Загрузка...
მერაბ კოსტავა - ღირს მამა დავითს / merab kostava - ghirs mama davits - 16 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 7:28 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 16 » მერაბ კოსტავა - ღირს მამა დავითს / merab kostava - ghirs mama davits


7:23 PM
მერაბ კოსტავა - ღირს მამა დავითს / merab kostava - ghirs mama davits
ანტიოქიის უდაბნოში აღძრული ხმები,
ვინ შეუწყვილა კავკასიის ველურ ექოებს,
ღვარძლგამოცლილი თავთუხები ვინ შეჰკრა ძნებად
და სამსხვერპლოზე აუტანა ზოდიაქოებს.

დემონნი ბილწი ბომონების ვინ ასაპყარა,
მაგიურ სიტყვით ვინ გაძაგრა სიქველის მტერი,
გარეჯის ურწყულ ხრიოკებში ვინ ასაყდარა
უშქარი ლავრა უდაბნოსი და მონასტერი.

ვინ აგალობა საღვთო ჰანგი უცნაურ ხმაზე,
უკვდავ ვარსკვლავთა ელვარების განუქარვებლად,
მთაწმინდის თეთრი ბილიკების ამონაყარზე
ვინ დაიფერფლა და თბილისის იქცა მფარველად.

ჰოი, თბილისო, შენს დიდებად მთაწმინდა კმარა,
იმისი მადლით ხამს სატანა შენგან გავიდეს,
მთაწმინდის ზეცა თავადაა ლოცვა ანკარა,
ლოცვა წართქმული წმინდა ბაგით მამა-დავითის.

წმინდა ალაგო, შენს კვარცხლბეკზე ამაღლებულმა,
თავად ღმერთკაცმა ტანთ აგასხა რწმენის აბჯარი,
დაიგიზგიზა შენში ცეცხლმა მინავლებულმა,
ოდეს ზეგარდმო გადაგსახა მძლეველი ჯვარი.

მთაო პოხილო, იმ ზეკაცურ ნატერფალებით,
ნაოცნებარით თუ ცრემლებით ხარ დაღარული,
მზერაუქცეველ აღმართხედვით ნამწვერვალები
ჩუმი ფიქრების საკმეველით შემოჯარული.
მთაო მეტყველო, რაკი მისი ფიქრი გაცრიდა,
სწორედ ამადაც, სწორედ ამადაც... გეწოდა წმინდა.

იდუმალია იმ მაგიის საშინელება,
დაბრკოლებათა უტეხელის ნებით მძლეველი,
უმანკოების ღვთაებრივი გამოელვება
და მადლი ცისა, მოუეწყველი, დაულეველი,

გარდუვალია წამი იგი იდუმალების,
გულდაწრეტილი ოდეს ღმერთთან რჩები ეული,
მხოლოდ ერისთვის გახელილი გრჩება თვალები
და მოგაქვს მსხვერპლი, უანგარო, სისხლხორცეული.

ღრუბლების რუხი საბურველი დაადგა თბილისს,
და მცდელობანი ტაროსისა გახდა ამაო,
ოდეს თვალებში ცრემლის ნაცვლად ჩადგება თრთვილი,
ისევ და ისევ შენ მოგიხმობთ, წმინდა მამაო.

ო, რა ძნელია, რა მძიმეა ჟამი ლოდინის,
მო, მოგვეახლე, გვანუგეშე მცირეოდენი,
ფარვანასავით გიტაცებდა არსთა ზეობა,
კაცს ანგელოსურს და ბიბლიურ ღმერთის სახიანს,
ვითა პრომეთემ, გამოსტაცე ზეცას ზნეობა
და ჩვენს მიწაზე გადმონერგე ძლევის მაგიად.

ვნებების რაში რკინის სალტით დაასადავე,
და ნებელობა უქცეველი მეაბჯრედ იხმე,
გამჭოლავ მზერას აღაპყრობდი უძრავ ვარსკვლავეთს,
და საოცრებას დაეძებდი ვარსკვლავებს მიღმა.

შენ მეფე-მოგვის სათნოება იერად გადევს,
და აღთქმის ნიშნად გადმოგნათის თავზე ირისე,
შენივე ხორცი სისხლთან ერთად ბარძიმში ჩასდე
და უზიარე მწყურვალ შვილთა იბერიისა.

