მთავარი » 2014»აგვისტო»5 » ლადო ასათიანი - ჩემი სამშობლო / lado asatiani - chemi samshoblo
10:49 PM
ლადო ასათიანი - ჩემი სამშობლო / lado asatiani - chemi samshoblo
ტკბილია, როგორც დედის რძით ბალღი ტუჩშეუშრობელი, ტკბილია, როგორც ცის ნამი, როგორც ალერსი მშობელის, ტკბილია, როგორც ველებზე ჯეჯილის მწვანე ფაფარი, ტკბილია, როგორც ძილისპირს ძველი ქართული ზღაპარი.
ბარში ბულბულთა ჯარია, მთაში ირემი ყვირისა, ტკბილია როგორც სურნელი ახლადმოხდილი ღვინისა, ტკბილია, როგორც სურნელი ახლადგამომცხვარ პურისა, ტკბილია, როგორც ნუგეში ბედისგან დაღუპულისა.
ტკბილია, როგორც ბეღელი, ამოვსებული თავამდი, ტკბილია, როგორც სიმღერა და შეძახილი თამადის: _ ჩემი სამშობლო, ზურმუხტის და მარგალიტის სადარი, ამრიგად აყვავებული, მხარე მეორე სად არის?
ჩემი სამშობლო ქვეჩანა რა ლამაზია, რა კარგი, ცა-ფირუზ ხმელეთ-ზურმუხტი, ნაირფერებით ნაქარგი! ტკბილია, როგორც რუსთველი, ტკბილია, როგორც აკაკი,
ხალხი, შრომაში გართული, ამღერებული ფანდური, იადონების გალობა და იავნანა ქართული.
როგორც კრიალა მთის წყარო, ცადმიჭედილი ნაძვები და იის წყლით ფერილი ლაჟვარდის ლიბრი ღაწვები, ტკბილია, როგორც ხალხისთვის თავდადებული ლომგული, ტკბილია, როგორც ურმული, ტკბილია, როგორც ჩონგური.
საამო არის, ვით რთველი, მწიფე მტევნების ნაჟური, დილისკენ ხოხბის ყივილი, სიმღერა გარიჟრაჟული, იალაღებზე ღრუბლებად მიმოფანტული ნახირი და გაზაფხულის პირზედა ტყიდან გუგულის ძახილი.
ტკბილია, როგორც წისქვილში მთვარიან ღამის გათევა, ტკბილია, როგორც აპრილში ტყემლების შემონათება. ტკბილია, როგორც მტევანი, ვაზზე ასხმული შავადა, და სიყვარული უებრო, მოსული თავისთავადა,
ხალხია ენამზიანი, გმირი და არა მკვეხარა, _ დიდია ჩემი სამშობლო, ტკბილია ჩემი ქვეყანა. ჩემი სამშობლო, ზურმუხტის და მარგალიტის სადარი, ამრიგად აყვავებული მხარე მეორე სად არი?
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..