მთავარი » 2014»აგვისტო»5 » ვაჟა ფშაველა - ჩემი ვედრება / vaja fshavela - chemi vedreba
10:36 PM
ვაჟა ფშაველა - ჩემი ვედრება / vaja fshavela - chemi vedreba
ღმერთო მიიღე ვედრება, ეს ჩემი სათხოვარია: არ დამეკარგოს გულიდამ მე შენი სახსოვარია! გულს ნუ გამიტეხ ტანჯვაში, მამყოფე შეუდრკელადა; ვფხიზლობდე, მუდამ მზად ვიყო დაჩაგურლების მცველადა, ბალახი ვიყო სათიბი, არა მწადიან ცელობა; ცხვრადვე მამყოფე ისევა, ოღონდ ამშორდეს მგელობა; არ წამიხდინო, მეუფევ, ეს ჩემი წმინდა ხელობა! მაშრომე საკეთილოდა, თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი, შვილთ საგმოდ არ გამიხადო ჩემი მუდმივი სამყოფი. გულს ნუ გამიქრობ ლამპარსა, მნათობს ტრფობისა შეშითა, ნუ მავლევ ქვეყანაზედა გაცივებულის ლეშითა, თვალებში მადლდაკარგულსა, შუბლზე გაკრულის მეშითა. ნუ დაუკარგავ ჩემს სატრფოს მადლს, გულზე ცეცხლის მდებელსა, ნუ დაუძვირებ ოცნებას, შენს ხმას, სხივგამომღებელსა, - სიცოცხლედ უღირს ბეჩავსა, ეძახის თავის მხლებელსა. გულს დარდი გამიდიადე იმ სანეტარო საგანზე, დაწერე ფიქრი, ღრმა, მწვავე ჩემის გონების საბანზე!.. გონებას ფიქრი სტანჯავდეს, გულს ცეცხლი სწვავდეს ძლიერი, მშიოდ-მწყუროდეს კეთილი, ვერ გავძღე, მოვკვდე მშიერი... ნუ დამასვენებ ნურასდროს, მამყოფე შეძრწუნებული, მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ, როცა ვარ შეწუხებული. როცა გულს ცეცხლი მედება, გონება მსჯელობს საღადა, მაშინ ვარ თავისუფალი, თავს მაშინა ვგრძნობ ლაღადა. მფარავდეს შენი მარჯვენა, კალთა სამოსლის შენისა, სანამ არ მოვა დრო-ჟამი სულ ბოლოს ამოქშენისა. სული - შენ, ლეში - მიწასა, აღარა ვგლოვობ ამასა; თევზი - წყალს, ცასა - ვარკვლავი, შვილი - დედას და მამასა.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..