Загрузка...
გალაკტიონ ტაბიძე - მთაწმინდის მთვარე / galaktion tabidze - mtatsmindis mtvare - 5 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:32 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 5 » გალაკტიონ ტაბიძე - მთაწმინდის მთვარე / galaktion tabidze - mtatsmindis mtvare


4:57 AM
გალაკტიონ ტაბიძე - მთაწმინდის მთვარე / galaktion tabidze - mtatsmindis mtvare


ჯერ არასდროს არ შობილა
მთვარე ასე წყნარი!
მდუმარებით შემოსილი
შეღამების ქნარი

ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს
და ხეებში აქსოვს...
ასე ჩუმი, ასე ნაზი
ჯერ ცა მე არ მახსოვს!

მთვარე თითქოს ზამბახია
შუქთა მკრთალი მძივით,
და, მის შუქში გახვეული
მსუბუქ სიზმარივით,

მოჩანს მტკვარი და მეტეხი
თეთრად მოელვარე...
ოჰ! არასდროს არ შობილა
ასე ნაზი მთვარე!

აქ ჩემს ახლო აკაკის ლანდს
სძინავს მეფურ ძილით,
აქ მწუხარე სასაფლაოს,
ვარდით და გვირილით,

ეფინება ვარსკვლავების
კრთომა მხიარული,
ბარათაშვილს აქ უყვარდა
ობლად სიარული...

და მეც მოვკვდე სიმღერებში
ტბის სევდიან გედად,
ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ
სულში როგორ ჩაიხედა,

თუ სიზმარმა ვით შეისხა
ციდან ცამდე ფრთები,
და გაშალა ოცნებათა
ლურჯი იალქნები;

თუ სიკვდილის სიახლოვე
როგორ ასხვაფერებს
მომაკვდავი გედის ჰანგთა
ვარდებს და ჩანჩქერებს

თუ როგორ ვგრძნობ, რომ სულისთვის,
ამ ზღვამ რომ აღზარდა,
სიკვდილის გზა არ-რა არის,
ვარდისფერ გზის გარდა;

რომ ამ გზაზე ზღაპარია
მგოსანთ სითამამე,
რომ არასდროს არ ყოფილა
ასე ჩუმი ღამე,

რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო
სიკვდილს ვეგებები,
რომ მეფე ვარ და მგოსანი
და სიმღერით ვკვდები,

რომ წაჰყვება საუკუნეს
თქვენთან ჩემი ქნარი...
ჯერ არასდროს არ შობილა
მთვარე ასე წყნარი!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1635 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0