ლელა ცუცქირიძე - სიტყვა / lela cucqiridze - sitkva
წყლის კი არა, სიტყვის ნაყვაა ყველაფერი... ჯიუტად ნაყავ: ”ყველაფერი იქნება კარგად ”, მაშინ, როცა ღამის შორ ცაზე, თვითვმფრინავიც კი ისე ციმციმებს, თითქოს სული კრთის: ინთება, ქრება, ინთება, ქრება, ინთება, ქრება, გშორდება... ქრება...
მაშინ, როცა ბოლოზე ბოლო ამოსუნთქვა ბაბუაწვერის სუსტ ბუსუსებად კი არ იშლება, ცხვირიდან ლავის წასკდომას ჰგავს, ქარიშხალს, ცუნამს, მიწის ტორტმანს, ყველა ციხის კედლების ნგრევას, აცხადებულ, შემზარავ სიზმრებს, ყველა ხანძარს და აფეთქებას... მკვლელ ნამსხვრევებად იფანტება და სხეულის ყოველ მილიმეტრს უმოწყალოდ გიფლეთს და კაწრავს.
შენ კი, ჯიუტად ნაყავ სიტყვებს: ”ნუ გეშინია, ყველაფერი იქნება კარგად” და იმ ქარის გშურს, ცას მომწყდარი ფრინველივით რომ ეხლება სარკმელს და ისტერიულად კი არ ჩურჩულებს, არამედ ღმუის, უსიტყვოდ ღმუის!
”ნუ გეშინია, ყველაფერი იქნება კარგად” – სიტყვის ნაყვაა! მაშინ, როცა ცაგადმოსულ, დაწმენდილ თვალებს ჯვარედინად აჭედებ თითებს, თითქოს სახლს ტოვებ, სახლს, რომელიც მყარად იდგა და კიბეზე მობაკუნე ნუკრის ნუკრისთვის ყველა ფერით ხმაურობდა ჭრიალის ნაცვლად.
რა ძალა აქვს ახლა შენს სიტყვებს... ძახველიც გჯობნის! მთვარისაგან ჩამოშრეტილ ღამეებში, დაკარგულ მგზავრს მჭვირვალ ნაყოფს ჭრაქივით უნთებს, გზას უნათებს და უიოლებს უხმოდ, უსიტყვოდ.
...და მაინც, ისევ იმეორებ: ”ნუ გეშინია, ყველაფერი იქნება კარგად”, გგონია, სიტყვა ხავსის პატარა ნაგლეჯია: მოჭიდება რომ მოასწრო, თუნდაც წამებით, შვებაა ალბათ...
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..