9:42 AM
ზურაბ გორგილაძე - ჩაუმქრალი სანთლები - ჰოიდა ნანა / აჭარელი ვიყავ განა! / zurab gorgiladze - chaumqrali santlebi - hoida nana / achareli vik
ჰოიდა ნანა, ოჰი ნანა, ხულო შუახევ ქედიდანა, დედო დვრინით დამემღერა, დიდიგოროზი მთები თანა, მთები! - ვისთვის თვალსეირი, ვისთვის ჯავრი შიგნიდანა, თეთრ პერანგებს ხრამში ყრიდნენ, ლურჯს იცვამდნენ თანდათანა, კლდის კატარში მზე ყვაოდა, კლდის ბორჯღალზე ბენჩქვი ყანა, გვანცას ლოცვებს ვაზის სული, გორით-გორზე გადეყვანა, ვარჯანისთან, ნაჯვარისთან, დაჯვარული ქვები წვანან, მთებში ჩუმად დაქვითინებს, ჩემი დიდი ნენეს ნანა, დერდებს გულში ვიბექსნიდი, აჭარელი ვიყავ განა! ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა, ხარიტყავის გუდა თანა, შიგ ჭიკჭიკით მოჭუჭკული, ამ სირთების სევდა თანა, მიმღერია ღვინიანზე, მიტირია კიდეც განა, როცა ჩემი ზღველთი ზვარე ზვავის ნაძოვს დაემგვანა, როს სხალთაში სხალთიხატებს, უსაპნავდნენ ყელში კანაფს, ჯავარქედზე ჯამეს დგამდნენ, ვარდიქედზე ეკლის კარავს, ეივახ! ამის შემხედვარე, ნამსხვანიდან გაველ განა, მთებს ტყეები ბანალივით აბურძგლოდა უბიდანა, ღელე-ღურდან დავეძებდი, კანკალებდა ხელში დანა, გამჩენელო, სხვა რა მექნა, აჭარელი ვიყავ განა! ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა, ქოჩახელას ქარჩხი განა, უსულ-უსულ, ლოცვა-ლოცვით ქარმა ნისლებს გაატანა. ფიჩხიფუტთან გამჭვარტლული ერთს ვცეკვობდი განდაგანა, თვარა ისე დუშმნის თვალებს მიბჯგენილი ვიყავ მარად, მიბჯგენილი ვით ამ მთებზე ლოდიძირის ძვლების ძალა, მიბჯგენილი ვით ჯარგვალზე დირეები კოჭბორჯგალა, მიბჯგენილი ვით ჭალიქვით გაჯანდრული დედეს ნანა, ჟამმა ბევრი მაბოჯირა, მომბეჟა და მავალალა, მომთიკრა და მამუმნათა, დამინდო და დამავალა. სისხლში სისხლი! მხოლოდ სისხლი! "აჭარელი ვიყავ განა". ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა, თეთრათები ვთიბე განა, ხამიყელზე ხაოღერი, ბალახები შემრჩა თანა, მთაპერანგა გადავმუხლე, გზაბაწარამ დამახანა, ხინოს თავში თაფლი ვხილე, ჩოლოქის პირს ვმარგლე ყანა, ჩოლოქს გაღმა გოგო იდგა, გულგუნდა და თვალმარყვალა, ღმერთმა რაფერ გადმომხედა, ღმერთმა რაფერ გამახარა, - გოვ! კისერში ჩეგეფუნჩხე, - ჩემებურა ვკადრე მარა, გოგო რაცხამ დააფეთა, გოგო ვინცხამ გადამალა, თოხი ტარზე დაყუდებულს ცამ სიცილი დამაყარა, შიგნი-შიგნი ჩევიფუფქე, აჭარელი ვიყავ განა! ჰოიდა ნანა, ნანოვ ნანა, ვერ წამიხვალ განდაგანა, ეგ ლიზღობა ეგ ლირწობა კმარა-მეთქი, უკვე კმარა! ჩემი სისხლი სიყვარულით, ო, რა ხანი არ დამთვრალა, მეყო! მტევნის წებო წვენში ჩემი სულის ორთქლი დგანა, ყელზე შემომეფართქალა, ვაზის ლერწი ლოფორთქანა, სიზმარ-სიზმარ მიბრუნდება, შატბერდი და შორი ბანა, იქ სანთლები ჩემი სისხო, ჯერეთ კიდევ არ ჩამქრალან, მეყო ჟამმა ჟანგნაფლეთმა, რაც დამფლა და რაც დამგმანა! ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა, წარბგახსნილი დავალ განა, საქართველოვ ჩემო დედავ, ჩემი სუნთქვა გენაცვალა, ჩემი ყველა მქუხარება, მწუხარებაც გენაცვალა, შენი სიტყვის სიცოცხლისთვის ხიხაძირში კიდევ ვდგავარ, შენი ჭერის სიმაღლისთვის, მარადიდში ვხლიჩავ ყავარს, შენი რჯულის საჯილდაოდ, სხალთას ვრეკავ ზარებს მთავარს, ერთ ძირ ვენახს სულ გირგავდი, კვლავ დაგირგავ დღეს და ხვალაც! იდიდგულე რომ ამფერი აჭარელი გყავდა განა!!!
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 6709 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: ჩაუმქრალი სანთლები , hoida nana , chaumqrali santlebi , zurab gorgiladze , leqsebi , achareli vikav gana , ჰოიდა ნანა , აჭარელი ვიყავ განა! , ზურაბ გორგილაძე
| რეიტინგი: 5.0 /1
სულ კომენტარები: 3
Comments display order:
By default
New comments first
Old comments first
3
educhi xalvashi
(2015-12-19 6:39 PM)
magari leqsia 4 kupleti vici ukve
2
educhi xalvashi
(2015-12-19 6:38 PM)
dzaaan magari leqsia tandatan vswavlob ukve 4 kupleti vici
1
anastasia chanturia
(2015-08-26 0:06 AM)
am leqsit yvelaferia natqvami, saertod miyvars me misi poezia
da es ki poetis , zurab gorgiladzis chemi sauketeso leqsia!
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0