ბრძანებაა და... ჯარი დაიძრა,
ველზე გავიდნენ... გამეტებით დაჰკრეს დაირას.
ელვარებს ხმლები, თორ-აბჯარნი, ლივლივებს ფარი,
გოჯი არ დარჩა – ცხენის ნალის არ აჩნდეს კვალი.
ვარსკვლავთა შორის რომ მიცურავს ამაყი მტვარე,
ქავიანთ დროშაც, ჯარის თავზე, ასე გჭრით თვალებს.
შედგა ლაშქარი, შეისვენეს წამით მხედრებმა,
5
ოდეს მთლიანად გაბატონდა ღამის წყვდიადი,
შფოთით, ზახილით წამოიჭრა აფრასიაბი.
ვითა სიშლეგეს მიხვდომილი ისე ჰკიოდა,
ცხროიანივით ცახცახებდა, ოფლი სდიოდა...
მეფის ზახილზე წამოიჭრნენ მისნი მსახურნი,
იფიქრეს რაღაც მომხდარაო ჯერ არნახული.
ზახილი იგი გერსივეზის სმენასაც მისწვდა,
თვალის უსწრაფეს ისიც მეფის საძილეს მიჰხვდა.
ხედავს, რას ხედავს–ქვეყნის მეფე მიწაზე გდია,
ბუდეში თვალნი აჰყოლიან უაზრო ტრიალს.
დია იწუხნა, მიეახლა, ხელნი მოჰხვია,
ჰკითხა: შენს თავზე, ძმაო ჩემო, ეს რა შფოთია?
ჰპასუხობს იგი მბრძანებელი;ნურცა რას მკითხავ,
რაშიაც თავად ვერ ვერკვევი, რა უნდა გითხრა.
ჭკუა-გონებას ვიდრე მთელად არ მოვეგები,
ნუ მიმატოვებ,–ახლა დიდად მეიმედები.
ხანი გამოხდა, გამოფხიზლდა, განქარდა შიში,-
სასმენელთ ჩასწვდა ახლოს მდგომთა ვაი და ვიში.
ჰკადრებს მეორედ გერსივეზი; მეფევ დიადო,
რა დაგემართა, აგრერიგად რაზე წყვდიადობ?
ერთხანს იყუჩა მბრძანებელმა, მერმე კი დასცდა –
რაც მე ვიხილე, დაე, სხვამ არ იხილოს კაცმან.
წუხელის სიზმრად რაც ვიხილე, იმნაირს ვერვინ
ვერ მოიგონებს, რა გინდა რომ იგონოს ბევრი.
უდაბნოს ადგილს ორმო ვნახე, სავსე გველებით,
წიოდნენ ვითა ხორციელით განახელები.
გარს ერტყათ მიწა – დაშაშრული, მშრალი და ბზარი,
კლდეები ერტყათ ალესილი, მკაცრი და სალი,
ჩემნი მხედარნი, ვადარებდი რომელთაც ფრთოსანთ,
იქ დავინახე... ეპყრათ ჩემი სამეფო დროშა.
ქარმა ივეშა, ამოცოფდა... არც რას აცია,-
სამეფო იგი დროშა ჩემი ფერფლად აქცია.
იჩქითად ყველა კარავიდან სისხლი დაიძრა,
სისხლის მდინარემ იფეთქა და ველზე გაიჭრა.
უხმოდ, უსულოდ, ეცემოდნენ ჩემი მხედრები, –
წუთისოფლისგან ქვეყნად ყოფნას დანაყვედრები.
ვხედავ: მოდიან ირანელნი ქარულ სიშლეგით,
შეხედავ – იტყვი; ვერა ძალა ვეღარ მიშველის.
რაღა სვლა მათი, რაღა ქროლვა დაჭიმულ ისრის,
შეხედავ -იტყვი; ვეღარც არსთა გამრიგე მიხსნის.
ჯავშან-აბჯრებით შემოსილებს გული აქვთ ლომის,-
პყრობილ არიან ჩემი უცბად შეპყრობის ნდომით.
მწუხრის ფერებით შემოსილნი მომცვივდნენ მწუხრებ,
ოდეს ტახტიდან გსდმომაგდეს, -სიავეს უხმეს;
ისე შემბოჭეს, ისე შემკრეს თხემით-ტერფიან,
ყოფნას იმდაგვარს, მთლად არყოფნა დიდად მერჩია.
მიმოვიხედე... მოკეთე ვერ დავლანდე ერთიც,
ტკივილით დამეძეძგა უეცრად მკერდი.
ამიღო ერთმაფალსვსნმაარცა თუ ფრთხილად,
ქეი-ქაუსის ფეხქვეშ მომცა ადგილი მტირალს.
მთვარის ნათელი მოჰფინა ქაუსის გვირგვინს,
ვაჟი ჰყვა გვერდით, – მთვარის დარად ბრწყინავდა იგი.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1593 |
დაამატა: nikolozqartveli
| ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, leqsebi, ლეკსები, ლეკსი, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|