მთავარი » 2014 » აგვისტო » 4 » აკაკი წერეთელი - განთიადი / akaki tsereteli - gantiadi
11:23 PM აკაკი წერეთელი - განთიადი / akaki tsereteli - gantiadi
მთაწმინდა ჩაფიქრებულა, შეჰყურებს ცისკრის ვარსკვლავსა; მნათობი სხივებს მაღლით ჰფენს თავდადებულის საფლავსა. დადუმებულა მთაწმინდა, ისმენს დუდუნსა მტკვრისასა: მდინარე ნანას უმღერის რაინდსა, ურჩსა მტრისასა… მთაწმინდა გულში იხუტებს საშვილიშვილო სამარეს, მამადავითსა ავედრებს, აბარებს ქვეყნის მოყვარეს… მგოსანი გრძნობამორევით თვალს ავლებს არემარესა. და გულის-პასუხს ნარნარად უმღერის ტურფა მხარესა: "ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო, ჩემო სამშობლო მხარეო, სნეული დავბრუნებულვარ, მკურნალად შემეყარეო!… "ვერ ავიტანე ობლობა, სისხლის ცრემლები ვღვარეო; წამძლია სულმა და გულმა, შენს ნახვას დავეჩქარეო. "წინ მომეგებენ ღიმილით შენი მზე, შენი მთვარეო, გუნდი და გუნდი ვარსკვლავი, მოკაშკაშ-მოელვარეო. "გულში იფეთქა სიამემ, სევდები უკუვყარეო, - ია და ვარდი დამჭკნარი ხელახლად გამიხარეო!… "ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო, სულის ჩამდგმელო მხარეო, შენი ვარ, შენთვის მოვკვდები, შენზედვე მგლოვიარეო!… "ნურც მკვდარს გამწირავ, ნურც ცოცხალს, ზე კალთა დამაფარეო… და, რომ მოვკვდები, გახსოვდეს, ანდერძი დავიბარეო: "დედა-შვილობამ, ბევრს არ გთხოვ: შენს მიწას მიმაბარეო!… ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო, ჩემო სამშობლო მხარეო!”
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1645 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|