მოყვასისათვის განილიე გულგასენილი,
ოდეს სამწყსოსთვის თავი დასდე კეთილ მწყემსივით;

რომ სასოება არ გქონოდა ჯვარზე ვნებულის,
ბუბაქარების გოროზობას ვით გაუძლებდი,
შენ მამის წიაღს დაუბრუნე შენანებული,
შვილი ნაკლული, შვილი ურჩი, შვილი უძღები.

ვით ჰიბერნიას კოლუმბაში, უდრეკი ბერი,
შენ იბერიის წმინდა მიწას გამოესარჩლე,
ჰგავხარ შექსპირის „ქარიშხალის“ მხცოვან პროსპეროს,
ქარიშხლის პირმშოს და ბუნების ძალთა მესაჭეს.

ასიზელისკენ ძმობის ხიდი ღვთით გაგიდვია
და მთა ულუმპოს ბინადართაც გადაამეტე,
შენ თავად იყავ ფშაველ ვაჟას ბრძენი მინდია,
იდუმალთწვდომით მინდიაზე იყავ უმეტეს.

მამაო გულო ტრედისაო, გრძნობავ მარტივო,
ქვეგამხედვართა და მზაკვართა ფართე მთხრებელო,
ჩვილი ნუკრების ძუძუმტეო, სულო მარტივო,
წიაღთა სიბრძნის აიაზმად მასხურებელო.
გარესჯად იდექ, ღამეების თეთრად მთეველი,
ნათლისა სვეტი, წყვდიადისგან დაუძლეველი,
ანაზდეული ჩამოგესმა რეკვა ციდანა,
იესოს კვალზე როს ედემში ალვად იზარდე,
მხოლოდ წარსულში? მყოფადშიაც გცნობენ წმინდანად,
წმინდათ დაშთები უკუნითი უკუნისამდე!

მოვედ ჩვენს შორის კათაკმეველთ მადლის მყოფელო,
ლავრების თაღქვეშ აღვლენილო საგალობელო.

ღირსო მამაო, თუ წმინდანი არა ხარ მართლაც,
რტო ფებუსისა, პოეზიის ისრით ჭდეული,
რაღად ისწრაფვის მაღალ ნიჭის შენგან განათვლას,
შენს კვალს რად შესტრფის მელექსეთა დასი რჩეული?

და თუ მგოსნების განათვლაში არ ხარ პირველი,
პარნასის თხემზე აზიდული ტინის კედელად,
მაშ გულზე ნაოჭდაჭდეული მთა საკვირველი
რატომ აქციეს პოეტების საგოდებელად?..

სად მგოსანთაგან ვინ არ იგრძნოს მადლი ციური,
რაღაც ძვირფასი, იდუმალი და მისტიური,

თუ პოეზიის შენ არა ხარ წმინდა ემბაზი,
ლექსის კამარა მადლით თუ არ დააირისე,
მარქვი, ძვირფასო, შენს უბრალო გახსენებაზე
თანში რადა სცრის ყველა ქართველს, ყველა თბილისელს?

მთას შესევია ბილიკები კენტი და ლუწი,
ამ აღმაფრენის სპირალებით ვის არ უვლია,
ამ რძიან გზებით დავაბიჯებთ და არ კი ვუწყით,
რომ ეს ბილიკი შენის ტერფით გაკვალულია.

ფერს შეეპარა ტრედისფერი ცისკრის სინორჩე,
სიბერე დღისა დაისების გაფერმკრთალება,
მთაწმინის მკერდზე გაზაფხულის ნედლი სინორჩე,
და შემოდგომის პანაშვიდთა ფერიცვალება.

ოდითგან ფუნჯის დიდოსტატთაც მაჯა უკურთხე,
ფერთა ზეობის საფუძველი იცან რომელმან,
ამადაც ფრესკის ჭვირვალების ხარ სიმსუბუქე,
რათა ექსტაზში ნეტარება ჰპოვოს ყოველმან.
მამაო, გვარქვი, უშენობად ნეტავი ვინ სძლოს,
მამაო, ჩვენდა გადახსენი უცხო სამყარო,
მამაო, წყარო ცხოვრებისა ვისხუროთ ვინძლო,
მამაო, ვინძლო დამჭკნარ კვერთხზე ყლორტი ვახაროთ.

მამაო, ღირსო ქადაგების ცეცხლო და რვალო,
მამაო, მაღალ სასწაულთა ღირსო ქმედებავ,
მამაო, ზეცით მომზირალო უშრეტო თვალო,
მამაო, ქველთა ხელოვანთა შემოქმედებავ.

