7:26 PM ირაკლი დეისაძე - ლოთი / irakli deisadze - loti
|
იყო დრო და შენს აკვანთან ვიდექ, როგორც არაფერი,
ახლა სიზმრად მოდიხარ და ხარ რა ჩემზე განსწავლული
მეუბნები:,,ნუღარ ლოთობ, გამოფხიზლდი, ჩქარა ქენი,
თორე სხვებმა მიითვისეს ჩვენი ჟამი ვარსკვლავური."
მე კი ისევ ვიბოთლები, დავღვინაობ ქუჩა–ქუჩა,
ხან ნიადაგს ვევაზები, ხანაც ღრუბლებს მიველიე.
გუშინ ვიღაც შევაწუხე ეტყობა და მიმალურჯა.
ნუ დამტოვებ ჩემო ტკბილო, მომეხვიე, მიფერიე.
თორე ვღუპავ ჩემს არსებას, დასაღუპი არის ვიცი,
მერე შენ ვინ გიპატრონებს, შემორჩები საფლავს ობლად.
ამას წინათ დედაშენის საფლავთანაც დავდე ფიცი...
ეხ, რა მამა მე ვარ შვილო? დავსახელობ უღირს მშობლად.
ცრემლი მახრჩობს, ბოღმა მჭამს და ვიშხამები, როგორც გველი,
ვიფიტები, სნეულება შინაგანში გაჯდა უფრო,
მტვერი მიწის, სანაგვეთი, ღმერთისგან ვარ დასაგველი!
მე, რომ მკითხონ, დედამიწა, ლხინად მინდა გავასუფრო,
მინდა ყველა ერთად დავსხა, შევარიგო ყველა სული.
რად დამტოვე სიზმარეთშიც? მარტოობას ფიქრი მიყავს.
ალბათ მამა აღარ გინდა უღირსი და ზნედასული.
ვეღარ ვიტან ამ სამყაროს და სამყაროც ვეღარ მიტანს.
რა ვქნა მამა? ყოველ ღამე წყვდიადდება ჩვენი სახლი,
ვტირი მამა და ტირილიც ჩვევად მექცა, დრომ მიმჩვარა,
მქონდეს ძალა, უთქვენობის გამო წარსულს შევრისხავდი,
დამპალ წარსულს, მარტოობით დაღვენთება, რომ მიჩქარა.
კიდევ კარგი დედასთან ხარ, ეგ ტკივილი მაინც მორჩა.
ერთსაც დავლევ თქვენი სულის საოხად და წავალ ისე,
იმ დღის მერე, რაც დაგკარგეთ, ბაგე აღარ გაინორჩა,
ალბათ ბრიყვი ნაბიჯებით ზეციერი განვარისხე...
იყო დრო... და აღარ არის, ახლა ლოთი ვირევ აზრებს,
რომ ნუგეში სიტყვად შევთხზა, გზად გაფანტულ ანბანიდან,
მალე მოვალ, მოვუყვები ჩემს გასაჭირს სულთა რაზმებს,
იქნებ ცოტა ღმერთსაც უთხრან ამ დაწყევლილ ამბავიდან.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1119 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: ირაკლი, shemoqmedeba, poezia, ირაკლი დეისაძის პოეზია, ირაკლი დეისაძის შემოქმედება, irakli deisadze, irakli deisadzis leqsebi, ირაკლი დეისაძის ლექსები
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|