შენ აკვირდები მანიპულირებული მარიონეტების პოზიციებს, ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტების ქცევებს, ჩვევებს, მათთვის დამახასიათებელს, ნერვულ აშლილობებს, აფექტებს, რათა მისცე არათანმიმდევრული ასპექტი შენი ნაწერების პერსონაჟთა ნაწილს, რომელთაგან ზოგი ცეცხლზე დავწვით, ზოგს ყური მოვაჭერით, (აქ, ერთი წამით წარმოიდგინე, რომ ტანი უკვე გადახტა და სული კივის მოაჯირთან) ზოგი გილიოტინაზე ავიყვანეთ და თავი მოვკვეთეთ, (არაუშავს თუ გამჭვირვალეა (და არა გამჭოლი) სიკვდილმისჯილის ბოლო გამოხედვა, ჩვენთვის მაინც სულერთია - ჩაგვაცივდი, მოგვაშტერდი) ზოგი დედის მუცელშივე მოვაშთეთ, ზოგი ბაჭიასავით ხტუნვის დროს დავხვრიტეთ, აუტანელია ამ ჩაკეტილ წრეში დარჩე, გარეთ არ გახვიდე და მთელი ხმით არ აღრიალდე, არ აყვირდე, რომ გათენებამდე შორია, რომ ჯერ ძალიან ადრეა... ზოგი ცხენის კუდზე გამოვაბით და ვათრიეთ, ზოგი სახრჩობელაზე დავკიდეთ, (ძალიან შორს შეტოპე თუ დააკვირდი) ზოგი ცოცხლად დავმარხეთ, (საბოლოოდ იქამდე მიხვალ - თავს გავამხელთ, ყველა დაინახავს, რომ მოთმინება გვღალატობს - იუდა) ზოგს წვივები დავაჭერით და ძაღლებს მივუგდეთ, მხეცები მივუსიეთ...
მათი ერთადერთი დანაშაულია მათივე ბედისწერა - საუკუნიდან საუკუნეში გადაიტანონ ქრისტეს იმპულსი.
ეს - მათ ჰგონიათ ასე, რომ იციან...
დგანან და იცდიან.
შენი ადგილი აქ არ არის, ამიტომ ვერ ისვენებ, ამიტომ გაკანკალებს, ბოლო ჟამია და ბუნებრივია, რომ გაციებს, ცხოვრებას სულაც არ სჭირდება ზედმეტი დრამატიზაცია, საითაც გინდა გაიხედე - ბნელდება, სიმართლის თქმა ყოველთვის რევოლუციური ქმედებაა. დღეს შემოქმედებითი განვითარების იდეას ვეღარ იტევს დადგენილი სტრუქტურა, უკვე აღმოჩენილი ექვსივე მატერიკი, სისულელეა ეს სენტიმენტალური ბჟუტური, გულის განმგმირავი პათეტიკა, მკაცრად დაცული ტერიტორიები, აკრძალული ზონები, გარესამყაროსგან იზოლირებული ადამიანი ვერ გააკეთებს პიროვნული ნებელობის აღმოჩენას, თავის დამშვიდებაც ტყუილი იქნება, რომ უფალს დაავიწყდი, უბრალოდ გამორჩი. დღეს რეალური არჩევანი ორია: ან - მიწასთან გაასწორო ცნობიერებაში აგებული საცდელი ლაბორატორია, მორჩე ვირთხობას, (თვალი გაცდუნებს - გამოითხარო, ხელი გაცდუნებს - მოიჭრა) მიხვიდე უფალთან და შენდობა ითხოვო... ან - მორჩილად შეასრულო გენმოდიფიცირებული არსებების გამომყვანი ტირანების მორალურ-ზნეობრივი იმპერატივები, ანუ გააგრძელო - ყველაფრის მოთმენა, ყველაფრის ატანა, ყველაფრის პატიება - მათთვის, რომ არ ჩავარდეს ექსპერიმენტი - სპეციალური დანიშნულების ეშელონთან კიდევ ერთი რგოლის მიერთება.
დღეს პოეზია არ არის მხოლოდ მარტივი ფილოსოფია, როცა აუტოფობიის მკვეთრად გამოხატული ნიშნები აქვს სამყაროს და ყველა მზად არის დაყაროს იარაღი, გაბანალურდნენ სიტყვები - ღირსება, სიამაყე, და თუ პირში არ მიაძახე ნაგავსაყრელზე დაყრილ ჯერ ისევ თბილ გვამებს, რომ კი არ ცოცხლობენ, მხოლოდ სუნთქავენ და ერთმანეთს ჭამენ, ჭამენ, ჭამენ, ჭა-მენ, ტყუილად დაელოდები გათენებას, ზეწრისფერ ცას, რადგან დრო მხოლოდ წამია, კაცს ერთხელ წასაოხუნჯებლად რომ ეყოფა და სანამ გაზიდებს, გული გერევა და გაწუხებს, გტანჯავს, გკლავს, სასაზე გეკრობა ეს შეგრძნება, გადაუდებელი აუცილებლობაა, ფორს-მაჟორი - (რათა ამოსაძირკვი ამოძირკვო, მოსაშორებელი მოაშორო) ეპოქის ხელყოფა.