მამაო, შვილთა უპოვართა შესამოსელო,
ცხოვრების გზაზე შეჭირვებულთ მწეო მართალო,
მამაო, უბრად გამოუთქმელ არსის მმოსავო,
მამაო, სიწრფით ღვთის სასწორო და სამართალო.
ვერ დაგვიხსნიდა ავგაროზი, ვერცა თილისმა,
დუშმანისაგან ვერაფერი დაგვიფარავდა,
თუ გორგასალმა აღაშენა ფუძე თბილისის,
შენის კურთხევით ჰყავ უკვდავი აწ და მარადის!

შენ ამწყალობე მის სანახებს მკაცრი იერი,
და ქართულ მიწას ააცილე უსახურობა,
სულის საჭრეთლით ჩვენი ერი ჰყავ სახიერი,
როს საიდუმლო აღასრულე ღმერთმსახურება.
ღირსო მამაო, ხამს აღლესო სიტყვის მახვილი
და ახალ ნერგებს სხვა ახალი მისცე საზრდელი,
საუკუნეთა გოლიათურ გადაძახილში,
ხმას მოგაწვდენენ შენი შიო და ზედაზნელი.

ანტიოქიის უდაბნოში აღძრული ხმები,
თქვენ შეუწყვილეთ კავკასიის ველურ ექოებს,
ოქროცურვილი თავთუხები შეჰკონეთ ძნებად,
და სამსხვერპლოზე აუტენეთ ზოდიაქოებს.

დამაშვრალები მოადექით თბილისის კარებს,
ქალწულებივით მოგეგებნენ ზვრებში ბწკარები,
ცრემლი სდიოდათ კაბადონის უხილავ ბზარებს,
და სამრეკლოთა თავისთავად სჭექდნენ ზარები.

სასულიეროს არ ელტვოდით მაღალ წოდებას,
არ დაეძებდით არც დიდებას, არცა სახელოს,
სხვა მისწრაფება, სხვა მიზანი მოგიწოდებდათ,
დაუსაბამო, უწვდომელი და უსახელო...

სიმდაბლე თავად დიდების გზით მიემართება,
შემწყნარებელი მყის მოიმკის პირუთვნელ მსაჯულს,
თავისმოდრეკით დამდაბლების ეს შემართება
არ იავარჰყოფს, არ დალაშქრავს ან რომელ ქაჯეთს.

როგორც ყინვართა ჯიქანიდან ჩვილი ბინული,
აღძარით ტალღა სინანულის ქართლისა წიაღ,
უშრეტი ცეცხლი მოაზღვავეთ ქერუბიმული,
ცეცხლი, რომლითაც მოაპობდით უსიერ წყვდიადს.

ცეცხლი წვავს მიწის ყველანაირ წარმავალობას,
მაგრამ ვინ ჰპოვოს ქვეყნად ცეცხლი ბიწთან ნაზავი,
იგი წმინდაა და მის წმინდა შეუვალობით
არ დაიდების, არ ეგების ბოროტთან ზავი.

თქვენ მცხუნვარება გვაგრძნობინეთ უდაბნოს ლომის,
და ძლევის ცაზე შთაბრიალდით, როგორც არწივი,
დაუცხრომელი სპარაზენნი სულიერ ომის,
ჩვენი სინდისის და მეობის აკვანს არწევდით.

არ დაიშრიტოს ცეცხლი თქვენგან ანატაცები,
ცეცხლი მგზნებარე, ჩვენს ძარღვებში სისხლად ნადენი,
რადგან ზნეობის რაინდები და ღმერთკაცები,
ჩვენი კაცობის ბასტიონად აღემართებით.
არ იმცრობიან სასწაულნი საარაკონი,
ჟამთა დინებას მხოლოდ ტვირთი სუბუქი მიაქვს,
საქმეთა თქვენთა ასაპყარეს ბილწი დრაკონი
და ბოროტება უმსახურეს სიკეთის წიაღს.

მოხველით დასი ათცამეტთა მწირთა ასურთა,
როს შორეული მყინვარწვერის ელავდა ქიმი,
უკვდავებასთან დადებული აღთქმა აღსრულდა
და თბილისს ცაზე აღებეჭდა ღვთისმშობლის ღიმი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1258 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, შემოქმედება, პოეზია, ლექსები, merab kostava, leqsebi, merab kostavas shemoqmedeba, ხელოვნება, მერაბ კოსტავა, Literatura | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0