შეიძლება, ათასები გკითხულობდნენ, მაგრამ თვითონ, სულ რამდენიმე კაცს თუ წაუკითხავ საკუთარ ლექსებს.
ცხოვრება მხოლოდ იმისთვის ღირს - ჯვარს ეცვა, ტყუილია დანარჩენი.
ღამდება, ექვსივე მხრიდან ღამდება. ღამდება ჩრდილოეთიდან და ღამდება სამხრეთიდან, ღამდება დასავლეთიდან და ღამდება აღმოსავლეთიდან, ღამდება მიწიდან და ციდან ღამდება.
როგორ გითხრა, სად ვარ. ვინ ვარ - გეუბნები.
გული თუ გტკივა, გული ვარ, სული გხდება და სული.
არ არსებობს დასასრული და ჩვენ ბოლომდე უნდა ვიაროთ, მუხლები და იდაყვები რომ გადაგვიტყავდეს, ბოლომდე.
ფაფუკი ფეხისგულები აქვთ დღევანდელ პოეტებს.
ყველა საღამო დამავიწყდა, ერთის გარდა. საზიზღარ წვიმაში, ჩემს ოთახს შეფარებულებმა ცარიელი ნიორი რომ ვჭამეთ. უკვე გვიან კი, სახლში წასვლისას, პოლიეთილენის პარკი მივეცი საწვიმრის ნაცვლად. ორივემ ვიცოდით, რომ ვიღაცებს ესეც არ ჰქონდათ ქუჩაში ეყარნენ უპატრონოდ და თითებს იჭამდნენ.
სიმართლე ყოველთვის პათეტიკურია და ყოველთვის გამაღიზიანებელი.
ათასგან ვიყავი და ყველამ დამიტოვა თავისთან.
პოეზია ზოგჯერ მოკლემეტრაჟიანი ფილმია, საშინელი ფინალით. მავთულხლართის მოძრაობაა ჩემს ყელზე - აქეთ და იქით.
სუნთქვა არ მყოფნის და სათქმელს არ ვწყვეტ, ვიხრჩობი, ვიხრჩობი და ჩემი ხრიალი ძალიან ჰგავს ჯვარზე გაკრული ავაზაკის სიტყვებს.
...
მე მხოლოდ ის მჭირდება, რომ მის მკლავებში მოვკვდე, მე მხოლოდ ის მჭირდება, რომ თუნდაც ერთხელ მოვკვდე მის მკლავებში.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..