დღეს პოეზია არ არის მხოლოდ მარტივი ფილოსოფია, მორფია, ნარკოტიკი, ზემოქმედებს, სიგიჟით ინფიცირებულია ყველა ნამდვილი შემოქმედი და შეიშალე, აიშვი, რადგან არ არსებობს თავისუფალი საზოგადოება, ინდივიდის, ერთი კაცის, კონკრეტულად - შენი თავისუფლების გარეშე.
ეს - მათ ჰგონიათ ასე, რომ იციან...
აბსოლუტურად უიმედოა მანიპულირებული მარიონეტების პოზიცია. შენ აკვირდები ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტების ქცევებს, ჩვევებს, მათთვის დამახასიათებელს, ნერვულ აშლილობებს, აფექტებს, და ერთხელაც მოხდება - დაარღვევ კანონზომიერებას, გამოხვალ კონტროლიდან, აფეთქდები - რომ ზღვარს მიღმა დატოვო ტვინში დაგროვილ ათასტონობით დოგმა, რომ გადააყირავო სულ მუდამ ერთი მიმართულებით მიმავალი დროგი, რომ ამხილო ყველა გამოგონილი ღმერთის მოჩვენებითი სიდიადე, რომ არამც და არამც იცოცხლო სხვის ჭკუაზე, რომ არამც და არამც მოკვდე შენს საკუთარ, ბუნებრივ, ფიზიოლოგიურ სიკვდილამდე.
ეს - მათ ჰგონიათ ასე, რომ იციან...
დგანან და იცდიან, ელოდონ, იცადონ. (ბოლო სადგური გარდაუვალი დაღუპვაა თუ კურსი არ შეიცვალა) შენ ცდილობ ჯერ უცნობ პორტამდე მიხვიდე, მოძრაობ სიგიჟის ლოგიკის მიხედვით, წერ, ცოცხლობ, ოცნებობ, ყვირიხარ, ხმაურობ და წინ, წინ, წინ, წინ,
წინ! სულელო მეზღვაურო -
გახსოვს, რომ ბოლოს მერფი იყო, მაკი, და მორჩა, დრო, შუალედში, როგორც წესი - პაუზას იღებს, და თუ ერთ შეშლილს, გამონაკლისს, ფეხებს ვერ მოჭამს, მერე ათასებს მიდგება და... ხმა ამოიღე, ხმა ამოიღე - ერთი კაცი იქეცი შვიდად, (თუ ქარი არ ქრის - ვერც ღრუბელი შეიცვლის ფორმას) გაერთიანდით, როცა ირგვლივ ყველაფერს შლიდა დრო, დაარღვიეთ მდუმარება - ქცეული ნორმად - გადაუხსენით იოგები გამობსკვნილ ყულფებს, გამხილდით, ჰიპოანემიურ ჰაერს რომ სუნთქავთ, მაგრამ ეგრეა - ვერ არწყულებს წყლის ერთი ყლუპი ამ ხახაგამშრალ ცხოვრებას და ვერც აქ იბუთქა მოუსვენრობამ ხასიათის, დრო თვალებს ლულავს, ადევს და უფრო დაედება ეპოქას ლექი...
ჩვენ, როგორც სულით ავადმყოფებს ჩვენს ლექსებს ვუვლით, პალატებს ვითვლით გოლგოთამდე, სხვამ თავის მექა გაიტანოს, ჩვენ არ ვწერთ ლექსებს, ორმოებს ვავსებთ, გაუქმებული შუქნიშნების კივილი გვესმის, რომ არ გავჩერდეთ, არ გავჩერდეთ, სანამ დრო ასე - დღენაკლულია, ბედისწერა ხელთათმანს გვესვრის, რომ იღადრავდეს აღარავინ მაჯებზე საფლავს, რომ თვალებიდან ეღვრებოდეთ მზეები ბავშვებს, რომ იმ ჩიტებმა, რომ დააფრთხეს, იპოვონ რაფა - ჩვენი ტერფების, ჩვენი მხრების, თხემის და ა.შ.
რადგანაც იცი, გესმის რადგან, რადგანაც ხედავ - არ გაუშვებენ პაციენტებს აქედან არსად, და თუ აქამდე დაუწერელ ნაწერებს ხევდი, ახლა პირიქით - დაწერე და ბლეფია, ფარსი - უსიტყვოდ ყველა თანადგომა, თაღლითო ჯეკი, ასეა, უნდა შეაღწიო როგორმე შიგნით, მერე იქნება მოისვენო, დამშვიდდე, ჯერ კი - იქ უნდა მოხვდე, ეპოქა რომ ოცნებებს შიგნავს. და სულ ერთია - რა გეგმები აქვს მედდა რეტჩედს, ხმას, მხოლოდ ხმასღა ელოდება გუგულის ბუდე, თუ ხალხი დამაწყნარებლებით გაჭყიპონ - ერჩი – ამ ცივსისხლიან, დაუნდობელ ქმედებებს - უნდა გადაიტანო კიდეც მათი ტკივილი მხრებში, ნერვიდან ნერვში, ერთი ბოლო ჩაიბა თოკის, თუ თავგანწირვა ნამდვილია, ნაღდია, ქეში, სიკვდილს თუ ხელით შეეხები - დაამსხვრევ ბორკილს...
და მერე - პეპი გრძელიწინდა, ჰეკ ფინი, ტომი, ლიონბერგელი ემილი და გავროში, გერდა, კაი, პატარა უფლისწული... მთავრდება ომი, ომი, რომელშიც მხოლოდ ერთი შეშლილი კვდება.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..